Nile Rodgers & Chic – მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პროექტი დიდი ისტორიით

ნაილ როჯერსი პროდიუსერის ამპლუაში ისეთ სახელებთან ასოცირდება, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, დაიანა როსი, მიკ ჯაგერი, მადონა, Daft Punk, Avicii, ლედი გაგა, სემ სმითი, ბიონსე და მრავალი სხვა.
ფოტო: ემი ჰარისი

5 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე, Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე Nile Rodgers & Chic წარდგება. კონცერტი თავისი მასშტაბით პრეცედენტულ ხასიათს ატარებს და აუდიტორიას განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.

მუსიკალურ ინდუსტრიაში იშვიათია არტისტი, ვისი კარიერა და შემოქმედება იმდენად მრავალმხრივია, როგორიც ნაილ როჯერის. მას ვრცელი ბიოგრაფია აქვს.  როდესაც მასზე, როგორც მუსიკოსზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არამხოლოდ სიმღერების ავტორის და შემსრულებლის კარიერას, არამედ იმ წვლილს, რომელიც თანამედროვე მუსიკალური სცენისა და პოპ კულტურის განვითარებაში მიუძღვის. ნაილ როჯერსი რამდენიმე „გრემის“ მფლობელია. სხვადასხვა დროს მან მუსიკალური სცენის არაერთი ლეგენდა აღმოაჩინა და მათი ალბომის პროდიუსერი გახდა. ნაილ როჯერსმა თავისი რეპუტაციით და გამოცდილებით უნიკალური პერსონალური ბრენდი შექმნა, მასთან თანამშრომლობა არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივებისათვის წარმატებასთან ასოცირდება. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება ბიონსეს ახალ ალბომს უკავშირდება, რომლის პროდიუსერიც სწორედ ნაილ როჯერსია. 2023 წელს ამ ალბომისთვის მან „გრემი“ მიიღო.  

Black Sea Arena

კიდევ უფრო კონკრეტულად: ნაილ როჯერსი სიმღერების ავტორი, შემსრულებელი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, გიტარისტი, ჯგუფ CHIC-ს დამფუძნებელი და არაერთი ჰიტის ავტორია. ამჟამად როჯერსი Abbey Road Studios-ის მთავარი შემოქმედებითი მრჩეველია. ნაილ როჯერსი პროდიუსერის ამპლუაში ისეთ სახელებთან ასოცირდება, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, დაიანა როსი, მიკ ჯაგერი, მადონა,  Daft Punk, Avicii, ლედი გაგა, სემ სმითი, ბიონსე  და მრავალი სხვა.

ნაილ როჯერსი 1952 წლის 19 სექტემბერს ნიუ იორკში დაიბადა. როჯერსი ადრეული ასაკიდანვე მუსიკით დაინტერესდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა.16 წლის იყო, როდესაც გიტარაზე რამდენიმე ბენდში უკრავდა. ყოველი ბენდი სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობდა, ამიტომ, მოზარდობიდანვე ჯაზთან, ლათინურ, თუ აფრიკულ მუსიკასთან ჰქონდა შეხება. 

1970 წელს როჯერსმა ბასისტი ბერნარდ ედვარდსი გაიცნო. თავდაპირველად The Big Apple Band ჩამოაყალიბეს და ამავდროულად სხვადასხვა ჯგუფის და არტისტისათვის ბექ ვოკალს ასრულებდნენ. ამის შემდეგ ნაილი და ბერნარდი დრამერ ტონი ტომპსონთან გაერთიანდნენ და ახალი მუსიკალური პროექტი – The Boys დააფუძნეს. The Boys როკ ბენდი იყო და მიუხედავად მათ მიმართ მსმენელის ყურადღებისა, მუსიკალურმა კომპანიებმა კონტრაქტის გაფორმებისაგან თავი შეიკავეს. მიზეზი ის იყო, რომ ჯგუფის წევრები შავკანიანი მუსიკოსები იყვნენ, მუსიკალურ კომპანიებს კი მიაჩნდათ, რომ როკის სამყაროში შავკანიანი მუსიკოსებისაგან შემდგარი ბენდი პოპულარობას რთულად მოიპოვებდა.

1977 წელს ნაილმა და ბერნარდმა  The Big Apple Band-ს სახელი შეუცვალეს და CHIC დაარქვეს. საქმე ის არის, რომ ამ დროს, ნიუ იორკის მუსიკალურ სცენაზე ამავე სახელთ – The Big Apple Band სხვა კოლექტივიც გამოდიოდა, ამიტომ ნაილს და ბერნარდს სახელის გადარქმევა მოუწიათ. სწორედ ასე გაჩნდა CHIC. 

Roxy Music-ის ინსპირაციით, CHIC-ის მუსიკამ გააერთიანა ჯაზის, სოულის და ფანკის ელემენტები. კონცერტებისა და ახალი რელიზების კვალდაკვალ, ბენდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად იქცა. Le Freak, I Want Your Love, Everybody Dance, Dance, Dance, Dance, My Forbidden Lover,  Good Times –  ეს ის ტრეკებია, რომლებიც იმ პერიოდის კლუბური მუსიკის, პოპისა და R&B-ის სტანდარტების განმსაზღვრელ მუსიკალურ ნამუშევრებად იქცა. 

80-იანებში CHIC დაიშალა და ნაილ როჯერსმა სხვადასხვა არტისტთან პროდიუსერის ამპლუაში თანამშრომლობა დაიწყო. სწორედ როჯერსია დევიდ ბოუის ყველაზე გაყიდვადი ალბომის – Let’s Dance-ის პროდიუსერი. ასევე როჯერსის პროდიუსერობით შეიქმნა მადონას მეგა ალბომი –  Like a Virgin. 80-იანი წლების შუა პერიოდში ნაილ როჯერსი უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდიუსერი იყო. 

ნაილ როჯერსი, ბერნარდ ედვარდსი და დევიდ ბოუი. ფოტო: ებეტ რობერტსი.

მიუხედავად ნაილ როჯერსის მუსიკალური კარიერის კურსის შეცვლისა, საბოლოოდ მისი შემოქმედება კვლავ CHIC-თან გადაიკვეთა. 1992 წელს როჯერსმა და ედვარდსმა ჯგუფი აღადგინეს. 1996 წელს CHIC-მა ალბომი გამოუშვა, სადაც მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად, ბენდის ძველი რეპერტუარის ახლებური ინტერპრეტაცია შესრულდა. ამავე წელს, ბენდმა კონცერტები გამართა იაპონიაში. სწორედ ამ პერიოდში, 1996 წლის 17 აპრილს, ბერნარდ ედვარდსი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მეგობრის და დიდი ხნის თანამოაზრის სიკვდილმა მას დიდი ემოციური ტრავმა მიაყენა. მოგვიანებით, როდესაც ამ მოვლენას იხსენებდა, არტისტმა აღნიშნა, რომ ბავშვივით ტიროდა, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მეგობრის ხსოვნისათვის საუკეთესო გზა მუსიკალური შემოქმედების გაგრძელება იქნებოდა. 

ნაილ როჯერსი სიმღერების ავტორისა და პროდიუსერის რანგში მოღვაწეობას განაგრძობდა. დროსთან ერთად მასთან ასოცირებული არტისტების სია უფრო იზრდებოდა და ჟანრობრივად მრავალფეროვანი ხდებოდა. 1997 წელს Notorious BIG-მ გამოუშვა ტრეკი Mo Money Mo Problems, სადაც დაიანა როსის ალბომიდან როჯერსის და ედვარდის სიმღერის I’m Coming Out სემპლი გამოიყენა. ტრეკი  Billboard Hot 100-ის ჩარტების ლიდერი გახდა და „გრემის“ ნომინაციაც დაიმსახურა. 

2010-იან წლებში ნაილ როჯერსის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება, სადაც იგი ათწლეულის ყველაზე აქტუალურ ვარსკვლავებთან თანამშრომლობას იწყებს. 2011 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი – Le Freak: An Upside Down Story of Family, Disco, and Destiny გამოსცა. წიგნის გამოცემის შემდეგ Rolling Stone-მა ნამუშევარი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო როკ მემუარებად დაასახელა. 

ფოტო: ჯილ ფურმანოვსკი

2012 წელს როჯერსმა Daft Punk-თან ჯგუფის ბოლო ალბომის – Random Access Memories ფარგლებში თანამშრომლობა დააანონსა. ის არის ალბომის სამი ჰიტის – Give Life Back to Music, Lose Yourself to Dance და Get Lucky გიტარის პარტიის თანაავტორი. როჯერსი ამ სიმღერებში ინსტრუმენტზე თავადვე უკრავს.

2016 წელს როჯერსმა ლედი გაგასთან იმუშავა და Tom Ford-ის 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო ვიდეოსათვის CHIC-ის ჰიტის –  I Want Your Love  რიმეიქი შექმნა. 

2017 წელს ნაილ როჯერსი და ბერნარდ ედვარდსი CHIC-ისთვის როკ-ენ-როლის-დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამავე წელს CHIC, ანუ Nile Rodgers & CHIC, Glastonbury Festival-ზე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელის სტატუსით წარდგა. 

2018 წელს Nile Rodgers & CHIC-მა ალბომი სახელწოდებით Till the World Falls გამოუშვა.

ნაილ როჯერსის  მუსიკალური ისტორია CHIC-თან ერთად და მის მიღმა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ინდუსტრიის ნოვატორი, რომელმაც ყველა ეპოქას ზუსტად გაუგო. ნაილ როჯერსის გამოცდილებამ და პროფესიულმა ინტუიციამ კი თანამედროვე მუსიკალურ სამყაროს უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩენინა. 

ლეგენდარულ მუსიკოსს პროექტით Nile Rodgers & CHIC ქართველი მსმენელი Black Sea Arena-ზე 5 აგვისტოს მოისმენს. Nile Rodgers & Chic-ის კონცერტამდე Front Stage-ზე ქართული თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტები – ნინი ნუცუბიძე და ნიკალა წარდგებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადამიანი∞სამყარო – ბელგიაში მოღვაწე ქართველი არტისტის კოსმოსური მუსიკალური პროექტი

შემდეგი სტატია

შინეიდ ო კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი