„ბნელ ოთახში გაღებული სარკმელი”

ბილბორდის სტუმარია ერეკლე დეისაძე

„საიდან და როგორ იწყება ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბება… დავდიოდი ბაღში, დავდიოდი სკოლაში… და ამ სწავლის პროცესში უცებ ჩემს ცხოვრებაში შემოდის მუსიკა. ქართული მუსიკა, რომელიც არის მაშინდელი ანდერგრაუნდი – აუთსაიდერი”, ლადო ბურდულის რეცეპტი”, ირაკლი ჩარკვიანი… შემოდის და სხვა ენაზე მელაპარაკება. ეს ენა  იმდენად მიმზიდველია, რომ აზროვნებას სხვანაირად ვიწყებ. ამაზე დიდი ძალა, მგონი, არაფერია. სკოლაში მიღებულ ცოდნას უცებ აყირავებს გარედან მოსული სხვა ცოდნა, რომელიც უკონტროლოა, სხვა ფორმითაა – კულტურის სახით. მე მანდ ვიწამე, რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას, როცა ჩემს თავზე გამოვცადე. აქედან დაიწყო ყველაფერი – თუ ჩემზე ასე მოქმედებს, ესე იგი რამდენზე მოქმედებს… და როგორ შეიძლება, ეს ზემოქმედება უფრო კარგი გახდეს, უფრო შინაარსიანი იყოს… ამ ფიქრმა მომიყვანა აქამდე.”

პირველად იყო ტექსტი. ტექსტი, რომლითაც საკუთარი სათქმელი თქვა. პირველი ნამუშევარი, როგორც თვითონ ამბობს, შოკური თერაპია იყო, რომელმაც საზოგადოების ორი ფრთა ერთმანეთთან დააპირისპირა. ამას მოჰყვა მუსიკა და საყოველთაოდ გაზიარებული ფრაზები „სისტემა უნდა დაინგრეს”, „რაც მამას უნდა”… დღეს კი მისმა ტექსტებმა, კიდევ სხვა, ახალი ფუნქცია შეიძინა. 

ბილბორდის სტუმარია ერეკლე დეისაძე.

„არც წამიკითხეს და ისე განმიკითხეს,
რაც ვერ იპოვეს, თავისი ხელით შეთითხნეს”

„ვიღაცები მეუბნებიან, რომ, აი, სულ სხვანაირი მეგონე. ეს იმიჯი უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხალხში ცხოვრობს. ეს სურათხატებია ცალკე არსებული მათ თავებში, ცალკე მედიის მიერ შეთავაზებული. ამ დროს ჩემი რეალური შემოქმედება მხოლოდ ჩემს მუსიკაში და ჩემს ტექსტებშია. დანარჩენი ყველაფერი მასკარადის ნაწილია.

მუსიკა შეიძლება არსებობდეს ტექსტის გარეშეც, მაგრამ როცა ვსაუბრობთ სიმღერაზე, ეს გულისხმობს, რომ მუსიკასთან ერთად ტექსტი უნდა იყოს თანაბრად გამართული და თანხვედრაში ბგერასთან. მე ვიტყოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანიც კი და არც ერთ შემთხვევაში – ნაკლები. მეორე საკითხია, რისთვის მღერი, რა გაქვს სათქმელი. ეს ქართული სცენის დიდი პრობლემაა – სათქმელის არქონა.”

„შენ დგახარ იქ, სადაც მამას უნდა,
თანდათან ხდები, რაც მამას უნდა”

„მე ვქმნი სოციალურ მუსიკას. სოციალური მუსიკის მიზანი კი არის ცვლილებები და ეს ცვლილებები ხდება. ნათელი მაგალითია “რაც მამას უნდა”, რომელიც 8 წლის წინ გამოვიდა და კომენტარებში დღემდე არ წყდება დისკურსი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ახალი ყური ახალ ინტერპრეტაციას სძენს მას. ზოგი ბიოლოგიურ მამას ხედავს, ზოგი სულიერს, ზეციურს, ფიზიკურს, მეტაფიზიკურს… ხშირ შემთხვევაში საზოგადოების აღქმა სცდება იმას, რაც მე ვიგულისხმე კონკრეტულ ტექსტში და ეს უფრო მეტად მომწონს. ეს ნიშნავს, რომ ის ცოცხალია და ჩემ გარეშე განაგრძობს არსებობას. 

მე საერთოდ ეს სიმღერა მამაზე არ დამიწერია. ყველა ამბობს, რომ მამაზეა, მაგრამ ეს სიმღერა არის შვილზე. ეს არის თვითგამორკვევის პროცესზე და მამა აქ მეტაფორაა, რომლითაც ჩვენ რაღაც სხვა უნდა დავინახოთ. მამის გავლით მე შვილზე ვსაუბრობ. 
ის, რაც ამ სიმღერას მოჰყვა, ხდება მაშინ, როცა შენ ხედავ გამოუთქმელობას და საზოგადოდ ამბობ ამას. ამ თემაზე ბევრს აქვს ნაფიქრი, მაგრამ რაღაც გამოუთქმელობა არსებობდა. ხელოვნება კი ამ გამოუთქმელ ადგილებს უნდა ეძებდეს და გამოთქვას ისინი. ჩემთვის პრობლემა ის არ არის, რასაც მთავაზობენ. მე მაქვს ამბიცია, რომ პრობლემა ჩემით ვიპოვო, რადგან იმ პრობლემით, რომელსაც მთავაზობენ, ვიცი, რომ რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი იფარება. ეს უკვე დღის წესრიგია, რომელიც შენ მორთმეული გაქვს და თუ შენ ამაზე აქცენტირების ხიბლში ხარ, შენ უბრალოდ კომენტატორი ხარ და არა ხელოვანი.”

„ცეცხლი უკიდია ყველაფერს,
რატომ ვერ შვრებიან ვერაფერს?!”

„ეს ტექსტი ჩემი პასუხია იმ აზრზე, რომელსაც გვაჯერებენ, რომ ქართველი არის ზარმაცი. აი, სულ გვესმის, რომ „ქართველი ხელს არ ანძრევს”. მე მაგ კლიპში არ მაქვს ხელები, რომ გავანძრიო და არ მაქვს იმიტომ, რომ ჩემს შვილს ვაჭამე, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. 
„რატომ ვერ შვრებიან ვერაფერს” –  ეს მომავალი თაობის სათქმელია. ამიტომაც არის კლიპში ეს ფრაზა სწორედ ბავშვის პირით ნათქვამი.  ეს მათი კითხვაა, რომელსაც შეგვეკითხებიან და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. მე მაქვს ჩემი პასუხი, რომელსაც ნელ-ნელა ვიტყვი.”

„რადგანაც ჩემი სამშობლო გქვია,
ეს ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცით მგავხარ”

„მე რასაც ჩემი ტექსტებით ვაპროტესტებ და არ მომწონს, ეს არის დღის წესრიგი. მაგრამ ჩემი სამშობლო არ არის ეს სისტემა და არც ის დღის წესრიგი, რომელსაც მთავაზობენ. Ჩემი სამშობლო ცალკეა, განყენებულია. იქ ადამიანს არ რცხვენია, რომ ქართველია, პირიქით, ეამაყება. მე მაგ კატეგორიაში ვარ. სხვა აზრიც მქონია წლების წინ, მაგრამ როცა იზრდები, მერე იყვარებ შენს ქვეყანას. თავიდან ის ლექსებით გიყვარს, მაგრამ როცა უკვე შენით იყვარებ, ეს სიყვარული ბუნებრივია და ამას არ სჭირდება სწავლა, რომ რაც გიყვარს, ის დაიცვა. ეს არის ჩემი სათქმელიც. 
და ჩემი სამშობლო მგავს სიჯიუტით,  ბრძოლისუნარიანობით, ბავშვურობით და აფექტურობით. ბევრი საერთო თვისება გვაქვს.”

„ჩვენი ბავშვობა ომიდან გვეძახის,
ისევ გიმარცვლავ ტკივილს და შენთან ვარ.”

„რაღაც პერიოდის მერე მიხვდი, რომ ხელოვანს კიდევ დამატებითი ფუნქცია აქვს – კომენტარის გარდა, მას მოეთხოვება ნუგეში. დღეს ჩემთვის ქართული ხელოვნების პრობლემა ის არის, რომ მასში არ დევს ნუგეში. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ჩვენს ნაკლზე, ჩვენს ცუდ მხარეზე და ამის პრაქტიკა უკვე მაქვს. მაგრამ ის, რაც კონფლიქტში მოდის არსებულთან, არ შეიცავს ნუგეშის ელემენტებს და ეს ძალიან ცუდია. შოკური თერაპია შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი ან ორჯერადი. თუ შოკური თერაპია არის მუდმივი მიზანი, შენ ვერასდროს გაზრდი საზოგადოებას, პირიქით, გამოიწვევ მუდმივ დაპირისპირებას და გაზრდი პარალელურ ფრთას.
ჩემი შოკური თერაპია იყო „საიდუმლო სირობა”, „სისტემა უნდა დაინგრეს”, „რაც მამას უნდა”, ბოლოს „ხალხური ნარკატაკა”, რომელიც აფექტი უფრო იყო, ვიდრე შოკი. მერე რეაქციებს რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ ზუსტად ვახვედრებდი. მაგრამ ეს აღარ არის ჩემი თვითმიზანი. მე ახლა მაინტერესებს, რომ ამ ხალხს, რომელსაც მთელი პოლიტიკური და კულტურული ელიტა თავისუფლების მოპოვების დღიდან ძარცვავს, რაღაც ტიპის ნუგეში მივცე. გასაგებია, რომ ეს ნაკლი გვაქვს, მაგრამ ამ ნაკლზე როცა საუბრობ, შენც ამ ნაკლის ნაწილი ხარ და არა გვერდზე მდგომი ტიპი. ამის შემდეგ იწყება ე.წ. სოციალური თერაპია, რომელიც გულისხმობს დაკარგული იმედის მიცემას, რომ თქვენში არის ძალა და თქვენ შეცვლით ყველაფერს. და ეს ძალაა თითქმის ყველა ჩემს ბოლოდროინდელ სიმღერაში, მაგალითად „ამ ენით ამენ”, „კაპიტალი”… ნუგეშია ისიც, რომ ჩემს შემოქმედებაში სოციალურ-პოლიტიკურ ხაზს აქეთ მხარეს რომანტიკული ხაზი ერთვის და  ერთმანეთს აბალანსებს. ეს ორივე მე ვარ. სულ რევოლუციურ ტალღაზე ვერ იქნები, თუ ამას ნიადაგში ძალიან ბევრი სიყვარული არ უდევს. მანდედან ამოდის ნამდვილი რევოლუცია. სხვა შემთხვევაში, თუ არ გიყვარს, მარცხისთვისაა განწირული.” 

„არაფერს გთხოვ ერთის გარდა, გეხვეწები ჩემს ქუჩაზე
კიდევ
ერთხელ ჩამოიარე”

„თუ დააკვირდებით, ქართულ მუსიკაში როცა მღერი სიყვარულზე, შუალედი არ არსებობს. ან ძალიან კარგია და ან ძალიან დაბალი დონის.  და ამას იწვევს ტექსტი. ტექსტი უნდა იყოს ან ძალიან პოეტური, ან ძალიან მდარე ხარისხის. 
მე სულ ვოცნებობდი, დამეწერა სიმღერა სიყვარულზე. როცა გადავწყვიტე, რომ მუსიკაში თავი მეცადა, თავიდან ძალიან სოციალური ტექსტები მქონდა.  მინდოდა, ერთი სიმღერა მაინც გამეკეთებინა რომანტიკული, მაგრამ არ გამოდიოდა 2014 წლამდე. ეს მდგომარეობა ბუნებრივად მოვიდა, როცა ძალიან შეყვარებული ვიყავი. ამ ყველაფრის ნაყოფი იყო „იარე”, „შენი ფანჯრიდან მზე”, „მე შენთვის მზად ვარ” – ყველა ის სიმღერა, რაც წამოვიდა და შეიძინა რომანტიკული ხასიათი. ანუ არ იყო საჭირო ძალდატანება. ვწერ მაშინ, როცა პირადად მეხება. მიჭირს რაღაცების მოტყუება. შემიძლია, მაგრამ არ მჭირდება და არც ვცდილობ.”

„ვაზიარებ შთაბეჭდილებებს,
ისევ ველოდები ცვლილებას”

„მუსიკა და ტექსტები ჩემი პლატფორმაა. როცა გარემო მთავაზობს მას მედიის და სხვა რაღაცების სახით, მე უარს ვამბობ რადგან ამ პლატფორმას ქვემოდან სხვა შინაარსი აქვს. ის პლატფორმა კი, საიდანაც მე ვსაუბრობ, ბოლომდე ჩემია. უკონტროლოა, არ ექვემდებარება არც ცენზურას, არც სარედაქციო პოლიტიკას და არც კონიუნქტურას, რომლითაც გაჟღენთილია მთელი მედია. 
ჩემი ტექსტების მიზანი მეტი სააზროვნო ველის შექმნაა. ამაზე კარგი ამბიცია რა უნდა გქონდეს. ის სააზროვნო ველი თავისით დაამსხვრევს შემდეგ სტერეოტიპებს და მოახდენს ცვლილებებს. Რაღაც რომ ისმის ისეთი, რაც არ უნდა ისმოდეს, რომელიც მიჩქმალეს, მაგრამ შენ ცდილობ, რომ გააჟღერო, ეს უკვე ნიშნავს ბნელ ოთახში გაღებულ პატარა სარკმელს, რომელიც აუცილებლად დიდ ფანჯრად გადაიქცევა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ  მაკარტნი კრებულის – The 7-ის გამოცემას აანონსებს

შემდეგი სტატია

VAQO

ათ დღეში ათი ათასი მსმენელი, VAQO-ს ახალი ალბომი „კონცერტი სოხუმში” – Live in Sokhumi III

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფანკისა და დისკოს სამყარო სადარ ბაჰართან ერთად – ამერიკელი არტისტის კონცერტი ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

სადარ ბაჰარმა თბილისში კონცერტი გამართა და ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” შეკრებილი სტუმრები ფანკისა და დისკოს სამყაროში ამოგზაურა. ამერიკელმა არტისტმა…
მეტი

Bad Habitz – ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური დუეტი და ახალი პროექტები 

ელენე კალანდაძე: ,,თუკი ოდესმე რაიმე განუხორციელებელი მუსიკალური იდეა მქონია, ახლა ყველაფრის განხორციელების საშუალება მაქვს” ერეკლე გეწაძე: ,,სულ ვნერვიულობ…
მეტი

GHOST-NOTE თბილისში – მომავლის ფანკ ჯგუფის კონცერტი “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

15 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე GHOST-NOTE წარსდგა. ბენდს  სათავეში რობერტ “სპუტ” სირაიტი და გრემის მფლობელი მუსიკოსი ნეიტ უერტი…
მეტი