დროსთან ერთად, ქართულ მუსიკალურ სცენაზე იცვლებიან თაობები – როგორც არტისტების, ასევე მსმენელის. ამასთან ერთად, იცვლება მუსიკის შინაარსი და ჟღერადობა, რაც ხშირად, საინტერესო და მრავალფეროვან მუსიკალურ გამოცდილებად გადაიქცევა ხოლმე.
დღეს სწორედ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ახალ არტისტს გაგაცნობთ. DEENA იმ თაობას მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედება, პირველ რიგში, საკუთარი თავის შესწავლის საშუალებაა. არტისტის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით LOW LOVE ნოემბერში გამოიცა. DEENA ახალი ქართული ლეიბლის, Didube Records-ის არტისტია. ალბომის მუსიკალურ ნაწილზე Didube Records-ის თანადამფუძნებელმა, ნიკა ფასურმა იმუშავა. LOW LOVE 11 სიმღერას აერთიანებს. Gen Z-სათვის დამახასიათებელი ენერგეტიკით, DEENA-ს ალბომი თვითგამორკვევასა და გარე სამყაროში საკუთარი თავის პოვნას ეხმიანება. მისი ტექსტები კარგად აღწერს, თუ როგორია ახალგაზრდა თაობის, განსაკუთრებით კი მისი თანატოლი გოგოების ცხოვრების სტილი და ყოველდღიური გამოწვევები 21-ე საუკუნის თბილისში.
DEENA, იგივე ელენე გიგანი, 18 წლის არის და ქართველ მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტია. მუსიკის მსმენელისგან არტისტად თავისთავად ჩამოყალიბდა. როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, გარემოსგან მიღებული ინფორმაცია მუსიკაში ბუნებრივად გადაიზარდა.
„ჩემი მუსიკალური ნიჭი მეც და გარშემო მყოფებმაც შემთხვევით აღმოვაჩინეთ. დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა ვოკალზე შევედი და აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური გემოვნებისა და აზროვნების ჩამოყალიბება. 2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, გაკვეთილები ონლაინ გაგრძელდა, თუმცა, ტექნიკური გამოწვევების გამო, კურსი აღარ გავაგრძელე. ვაცნობიერებდი, რომ მუსიკასთან მუდმივი სიახლოვის სურვილი მქონდა და მხოლოდ მსმენელის როლი არ იყო საკმარისი, ამიტომაც მობილური აპლიკაციების დახმარებით, რაღაც ტრეკების წერა დავიწყე. ამ დროს 15-16 წლის ვიყავი. ეს ნამუშევრები ჩემს კედლებს არ სცდებოდა. შემდეგ youtube-ზე გამოქვეყნება გადავწყვიტე, თუმცა ძალიან მეშინოდა რეაქციის, ვერ ვბედავდი და ეს პროცესი საკმაოდ სტრესული იყო ჩემთვის. იმ მომენტში მივხვდი, რა სენსიტიური და მოწყვლადი ხარ როდესაც საკუთარ ნამუშევარს აქვეყნებ“. – DEENA (ელენე გიგანი)
ელენეს მეგობარმა ეს ჩანაწერები Didube Records-ს აჩვენა და ასე დაიწყო მისი მუსიკალური ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი. როგორც DEENA აღნიშნავს, Didube Records-ში ყველა ნამუშევარი კოლექტიურად იქმნება და ეს პროცესი ძალიან საინტერესო და მდიდარი გამოცდილებაა.
„ლეიბლი ერთგვარ კომუნას წარმოადგენს: სამეზობლო, არტისტები და თანამშრომლები ერთად ვმუშაობთ ყველაფერზე. ჩვენი თანამშრომლობის სისტემა კლასიკურ მენეჯმენტს არ მოიაზრებს, ეს უფრო კოლაბორაციული მიდგომაა. თითოეული არტისტთან ურთიერთობისას, ყურადღებას ვაქცევთ მის ღირებულებებს, რასაც შემოქმედებით გამოხატავს. შემოქმედებითი მუშაობა ჩვენი კოლექტივისთვის ერთმანეთისგან სწავლა და ღირებულებების გადამოწმება, ზრდაა… ეს ძალიან ადამიანური და სენსიტიური პროცესია. დინა კი ამ ყველაფერს ორიგინალური მუსიკალური ენით და შესრულების მანერით აკეთებდა.“ – ნიკა ფასური, Didube Records-ის თანადამფუძნებელი.
ელენესთვის მუსიკის შექმნის ინსპირაციად ის გარემო და სოციუმი იქცა, რომელშიც ყოველდღიურად უწევს ცხოვრება.
