ბრიტანულმა ჯგუფმა Florence + the Machine ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Dance Fever გამოუშვა. ჩანაწერის პროდიუსერები ბენდის ლიდერი, ფლორენს უელჩი, ჯეკ ანტონოვი და დეივ ბეილი არიან. 14 ტრეკისგან შემდგარი ნამუშევარი მოიცავს აქამდე გავრცელებულ სინგლებს: My Love, Free, King და Heaven is Here, რომლებიც რეჟისორ ოთმნ დე ვაილდის მიერ გადაღებულ კლიპებთან ერთად გამოქვეყნდა.
“მასზე 2019 წელს დავიწყე მუშაობა, როგორც კი წინა ალბომის ციკლი დასრულდა”, – აღნიშნა ფლორენსმა გადაცემაში The Tonight Show სტუმრობისას. შოუს მუსიკალურ ნაწილში მან მაყურებლისთვის ორი სიმღერა King და My Love შეასრულა.
Florence + The Machine ლონდონში 2007 წელს შეიქმნა. ჯგუფმა 2009 წელს სადებიუტო ალბომი Lungs გაავრცელა და Brit Awards-ზე საუკეთესო ბრიტანული ბენდის სტატუსიც მოიპოვა. ნამუშევარი ზედიზედ 28 კვირის განმავლობაში მუსიკალური ჩარტების პირველ ათეულში შედიოდა. გრემიზე ექვსჯერ ნომინირებულ კოლექტივს ამ დრომდე 5 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.