MokuMoku-მ ახალი ალბომი სახელწოდებით Off The Record გამოსცა. ალბომის პრეზენტაცია 2 მარტს Mono Hall-ში გამართულ კონცერტზე შედგა. ამჯერად კი Off The Record უკვე მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი.
Off The Record 11 ტრეკისგან შედგება და როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ეს ნამუშევარი ძველი ალბომებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ტატო რუსია, MokuMoku:
„ამ ალბომზე დიდი ხანი ვმუშაობდით. Off The Record-ს რაიმე კონკრეტული განაცხადი არ აქვს, თუმცა ყველა სიმღერას აქვს თავისი გამორჩეული შინაარსი. უფრო ატმოსფეროზე დაფუძნებული ალბომია, ვიდრე რაიმე ერთ კონკრეტულ იდეაზე. Off The Record წინა ალბომებისაგან ძალიან განსხვავებულია. მასში შესული სიმღერების 70 პროცენტს ტექსტი აქვს.“
Off The Record-ის მიქსინგზე და მასტერინგზე დავით ბაკურაძემ იმუშავა. რაც შეეხება ე.წ არტვორქს, ალბომის ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორი გიორგი ზათიაშვილია.
„MokuMoku ლეიბლ Stockton Records-ის მუსიკალური კოლექტივი ვართ და ვიზუალურ მხარეზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი გიორგი ზათიაშვილი და კოკა კიტია. ამ პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ჯგუფის წევრი ჯონდო ჯაფარიძე. ზოგადად ვცდილობთ ერთობლივად ვიმუშაოთ და ყველამ ჩვენი ხედვა შევიტანოთ ვიზუალური ნაწილის შექმნისას.“ – ტატო რუსია
ახლო მომავალში ბენდი კონცერტების გამართვას გეგმავს. ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალ ტრეკზე მუსიკალური ვიდეოს გადაღებაც.
MokuMoku ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდია, რომელიც 2014 ჩამოყალიბდა. MokuMoku-ს ჟღერადობა სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტს აერთიანებს, მათ შორის არის ჰიპ-ჰოპი, როკი და ფანკი. ამ დრომდე ბენდმა ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ტატო რუსია, ჯონდო ჯაფარიძე, ცოტნე გოგიტიძე, მიშო ელიავა, სანდრო მაისურაძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი, ნასი ჭავჭავაძე და თორნიკე აბულაძე.
მოუსმინეთ MokuMoku-ს ახალ ალბომს, სახელწოდებით – Off The Record: