წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონს 31 აგვისტოს გახსნის

ტრადიციულად 31 აგვისტოს, წინანდლის ფესტივალი ისტორიულ მამულში გაიხსნება და 10 სექტემბერს დაიხურება.
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

2023 წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ტრადიციულად ფესტივალი 31 აგვისტოს წინანდლის ისტორიულ მამულში გაიხსნება და 10 სექტემბერს დაიხურება. კლასიკური მუსიკის ეს გავლენიანი ღონისძიება თერთმეტი დღის განმავლობაში მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის არაერთ ვარსკვლავს გააერთიანებს და მსმენელს დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

უკვე მეხუთე წელია „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“  რეგიონში საქართველოს კლასიკური მუსიკის ცენტრად წარმოაჩენს. წინანდლის ფესტივალის დაარსების ისტორია დიდია, ყველაფერს საფუძველი კი 2007 წელს ჩაეყარა, როდესაც Silk Road Group-მა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი და წინანდლის მამულის აღდგენის პროექტი დაიწყო. რესტავრაციის შემდეგ, მამულში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“. წინანდლის მამულის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის სივრცეში კლასიკური მუსიკის ღონისძიებები ტრადიციად იქცა და Silknet-ის მხარდაჭერით კონცერტი არაერთმა ქართველმა და საერთაშორისო ვარსკვლავმა გამართა. როგორც წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი, დავით საყვარელიძე აღნიშნავს, კლასიკური მუსიკის ღონისძიებების სერიამ თავისთავად გააჩინა იდეა, რომ ფესტივალი დაარსებულიყო და ეს ადგილი შემოქმედებისა და განათლების ცენტრად ქცეულიყო. 2017 წელს წინანდლის მამულში ამფითეატრი აშენდა. ის მე-19 საუკუნის თაღოვანი მარნების თავზეა განლაგებული. მდებარეობა და არქიტექტურული მახასიათებლები ამფითეატრის განუმეორებელ აკუსტიკას განაპირობებს, რაც ამჟამად, წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია. ამფითეატრის აშენების შემდგომ ფესტივალის ინაუგურაცია შედგა. სცენაზე წარდგნენ ხატია ბუნიათიშვილი და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეტას დირიჟორობით. ეს კონცერტი ათეულობით ქვეყანაში გადაიცემოდა. 

წინანდლის ფესტივალი ოფიციალურად 2019 წელს გაიხსნა და კლასიკური მუსიკის სამყაროში მალევე დაიმკვიდრა თავი. 

ფოტო: წინანდლის ფესტივალი

როგორც უკვე აღინიშნა, წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. 31 აგვისტოს, პირველ საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე დირიჟორი ჯანანდრე ნოზედა და პიანისტი იეფინ ბრონფმანი წარდგებიან. მათ აკომპანირებას პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი გაუწევს. კონცერტზე შუმანის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები შესრულდება.

ჯანანდრეა ნოზედა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დირიჟორია. უკვე მეექვსე სეზონია, რაც ნოზედა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია. 2022 წლის ივნისში მისი კონტრაქტი 2026/27 წლების სეზონამდე გაგრძელდა. 2021 წლიდან ნოზედა ციურიხის ოპერის თეატრის გენერალური მუსიკალური დირექტორის პოზიციას იკავებს. ციურიხში მოღვაწეობისას  ყურადღების ცენტრში მოხვდა „ნიბელუნგების ბეჭდის“ ახალი დადგმა. 2023 წლის დასაწყისში, ჯანანდრეა ნოზედას OPER! AWARDS-ის ცერემონიაზე „წლის საუკეთესო დირიჟორის“ ჯილდო გადაეცა, აღსანიშნავია, რომ მაესტრო ნოზედა წინანდლის ფესტივალის და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკალური დირექტორიც არის. ნოზედა დირიჟორობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებს და პრესტიჟულ საოპერო თეატრებს. იგი ხშირად არაერთი ფესტივალის დირიჟორიცაა. მათ შორის აღსანიშნავია ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრო, ლა-სკალას, მიუნხენის ფილარმონიული, მეტროპოლიტენის ოპერის, ნიუ-იორკის ფილარმონიული,  პარიზის, საფრანგეთის ეროვნული, ფილადელფიის, ვენის ფილარმონიული, ვენის სიმფონიური ორკესტრები, ასევე სამეფო საოპერო თეატრის, ვენის საოპერო თეატრის, ედინბურგის, ზალცბურგის და ვერბიეს ფესტივალების ორკესტრები.

იეფიმ ბრონფმანი თანამედროვე კლასიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პიანისტია. ის იმ ხელოვანთა შორისაა, რომლებსაც მუდამ იწვევენ პრესტიჟული ფესტივალები, ორკესტრები, დირიჟორები და საკონცერტო დარბაზები. ბრონფმანი  შთამბეჭდავი ტექნიკით გამოირჩევა, რაც პრესასა და მსმენელს ერთნაირად აღაფრთოვანებს. ვერბიესა და ზალცბურგში საზაფხულო ფესტივალებზე გამოსვლებისა და მეცო-სოპრანო მაგდალენა კოჟენასთან ერთად გასტროლების შემდეგ, პიანისტმა  2022/23 წლების სეზონი ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარებული კონცერტებით დაიწყო. ამას მოჰყვა გამოსვლები მსოფლიოს არაერთ წამყვან სახელოვნებო სივრცეში. 

იეფიმ ბრონფმანი საბჭოთა ტაშკენტში დაიბადა და 1973 წელს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ისრაელში წავიდა, სადაც თელ-ავივის უნივერსიტეტის რუბინის მუსიკის აკადემიის ხელმძღვანელის, პიანისტ არი ვარდის კლასში სწავლობდა. ბრონფმანმა განათლება ასევე შეერთებულ შტატებში, კერძოდ – ჯულიარდის სკოლაში მიიღო. ბრონფმანი დაჯილდოებულია ევერი ფიშერის სახელობის პრიზით, რომელიც ამერიკელი ინსტრუმენტალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. 2010 წელს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტმა მას ჟან გიმბელ ლეინის სახელობის პრიზი მიანიჭა, 2015 წელს კი მანჰეტენის მუსიკალური სკოლის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა.

წინანდლის ფესტივალის თანმდევი კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია – ეს არის ორკესტრი, რომელიც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. როგორც დავით საყვარელიძე აღნიშნავს, ორკესტრის შექმნის იდეა ახალგაზრდა თაობის ერთიანობაა, რაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს შეიქმნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმფონიური ორკესტრის, მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედაა. დაარსების დღიდან, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის რეზიდენტი ორკესტრია. ის 18-28 წლის ასაკის ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის რეგიონისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ექვს ქვეყანას – საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, უკრაინასა და ყაზახეთს. პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შექმნით, წინანდლის ფესტივალი, როგორც პლატფორმა საგანმანათლებლო კომპონენტის მატარებელიც გახდა:  2019 წლიდან მოყოლებული, ორკესტრის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან წინანდლის მამულის უნიკალურ გარემოში და ექვსი კვირის განმავლობაში ინტენსიურ მეცადინეობებსა და რეპეტიციებს მსოფლიოს წამყვანი პროფესიული ორკესტრების მუსიკოსების ხელმძღვანელობით გადიან. აღსანიშნავია, რომ რეპეტიციები და მასტერკლასები ერთგვარი სახელოვნებო რეზიდენციის სივრცეში მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ სპეციალური სარეპეტიციო დარბაზებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება და საცხოვრებელი აშენდა. 

პან-კავკასიური ორკესტრი არის მემკვიდრე დასავლურ-აღმოსავლური დივანის ორკესტრისა, რომელიც ისრაელელი დირიჟორის დანიელ ბარენბოიმისა და პალესტინელი მეცნიერის ედვარდ საიდის მიერ 1999 წელს დაარსდა. ეს ორკესტრი აერთიანებს არაბ და ისრაელელ მუსიკოსებს. დასავლურ-აღმოსავლური დივანის ორკესტრის მსგავსად, პან-კავკასიური ორკესტრიც მიზნად ისახავს დაყოფილი რეგიონის ხალხთა ერთმანეთთან დაკავშირებას. „რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, ნამდვილად უნიკალურია“ – აღნიშნავს წინანდლის ფესტივალის სამხატვრო თანახელმძღვანელი ავი შოშანი. 

წინანდლის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო მედიის ფოკუსში აქცევს და მას კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ცენტრად წარადგენს.  ყოველწლიურად ფესტივალს  უამრავი გავლენიანი პრესის წარმომადგენელი სტუმრობს. წინანდლის ფესტივალის კონცერტები წელს გადაიცემა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა:  medici.tv. Euronews და სხვა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პრესის ყურადღებას არამხოლოდ ფესტივალის კონცეფცია და პროგრამა, არამედ მისი ჩატარების ადგილი – წინანდლის მამული და მისი ისტორიაც იპყრობს.

2023 წლის საიუბილეო სეზონზე „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სივრცეში მსოფლიო ვარსკვლავებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს და საქართველო მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე მეხუთედ აინთება. 

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ მადონას სცენიდან მიმართა

შემდეგი სტატია

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა - შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
მეტი