„როცა თინეიჯერი ხარ, მოვლენებსაც მეტად მძაფრად აღიქვამ – შენთვის ყველაფერი ახალია. ჩემს შემთხვევაში, ინსპირაცია სწორედ ის გამოწვევებია, რასაც ყოველდღიურად ვცდილობ ჩემებურად გავუმკლავდე. ჩვენს რთულ საერთო ყოფას, გენდერული სტერეოტიპებიც ემატება და ამდენი შეზღუდვების, აკრძალვების, განვითარების დაბრკოლებების, საზოგადოებისგან გულისხმიერების ნაკლებობის გამო – ბევრ ახალგაზრდა ადამიანს უჭირს თავისი რეალური ინტერესები იპოვოს, ცხოვრებით დატკბეს და შეცდომები დაუშვას – მომავალი შეიქმნას. ალბათ გარკვეულ წილად ჩემი ტექსტები არაპირდაპირ ეხება თაობათა შორის გაუცხოებასაც.” – DEENA (ელენე გიგანი)
თუ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა არტისტის ბიოგრაფიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველა შემთხვევაში უდიდესი როლი იმ გარემომ ითამაშა, სადაც ისინი იზრდებოდნენ, ბავშვობის წლებს ატარებდნენ. ადრეულ ასაკში მიღებული ემოციები შემოქმედებაში ყოველთვის ღრმად აღწევს და სხვადასხვა ფორმით ტრანსფორმირდება. DEENA-ს შემთხვევაშიც საცხოვრებელი გარემო, ბავშვობის მოგონებები ერთ-ერთ ძლიერ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
„აეროპორტის დასახლებაში გავიზარდე. ეს ცენტრიდან გარიყული და მივიწყებული ადგილია, რომელიც ერთდროულად ქალაქის ნაწილიც არის და მისგან განცალკევებულიც. ჩემი უბანი აეროპორტის ბილიკთან ახლოს არის. როცა თვითმფრინავები ბილიკს ტოვებენ ან ეშვებიან, მიწასთან ძალიან ახლოს არიან, თითქოს ხელით შეხებაც შეგიძლია. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ სანახაობას და ყოველ ჯერზე მძაფრ ემოციას იწვევდა. მეორე მხრივ, ამასთან დიდ კონტრასტს ქმნიდა სვანეთის ბუნებაც. დედა და მამა წარმოშობით სვანები არიან. გაიზარდნენ აფხაზეთში და ომის დროს ისევ სვანეთში დაბრუნდნენ. მთელი ბავშვობა ამ პეიზაჟებს ვუყურებდი და ამიტომ სვანეთი ჩემი შინაგანი სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი სახელიც, DEENA სვანურად გოგოს ნიშნავს. ალბათ, იმ ადგილებმა, სადაც გავიზარდე, მათმა დამახასიათებელმა დეტალებმა და შეიძლება ითქვას, ერთმანეთისგან ასე ძალიან განსხვავებული გავლენების ჩემში არსებობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის, თუ რას ამოვთქვამ, როგორ ვფიქრობ, რას ვმღერი და როგორ. გარდა რეალური მოგონებებისა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა კიბერ სამყარო, ურთიერთობები ციფრულ სივრცეში. ეს ყველაფერი თან რეალურია, თან ილუზიური და მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ ამაში გზა გავიკვლიოთ, ისე, რომ საკუთარი თავები ვიპოვოთ.“ – DEENA (ელენე გიგანი)
დეკემბრის დასაწყისში, Left Bank-ში DEENA-ს პირველი ლაივი ჩატარდა. არტისტისთვის აუდიტორიასთან ცოცხალ რეჟიმში პირველი ინტერაქცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილებაა.
„როგორც აღმოჩნდა, ცოცხლად შესრულების დროს, არტისტი მეტს იგებს, როგორც საკუთარი თავის, ასევე მსმენელის შესახებ. რაღაც მომენტში გარემოს აღქმაც კი დავკარგე, თითქოს მუსიკის ტრანსში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმღერები ძირითადად მაინც ახალ თაობასა და თინეიჯერებზე ჰყვება, აღმოვაჩინე, რომ ასაკობრივად მაინც მრავალფეროვანი აუდიტორია მყავს. განსაკუთრებით გამიხარდა მათი ჩართულობა და ის შეფასებები, რაც მივიღე.“ – DEENA (ელენე გიგანი)
გარდა გარე სამყაროსთან ემოციური კავშირისა, ახალი თაობის არტისტების მუსიკა მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც საზღვრები არ აქვს. სოციალური მედიის ეპოქამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო პოპ კულტურის ცენტრში წარმოიდგინო თავი. როგორც ელენე ამბობს, თითოეული ნანახი ფილმი, სერიალი, საყვარელი არტისტის მოსმენილი ალბომი მეხსიერებაში რჩება და საინტერესო ნიშნებს ტოვებს – გავლენას. Მერე კი უკვე შენზეა, ამ ნაკადს როგორ გარდაქმნი. მოგვიანებით კი ეს ყველაფერი მუსიკის ფორმით, ინფორმაციულ ნაკადზე საპასუხო რეაქციად გარდაიქმნება. ეს დამოკიდებულება DEENA-ს შემოქმედებაშიც კარგად იკითხება – ტექსტებში გამოყენებული ტერმინები, მუსიკალური ენა, თუ ჟღერადობა მიგახვედრებთ, რომ ეს თანამედროვე თაობის ახალი მუსიკაა.