ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორის რიუჩი Საკამოტოს მუსიკალური ფრაგმენტები და ახალი კომპოზიციები – ალექსანდრე კორძაიასთვის, ჰააგაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსისთვის, გამორჩეული პროექტია. ალექსანდრე კორძაიასთვის საკამოტო ცოცხალ კომპოზიტორთა შორის საყვარელი მუსიკოსია. Მან იაპონელი შემოქმედის კომპოზიციებს ახალი ჟღერადობა მისცა.
ქართველმა მუსიკოსმა საკამოტოს ნაწარმოებები ახლებურად ჯერ კიდევ 2021 წელს ჰოლანდიაში გააჟღერა. ალექსანდრე კორძაიამ თანხმობა თავად რიუჩი საკამოტოსგან მიიღო და ჰოლანდიურ ანსამბლ Asko|Schönberg-თან ერთად სპეციალურად Holland Festival 2021-ისთვის კონცერტი გამართა.
ალექსანდრე ამჯერად ქართველ მუსიკოსებთან ერთად რუსთაველის თეატრში მაყურებლის წინაშე წარსდგა. ჰოლანდიურ ანსამბლთან ერთად სცენაზე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ლიზი რამიშვილი, სანდრო ნიკოლაძე და კონსტანტინე ეროიანი იყვნენ. Რუსთაველის თეატრის სცენაზე არტისტები ლეგენდარული კომპოზიტორის, საკამოტოს მუსიკამ გააერთიანა.
“ალექსის საყვარელი კომპოზიტორია საკამოტო, ამიტომაც ცდილობდა მსმენელისთვის წარედგინა არამარტო ის ცნობილი ნამუშევრები რომლითაც მას ყველა იცნობს, არამედ ის, რისთვისაც ალექსის უყვარს საკამოტო. მივმართეთ ყველა წევრს, რომელიც ჰოლანდიაში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა, მათ შორის ანსამბლ Asko|Schönberg-ს და ბორის ეკეტის, რომელიც ამ კონცერტზეც ვიზუალურ მხარეს აკეთებს. საკამოტოსგან „კურთხევა“ მივიღეთ, წერილობითი პასუხი, რომ კონცერტის გაკეთება შეგვეძლო და Მას შემდეგ, მზადების პროცესიც დავიწყეთ”.- კოკა გოგოხია, კონცერტის ორგანიზატორი.
მზადება ექვსი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. ქართველმა მუსიკოსებმა კი, რეპეტიციები სექტემბერში დაიწყეს. კონცერტის ანონსიდან რამდენიმე დღეში, ბილეთები სრულად გაიყიდა. ჰოლანდიური ანსამბლისა და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი სურვილით გადაწყდა, რომ იმავე დღეს კიდევ ერთი საღამო ჩაეტარებინათ.
“Მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში არც ალექსისთვის განხორციელებულა, არც სტოქტონ რეკორდსისთვის. ქართველი მსმენელი არ არის განებივრებული მსგავსი ტიპის პროექტებით. ამაში, არამარტო მასშტაბს და სიდიდეს, არამედ საერთო ნამუშევარს ვგულისხმობ. Როგორც მუსიკალურ, ისე ვიზუალურ შოუს. ვფიქრობ, დიდი სიახლეა ქართველი მსმენელისთვის”,- კოკა გოგოხია, კონცერტის ორგანიზატორი.
Საღამოზე, სადაც ქართველი მსმენელი რუსთაველის თეატრში შეიკრიბა, რიუიჩი საკამოტოს რვა ნაწარმოების ინტერპრეტაცია გაჟღერდა.
კონცერტის ვიზუალურ მხარეზე ჰოლანდიელმა არტისტმა ბორის ეკეტიმ იზრუნა. Მუსიკის ახლებური ვერსიებითა და სცენაზე ფერების დღესასწაულით ქართველმა არტისტმა მოახერხა მთავარი – რუსთაველის თეატრში შეკრებილ მსმენელს რიუჩი საკამოტოს ნამუშევრების ის მხარე დაანახა, რის გამოც წლების წინ საკამოტო ალექსანდრე კორძაიას საყვარელი კომპოზიტორი გახდა.
“ეს კონცერტი ეძღვნება რიუჩი საკამოტოს, პირველ რიგში დიდი მადლობა მას, რომ უფლება მოგვცა ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა”,- ალექსანდრე კორძაიამ დარბაზს სცენიდან მიმართა. ქართველმა მუსიკოსმა მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს გადაუხადა.