D’Angelo-ს ოჯახმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მომღერლის სიმღერა ვიდეოთამაშ Grand Theft Auto VI-ში იქნება წარმოდგენილი.
19 ნოემბერს, GTA 6-ის გამოსვლის შემდეგ, როდესაც მომხმარებლებმა თამაშის ვირტუალური სამყარო გაიცნეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოს მაიკლ არჩერის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია ვაის-სიტის ახალ ვერსიაში ერთ-ერთ რადიოსადგურზე გაჟღერდებოდა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, როდესაც Rockstar Games-მა თამაშში წარმოდგენილი შემსრულებლებისა და კომპოზიციების სრული სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში D’Angelo-ს სიმღერა Kamikazi-ც მოხვდა, რომელიც რადიოსადგურ Worldwide FM-ის ფლეილისტშია შეტანილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ლეონიდას ქუჩებში მანქანით გადაადგილებისას მოთამაშეებს შეეძლებათ, რადიო ჩართონ და ჯაილს პეტერსონის Worldwide FM-ზე D’Angelo-ს აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციას მოუსმინონ.
Rockstar Games-სა და გარდაცვლილ მომღერალს შორის ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. D’Angelo ვიდეოთამაშ Red Dead Redemption-ის დიდი გულშემატკივარი იყო. თამაშისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო, ის თავად დაუკავშირდა ვიდეოთამაშების დეველოპერ კომპანიას და 2018 წელს, Red Dead Redemption 2-ის გამოსვლამდე, თამაშის სატესტო ვერსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი თამაშის საუნდტრეკისთვის სპეციალური კომპოზიცია May I? Stand Unshaken შექმნა.
„ის Rockstar-ის ნიუ-იორკის ოფისში მოდიოდა და უბრალოდ თამაშობდა. მუსიკის შექმნაზე საუბარიც კი არ გვქონია“, – განუცხადა Rockstar Games-ის მუსიკისა და აუდიომიმართულების დირექტორმა ივან პავლოვიჩმა Rolling Stone-ს 2018 წელს. „D’Angelo ჩვენთან, ჩვეულებრივ, შუაღამისას მოდიოდა, და დილის ოთხ საათამდე თამაშობდა. ყოველ ჯერზე ამბობდა: „ეს დაუჯერებელია“. ის თამაშს ძალიან გულშემატკივრობდა და მისით უბრალოდ აღფრთოვანებული იყო.”
მომღერლის ძმამ, ლუთერ არჩერ უმცროსმა, მაიკლ D’Angelo არჩერის მემკვიდრეობის ფონდის სახელით Kamikazi-ს ოფიციალურ რელიზთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა:
„ბევრი ჩვენგანისთვის ჯერ კიდევ რთულია იმასთან შეგუება, რომ D’Angelo ჩვენთან აღარ არის, თუმცა უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიკლი დავკარგეთ. თქვენ მას D’Angelo-ს სახელით იცნობდით. როცა საქმე მის ხელოვნებას ეხებოდა, ის უსაზღვროდ პრინციპული, შემოქმედებისა და უმაღლესი პროფესიული ოსტატობის ურყევი დამცველი იყო. ის განუმეორებელი გენიოსი გახლდათ და უდიდესი ბედნიერებაა, რომ მასთან ერთად ცხოვრების გარკვეული პერიოდი გავატარეთ. მას ღვთისგან ჰქონდა ბოძებული ნიჭი, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
მაიკლმა საკმაოდ რთული მისია დამიტოვა – მისი გარდაცვალების შემდეგ გამოუქვეყნებელი ნამუშევრების გამოცემაზე ზრუნვა. ეს პასუხისმგებლობა იმ სიზუსტითა და პრინციპულობით უნდა შევასრულო, როგორც ჩვენი საყვარელი ადამიანი მოითხოვდა. ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, მაიკლ D’Angelo არჩერის სახელით მოქმედი მემკვიდრეობის ფონდი, მისი შემოქმედების უდიდესი გავლენის შენარჩუნებისა და თავად მუსიკოსის სურვილების გათვალისწინებით, სიამაყით ვაანონსებთ მისი სიმღერის გამოშვებას…
მაიკლმა ამ კომპოზიციის საბოლოო ვერსია 2024 წლის ნოემბერში დაამტკიცა, რათა ის ვიდეოთამაშ Grand Theft Auto VI-ის ნაწილი გამხდარიყო. ის Rockstar Games-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო და კომპანიასთანაც თანამშრომლობდა. ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა და ფართო აუდიტორიისთვის სინგლის სახითაც გეგმავდა მის გამოცემას. Kamikazi-ს პროდიუსერი თავად D’Angelo იყო, Slingbaum-თან და ხმის ინჟინერ ბენ კეინთან ერთად.”
კომპოზიციაში D’Angelo-სა და Slingbaum-თან ერთად მონაწილეობენ იუსეფ დეისი და ლეგენდარული ჯეიმს გადსონი. ყდის დიზაინი ანდრე ტრენიერმა შექმნა, რომელიც მაიკლის მენტორისა და დიდი ხნის მენეჯერის, დომინიკ ტრენიეს უმცროსი ძმაა. მოუთმენლად ველით, როდის გაგიზიარებთ ჩემი ძმის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კიდევ უფრო მეტ ნაწილს და მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს ასეთი დიდი სიყვარულისთვის.
მოუსმინეთ Kamikaze-ს: