Billboard-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, პაპარაცი კანიე უესტს უჩივის. სარჩელი ეხება ინციდენტს, როდესაც რეპერმა ფოტოგრაფს ტელეფონი წაართვა და ქუჩაში ისროლა.
პაპარაცი სახელად ნიკოლ ლექმენიკი ამტკიცებს, რომ ამ დროს არტისტმა მისი სამოქალაქო და პროფესიული უფლებები დაარღვია და შეურაცხყოფა მიაყენა. სარჩელის მიხედვით შემთხვევა 27 იანვარს, კალიფორნიაში მოხდა .
როგორც ლექმენიკი ჰყვება, იგი მანქანის მართვისას კანიე უესტის ყოფილ ცოლს, კიმ კარდაშიანს ვიდეოს უღებდა. ამ დროს შენიშნა, რომ კანიე უესტი ერთ-ერთ სხვა ფოტოგრაფს დაუპირისპირდა. რადგანაც რეპერი პაპარაცების მიმართ აგრესიული დამოკიდებულებითა და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ლექმენიკმა საკუთარი მანქანიდან ამ ინციდენტის აღბეჭდვა დაიწყო. ამ დროს უესტი მის ავტომობილს მიუახლოვდა, ტელეფონი ძალის გამოყენებით გამოართვა და ქუჩის მიმართულებით ისროლა, სადაც ტრანსპორტი მოძრაობდა.
როგორც სარჩელშია ნათქვამი, ამ ფაქტმა ნიკოლ ლექმენიკს დიდი ფსიქოლოგიური ზიანი და ემოციური ტკივილი მიაყენა.
მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მატერიალური კომპენსაციით ითხოვს.
კანიე უესტს პაპარაცებთან სასამართლო დავის დიდი ისტორია აქვს – მაგალითად, 2008 წელს რეპერი ლოს ანჯელესის აეროპორტში პაპარაცისათვის ფოტოაპარატის დამტვრევის გამო დააკავეს.