ჰამასის შეტევებს ისრაელში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმას ემსხვერპლნენ ღაზის სექტორთან ახლოს გამართული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის სტუმრებიც. ამჟამინდელი მონაცემებით ფესტივალზე სულ მცირე 260 ადამიანია მოკლული. თავდასხმა 7 ოქტომბერს, დილის 6:30-ზე დაიწყო. შეტევა 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც ჰამასის დაჯგუფებამ არაერთი მძევალიც აიყვანა.
მომხდარზე ფესტივალის არტისტ მენეჯერმა, რაზ გასტერმა ისაუბრა და ქრონოლოგიურად აღწერა მოვლენები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე განვითარდა. გასტერი საფესტივალო ტერიტორიაზე 5:30-ზე მივიდა. ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა, როცა ღაზის სექტორიდან რაკეტები ისროლეს, ხოლო დაახლოებით ერთ საათში ჰამასის წევრები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
„დაახლოებით დილის 6:30 იყო, როცა აფეთქებების ხმა გავიგეთ. კულისებიდან გამოვედით და დავინახეთ, რომ ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ასობით რაკეტა და ბომბდამშენი ცვიოდა და ყველაფერს აფეთქებდა“ – იხსენებს რაზ გასტერი.
მისი თქმით, ამ დროს ფესტივალის დაცვამ სტუმრებს ურჩია, რომ ყველა ძირს დაწოლილიყო და უსაფრთხოებისათვის ხელები თავზე დაეწყოთ. თუმცა რამდენიმე წუთში პოლიციამ სიგნალი გადასცა და ყველას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა.
„იმ მომენტში, როცა პოლიციამ გაქცევისაკენ მოგვიწოდა, მითითებას სასწრაფოდ დავემორჩილე. უკვე ვიცოდით, რომ სარაკეტო თავდასხმა იყო, რის დროსაც განსაკუთრებით სწრაფად უნდა იმოქმედო“ – თქვა გასტერმა. როგორც არტისტ მენეჯერი იხსენებს, მისი მანქანა ახლოს იყო გაჩერებული, ამიტომ მოახერხა და ორ თანმხლებთან ერთად ტერიტორია დატოვა. მათ შორის იყო ფესტივალის თანადამფუძნებელიც.
„ძალიან სწრაფად ვმართავდი, არ ვჩერდებოდი – მაშინაც კი, როცა რაკეტა ვარდებოდა. იმდენად სწრაფად ვმოქმედებდით, რომ ბოლომდე ვერც ვხვდებოდით, რა ხდებოდა.“
გასტერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორების მიერ ნაქირავებ ვილაში მიაღწიეს, რომელიც საფესტივალო ტერიტორიიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ამ დროისათვის მათ შეტყობინებები მიიღეს – ჰამასის შეიარაღებული მებრძოლები ფესტივალის ტერიტორიაზე მივიდნენ და იქ მყოფთა დახოცვა დაიწყეს.
არტისტ მენეჯერის თქმით, საფესტივალო ტერიტორიიდან მიღებული ცნობები საკმაოდ მძიმე იყო. ერთ-ერთ სტუმარს, რომელიც ადგილს მანქანით ტოვებდა, ჰამასის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. მის გვერდით მჯდომმა კი, თავი მკვდრად მოაჩვენა, რომ გადარჩენილიყო. „ადამიანები თხრილებში, ბუჩქებში და ტყეებში იმალებოდნენ. მეგობრების და ნაცნობებისგან საშინელ შეტყობინებებს ვიღებდით – ისინი დახმარებას გვთხოვდნენ.“ – ამბობს ფესტივალის არტისტ მენეჯერი.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გასტერმა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურთან და ნაცნობებთან დაკავშირება მოახერხა. უსაფრთხოების სამსახურს საფესტივალო ტერიტორიამდე მისვლისათვის დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.
ფესტივალზე, ისევე როგორც ყველა ლიცენზირებულ ღონისძიებაზე, პოლიცია თავიდანვე იყო მობილიზებული. ისინი პირველები იყვნენ, ვინც ფესტივალის სტუმრების დაცვა სცადეს. ჩვენ ებრაელები ვართ, შესაბამისად უმეტესობას საბრძოლო გამოცდილება გვაქვს. ამიტომაც, ფროდაქშენის გუნდიდან ზოგიერთმა ჩვენგანმა ჰამასის რამდენიმე ტერორისტის მოკვლა შეძლო. გასტერის თქმით, თავად ფესტივალის დამფუძნებელმა ორი ტერორისტი გაანეიტრალა.
თავდასხმის დასრულების შემდგომ, როდესაც ორგანიზატორები ისრაელის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ტერიტორიაზე მივიდნენ, გადარჩენილების ძებნას შეუდგნენ. „24 საათის განმავლობაში ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვეპოვნა და სიცოცხლის ნიშნები აღმოგვეჩინა.“ – ამბობს არტისტ მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ Universo Paralello თავდაპირველად სხვაგან უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორებმა ადგილი ფესტივალის გამართვამდე ორი დღით ადრე შეცვალეს. Universo Paralello ბრაზილიაში დაფუძნებული ფესტივალია და უკვე ორი ათწლეულია იმართება.