ნელსონ გიორნერის კონცერტი თბილისში – ინტერვიუ მსოფლიოში აღიარებულ პიანისტთან

„მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მუსიკის გარეშე. რას ვიზამდი ცხოვრებაში?! ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.”
ნელსონ გიორნერი

მსოფლიოში თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიანისტად აღიარებული ნელსონ გიორნერი ქართველი მსმენელის წინაშე კონცერტით წარდგა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე არგენტინელმა შემსრულებელმა ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილეზე მისი ხსოვნის პატივსაცემად დაუკრა. კონცერტსა და მის შემოქმედებაზე ნელსონ გიორნერმა ბილბორდ საქართველოსთან ინტერვიუში ისაუბრა:

„საქართველოსთან ძლიერი კავშირები მაქვს. პირველ რიგში, ის, რომ ჩემი მეუღლე (პიანისტი რუსუდან ალავიძე) ქართველია და 1995 წლიდან მუდმივად ჩამოვდივარ აქ. ვუკრავ სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის წინანდლის ფესტივალზე, თელავში, კონსერვატორიაში, სადაც ახლა მაქვს კონცერტი. შევასრულებ შოპენს, შუმანს, ლისტს და ასევე თავად ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი კომპოზიტორის მუსიკას ვუკრავ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს რეპერტუარში ნოდარ გაბუნიას შემოქმედებაც იქნება. ვასრულებ იმპროვიზაციას და ტოკატას. ძალიან ორიგინალურია და ძალიან მდიდარი ჰარმონია აქვს. მიხარია, რომ სწორედ აქ ვასრულებ პირველად და სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად. ის დიდი პიანისტი და დიდი კომპოზიტორი იყო.”

„უზენაესი შოპენში და შეუდარებელი დებიუსიში” 

~  Le Monde ~

ასე აფასებს ფრანგული გამოცემა Le Monde ნელსონ გიორნერს. Პიანისტი მართლაც ცნობილია რამდენიმე კომპოზიტორის გამორჩეული შესრულებით, თუმცა თავად ამბობს, რომ მისი საყვარელი კომპოზიტორების სია ბევრად დიდია. 

„ორივე ნამდვილად არის ჩემს საყვარელ კომპოზიტორთა შორის, მაგრამ არამხოლოდ ისინი. ბევრის ჩამოთვლა შემიძლია: შუმანი, ლისტი, შუბერტი, ბახი და სხვები. არასდროს ვცდილობ, რომ რომელიმე კომპოზიტორის სპეციალისტი ვიყო. სპეციალიზება ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის შემზღუდველია. მე მჭირდება, შინაგანად მჭირდება ფართო სპექტრის კომპოზიტორთა მუსიკა.”

თუმცა შოპენს მის შემოქმედებაში მაინც განსაკუთრებული ადგილი აქვს. სწორედ შოპენი იყო ის კომპოზიტორი, რომლითაც ნელსონ გიორნერმა კლასიკური მუსიკა შეიყვარა. ისტორია ბავშვობაში დაიწყო, როცა დედასთან ერთად მუსიკალურ მაღაზიაში შესულმა გიორნერმა არტურ რუბინშტეინის შესრულებით შოპენის ნაწარმოებების ვინილი შეიძინა. როგორც თავად ამბობს, იმ ფირფიტის ექო დღემდე ჩაესმის. 

„დიახ, ასეა. შოპენი მაინც განსაკუთრებულია ჩემთვის. ზოგადად ვფიქრობ, რომ ის ყველა პიანისტისთვის გამორჩეულია და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მათ გულებში. თანაც მე მის მუსიკას თინეიჯერობიდან მოყოლებული განუწყვეტლივ ვუკრავ. შეიძლება ეს ბავშვობის სენტიმენტებიცაა, რადგან ყველა ის ხატი, რომელიც ბავშვობაში გაქვს, ვფიქრობ, ძალიან ძლიერად რჩება შენში მთელი ცხოვრების განმავლობაში. Მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს ძალიან შთამბეჭდავია ბავშვის ფანტაზიასა და აღქმაში, მერე ის შენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. 

თუმცა ბავშვობასთან კავშირის გარდა, შოპენი განსაკუთრებულია იმით, რომ ის ფორტეპიანოში მუსიკის ისეთ სამყაროს ქმნის, რომელსაც შეუძლია იყოს სრულყოფილი. ჩვენ მეტი აღარაფერი გვჭირდება. სურვილიც არ გვიჩნდება, რომ შოპენს თუნდაც საორკესტრო ნაწარმოები დაეწერა. მას ფორტეპიანოში შეუძლია გამოხატოს ყველაფერი – ძალიან დიდი, ფართო და დაუჯერებელი სპექტრი გრძნობებისა და ემოციების და, რა თქმა უნდა, ოსტატობის. ის აჩვენებს ყველაფერს, რისი მიცემაც მსოფლიოსთვის შეიძლებოდა, მხოლოდ ფორტეპიანოში. ხანდახან მუსიკის მხოლოდ 4-5 წუთში, მაგალითად, როცა ნოქტიურნს უკრავ, ხვდები, რომ ის ისეთივე დიდია, როგორიც თუნდაც ვაგნერის ოპერა.”

„დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსრულებელი”, როგორც მას გამოცემა Le Temps უწოდებს, თანამედროვე სამყაროში კლასიკური მუსიკის როლზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ახალგაზრდების დაინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, მუსიკასთან მათი ზიარება ადრეული ასაკიდანვე მოხდეს. 

„ვფიქრობ, რომ როცა კლასიკური მუსიკის შედევრებს ეცნობი მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ, მერე ისინი შენი ცხოვრების თანამგზავრები ხდებიან. შენ გაქვს დრო, რომ კარგად გაეცნო და დააფასო მათი სილამაზე. მუსიკალური გემოვნება ისეთი რაღაცაა, რომელიც გამომუშავებადია, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ კლასიკურ მუსიკას მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები უსმენენ. ეს რაღაც აკვიატებული აზრია. მუსიკას ასაკი არ აქვს.”

საუბრის დასასრულს კი კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის კლასიკური მუსიკა, ნელსონ გიორნერის პასუხი ასეთია:

„მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მუსიკის გარეშე. რას ვიზამდი ცხოვრებაში?! ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. აი, ასე, მარტივად.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემი უაინჰაუსი - ფოტო: დანიელ ბოჩარსკი

ემი უაინჰაუსის წიგნი In Her Words

შემდეგი სტატია

Gerd Janson

საკლუბო სცენის გამორჩეული დიჯეი გერდ იანსონი „რესპუბლიკაში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩვენ ახლახან რეკორდი მოვხსენით” – კანიე უესტის განცხადებით, სტამბოლში მის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო

სტამბოლის კონცერტი უესტის პირველი ევროპული ტურნეს გამხსნელი შოუა ბოლო 11 წლის განმავლობაში.
მეტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მეტი

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი