ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Pink Floyd წევრები, დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი უკრაინის მხარდასაჭერად სიმღერას Hey Hey Rise Up ავრცელებენ. ეს ბენდის პირველი ნამუშევარია 1994 წლის ალბომის Division Bell შემდეგ. ბას გიტარაზე გაი პრატი უკრავს, კლავიშზე კი ნიტინ სოუნი. კომპოზიციაში, რომლის ვიდეორგოლზეც მეთ ვაიკროსმა იმუშავა, უკრაინული კოლექტივის Boombox წევრი, ანდრეი ხლივნიუკი მონაწილეობს.
ტრეკი 30 მარტს ჩაიწერა და მასში კიევში, სოფიას მოედანზე მდგარი ხლივნიუკის აკაპელაა გამოყენებული. სიმღერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდს გადაერიცხება.
“პინკ ფლოიდი” ერთ-ერთია იმ მრავალ არტისტს შორის, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს ატარებენ ან ახალ კომპოზიციებს უშვებენ. ახლო მომავალში კიდევ ერთი საქველმოქმედი ღონისძიება Stand Up With Ukraine გაიმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები: მაილი საირუსი, ბილი აილიში, უიქენდი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.
Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 943 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.