ადამიანი∞სამყარო – ბელგიაში მოღვაწე ქართველი არტისტის კოსმოსური მუსიკალური პროექტი

„ალბათ პირველი მუსიკოსი ვარ, ვინც მთვარეზე შეტყობინება გაგზავნა და რეალურად დაელაპარაკა მას, თანაც ქართულად.”

წლების წინ დაჩი ხასაია ბელგიაში ერთი მიზნით წავიდა – მისი საყვარელი მუსიკოსებისთვის ცოცხლად მოესმინა. ოცნება აიხდინა და როგორც თავად ამბობს, მათ უმრავლესობას მოუსმინა და შეხვდა კიდეც. შემდეგ კი ბელგიაში დარჩენა გადაწყვიტა და თავადვე დაიწყო მუსიკის წერა. ასე შეიქმნა სოლო მუსიკალური პროექტი სახელწოდებით ადამიანისამყარო. მას შემდეგ დაჩი საქართველოს სულ სამჯერ ეწვია. ბოლო ვიზიტის დროს კი Billboard საქართველოს მისი შემოქმედებისა და ადამიანისამყაროს იდეურ და მუსიკალურ დატვირთვაზე ესაუბრა:

დაჩი ხასაია – ადამიანი∞სამყარო:

„ადამიანი სამყაროსთან უსასრულო კავშირშია. ჩემი მუსიკაც ადამიანისა და სამყაროს საერთო ქმნილებაა და ყველა, ვინც ჩემს მუსიკას უსმენს, ვარსკვლავებთან და პლანეტებთან კავშირს შეიგრძნობს. მე თავად ყოველთვის რაღაც კავშირს ვგრძნობდი კოსმოსთან. მუსიკითაც ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული და ის ყოველთვის ჩემშია, თუმცა მანამდე თავად არ ვწერდი სიმღერებს. 2015 წელს კი მომივიდა იდეა, რომ ჩემი ემოციები მუსიკით გადმომეცა. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. იქ მარტო რჩები საკუთარ თავთან და სიმარტოვემაც მოიტანა ადამიანი∞სამყაროს პროექტი ჩემს გონებაში. კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა ეს იდეა დაიბადა: მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ აი, ეს ჩემი ემოციები,  ეს ყველაფერი, რასაც განვიცდი – კარგიც და ცუდიც – რაღაც ტრიალებს ჩემში და მინდა, ამის რეალიზება მოვახდინო. და რით უნდა მოვახდინო თუ არა მუსიკით?! და თუ ეს იქნება მუსიკა, მაშინ რაღაც სახელი უნდა მერქვას და ეს ნამდვილად არ იყო დაჩი ხასაია. ეს იყო ადამიანი∞სამყარო – კავშირი სამყაროსთან – უსასრულობა.”

ადამიანისამყაროს მუსიკაც ისეთივე ღრმა დატვირთვის მატარებელია, როგორც თავად პროექტის სახელწოდება. Როგორც მუსიკოსი ამბობს, თითოეულ სიმღერაში მნიშვნელოვან მესიჯებს, ემოციასა და სათქმელს დებს, რომლებზეც მსმენელის ჩაფიქრება სურს. 

„ჩემი მიზანია, რომ მსმენელმა თავისი თავი დაინახოს – ჩემს მუსიკაში აღმოაჩინოს თავისი თავი. მე ადამიანების შინაგანი სამყარო მაინტერესებს და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელსაც უხარია, რომელსაც რაღაც სევდა აქვს, ჩამოჯდეს და თუ ესიამოვნება, მოისმინოს ჩემი მუსიკა და ღრმად ჩაფიქრდეს საკუთარ თავში – რაღაც ახალი აღმოაჩინოს, ახალი იდეები მოუვიდეს…

მეც ჩემი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე ვწერ. ცხოვრების კონკრეტულ მომენტში რა ემოციებიც მოდის, ის მინდა, რომ გადმოვცე და აღვბეჭდო მუსიკით. ვწერ სიყვარულზე, ბუნების სიყვარულზე, კოსმოსთან ურთიერთობაზე. კოსმოსის თემა ჩემთვის ბავშვობიდანვე სულ ძიების საგანი იყო. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა ზევით და არა ირგვლივ. თუმცა ჩემ ირგვლივაც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, რა ხდება. ძალიან მენატრება თბილისი და ორი წელი მთლიანად ალბომ „თბილისის” ჩაწერას მივუძღვენი, რომელიც 2020 წელს გამოვეცი.” 

„თბილისი” ბელგიაში ჩაწერა. მას შემდეგ სამშობლოში არ ყოფილა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, გული სწყდებოდა, რომ „თბილისს” თბილისში ვერ უსმენდა.  „მთელი ალბომი იმისთვის შევქმენი, რომ თბილისში სეირნობისას მომესმინა. ალბათ ამ ალბომს ყველამ თბილისში მოუსმინა ჩემ გარდა,” – წერდა მუსიკოსი.

„აი, სხვათა შორის, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ზუსტად ახლა მოვუსმინე პირველად და ისე მოვედი აქ. ეს იყო რაღაც დაუვიწყარი ემოციები. ყველაფერი გამახსენდა, შევხედე ანძას, ჩვენს მთაწმინდას და ძალიან მოუხდა ყველაფერს, ძალიან კარგი ემოცია მივიღე. შემიძლია ვთქვა, რომ „თბილისი” თბილისში ზუსტად ისე ისმინება, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ეს ქალაქი იმდენად ღრმად ზის ჩემში და იმდენად მიყვარს, რომ ყოველთვის მახსოვს. არასდროს არაფერი, რაც გავლილი მაქვს თბილისში, არ მავიწყდება. სწორედ ამან იქონია, ვფიქრობ, ძალიან დიდი გავლენა, რომ ზუსტად ასე შემექმნა ეს ალბომი და ზუსტად ასეთი სიზუსტით დამემთხვია ყველაფერი, როცა აქ მოვისმენდი.”

ადამიანისამყაროს ამჟამად ოთხი ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსისთვის დამახასიათებელი ემოციის გარდა, ყველა მათგანს ძირითადად ლოუ-ფაი ჟანრი აერთიანებს. „მუსიკა, რომელსაც უწონადობაში გაჰყავხარ” – ასე ახასიათებენ ხშირად დაჩი ხასაიას შემოქმედებას და მას კეთილ მუსიკასაც უწოდებენ. 

„ჩემი მუსიკა ნამდვილად კეთილია. შეიძლება სევდაც არის, მაგრამ არასდროს დამიწერია მუსიკა სევდიან მდგომარეობაში. ყოველთვის მიხარია, როცა ვწერ, მაგრამ, სევდიანი გამოდის. სოციალურ პრობლემებს მაინცდამაინც არ ვეხმიანები. თუმცა ერთი სიმღერაა ალბომ „თბილისში” – „ჰოდა” ჰქვია. ეს არის თბილისის პრობლემაზე, გამონაბოლქვზე. ტექსტი ასეთია: „ჰოდა მიწაში ჩავრგავ ხეებს…”  2018 წელს რომ ჩამოვედი, ძალიან იმოქმედა იმან, რომ ყველგან კორპუსები დამხვდა და ცას ვეღარ ვხედავდი და ეს ეკოლოგიური თემა წამოვწიე. 

„კოსმოსშიც” არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც დედამიწაზე ზრუნვას ეხება. ძირითადად გლობალურ თემებზე მაქვს ტექსტები და არა კონკრეტულ სოციალურ პრობლემებზე. კი, ესეც მაინტერესებს, როგორც დაჩი ხასაიას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანი∞სამყაროს მუსიკა მაინც უფრო გლობალურ თემებს უნდა ეხებოდეს – იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში.

ასევე მახასიათებს ძველი სიმღერების ჩემს სტილში გაცოცხლება. მაქვს ჩაწერილი გოგი ცაბაძის, სულხან ცინცაძის, ოთარ გორდელის სიმღერები. ასევე „სულიკოს” ჩემებური ვერსია, რომელიც რაღაცნაირად იმედის ძიებაში დავწერე. მინდოდა, ჩემი მუსიკით საქართველოსთვის იმედი მიმეცა. ამ კომპოზიციებს ვუმატებ დაჩი ხასაიას და ადამიანი∞სამყაროს ერთობლივ ემოციებს და გამოდის ის, რაც გამოდის და სხვათა შორის, მსმენელისგან მსმენია, რომ ძალიან ორიგინალური ვერსიებია. მე ყველა სიმღერა მიყვარს, ყველას თავისი ისტორია აქვს და ჩემი ცხოვრება და ჩემი ემოციებია. ადამიანი სამყაროს მუსიკას აწერინებს ემოცია და ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისამყარო საქართველოდან შორს იქმნება, მუსიკოსი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი სიმღერები ძირითადად ქართულენოვანია. მშობლიური ენა აირჩია დაჩი ხასაიამ არა მხოლოდ მსმენელთან, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მთვარესთან საკომუნიკაციოდაც.

„ჩემმა გერმანელმა მეგობარმა მარტინ როჯინამ, რომელიც ტრანსდისციპლინარული არტისტია, დიდი ხანია, იცის ჩემი სიყვარული კოსმოსისადმი. Რამდენიმე წლის წინ მან სენსაციური პროექტი განახორციელა, რომლითაც ადამიანს საშუალება მიეცა, მთვარესთან გასულიყო კონტაქტზე და სასურველი შეტყობინება იქ ტალღური ტელესკოპით გაეგზავნა. მის მიერ გაგზავნილ მესიჯს კი მთვარე იქაურ სადგურზე ირეკლავდა და უკან აბრუნებდა. შემდეგ კი მარტინი ამ უკან დაბრუნებული შეტყობინებების ჩანაწერებს აკეთებდა. პროექტზე მუშაობისას მე გავახსენდი და მკითხა, ხომ არ მქონდა სურვილი, მთვარის ბაზაზე რაიმე მესიჯი მეც გამეგზავნა. რა თქმა უნდა, კოსმოსური ნეტარებით დავთანხმდი. გადავწყვიტე, მთვარეს ქართულად დავლაპარაკებოდი და მისთვის სიყვარული ამეხსნა. ალბათ პირველი მუსიკოსი ვარ, ვინც რეალურად დაელაპარაკა მთვარეს და თანაც ქართულად. მე მას ვუთხარი: „გამარჯობა მთვარე, მიყვარხარ! დაჩი ხასაია, ადამიანი∞სამყარო.” 

ქართულ ენას რაც შეეხება, ბელგიაში ვცხოვრობ და იქ ინგლისურენოვან მუსიკას უსმენენ. მე შემიძლია ინგლისურადაც დავწერო. კი, მაქვს ინგლისური კომპოზიციებიც, მაგრამ გული უფრო ქართულისკენ მიმიწევს. ეს ჩემი მშობლიური ენაა და თან ვფიქრობ, რომ ქართულ ალტერნატიულ მუსიკას აკლია ახალი არტისტები. მე არ ვფიქრობ ფინანსურ მხარეზე. მე ვცდილობ, რომ ჩემი სახით, ერთ-ერთი ახალი მუსიკოსის სახით, ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ახალი სიმღერები შევმატო. მეგრული „სისა-ტურაც” მაქვს ჩაწერილი და კიდევ მინდა, რომ რამდენიმე კომპოზიცია მეგრულ ენაზეც დავწერო ლოუ-ფაი ჟანრში, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა. ძალიან მომწონს ჩვენი თანამედროვე ბენდები და გამიხარდებოდა, რომ უფრო მეტს წერდნენ ქართულად და ქართულად გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს და ამბებს.” 

თავისი ემოციებისა და ამბების ქართულად გადმოცემას დაჩი ხასაია ამ ეტაპზე ისევ ბელგიაში განაგრძობს. თუმცა, როგორც ამბობს, საქართველოში ჩამოსვლას უფრო ხშირად და ხანგრძლივად გეგმავს. საქართველოს უკავშირდება მისი სამომავლო გეგმებიც.

„ადამიანი სამყარო ზოგადად სახლის პროექტია – სახლის სტუდიაში გაკეთებული პროექტია და სახლშივე გრძელდება. ყველაფერს მარტო ვწერ, ყველა ინსტრუმენტზე მე ვუკრავ. ხალხს ჰგონია, რომ ბენდია, არადა ყველაფერს მე თვითონ ვწერ. დღეს ძირითადად ყველა ასე აკეთებს და ძალიან საინტერესოა. ზოგადად მე არ ვარ დაინტერესებულისცენაზე გამოსვლით, ასე მუშაობა მომწონს. თუმცა ძალიან მინდა, რომ ადამიანი∞სამყარო საქართველოში ჩამოვიდეს და ქართველ მსმენელთან უფრო ახლოს იყოს. ამიტომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოში კონცერტი გავმართო. ასევე მინდა ჩემი ალბომების დისკებად და ვინილებად გამოცემა და მათი პრეზენტაციაც აუცილებლად საქართველოში შედგება. ისე კი ადამიანი∞სამყარო ისევ ისე განაგრძობს არსებობას და უსასრულოდ გაგრძელდება. ამ მოგზაურობის მანძილზე კი ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება. მსმენელი უნდა ელოდოს ახალ იდეებს, ახალ ემოციებს, რასაც განვიცდი მე და რასაც განიცდიან ისინი ჩემთან ერთად. ეს იქნება კვლავ კოსმოსში დაბრუნება, კიდევ უფრო შორს წასვლა, საიდანაც უკვე გალაქტიკებს გადმოვხედავთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გვაქვს წინ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართულმა მუსიკალურმა კომპანია Bloom Music-მა Sony Music Publishing-თან და Extreme Music-თან ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

შემდეგი სტატია

Nile Rodgers & Chic – მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პროექტი დიდი ისტორიით

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი