მარინა სოლომონია – სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი

ნულიდან დაწყებული ცხოვრება, სოხუმის გარეშე და წიგნების გავლენით შერჩეული პროფესია „დედაჩემი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, კლინიკაში ბოლო დღეებს რომ ითვლიდა, გიტარა მოითხოვა“…
მარინა სოლომონია
მარინა სოლომონია

ალბათ რთულია სრულად წარმოიდგინო და გაიაზრო რის გადატანა მოუხდა იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი მიწა-წყალი დატოვა, სახლ-კარიდან იძულებით აყარეს და შემდეგ უკვე დედაქალაქსა თუ სხვა ადგილებში, ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუხდათ. პარალელურად ამისა, ესაუბრო პროფესიაზე, ინტერესებსა თუ ყოველდღიურობაზე, მაგრამ ვფიქრობ, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობ მარინა სოლომონიასთან დიალოგისას, ეს შესაძლებელი გახდა…

მარინა სოლომონია

– „…მას შემდეგ რაც სოხუმი დავტოვე, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემს სახლში ერთხელ დავრეკე. ჩემთვის უცნობმა ქალმა რუსულად მიპასუხა, აგრესიულად შემხვდა და როცა ვუთხარი, რომ მე ის ვიყავი, ვინც იქ მანამდე ცხოვრობდა, მაშინვე ყურმილი დამიკიდა. ხელმეორედ აღარ დამირეკავს, რა აზრი ჰქონდა?!

სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავით, მხოლოდ ერთი ჩემოდნით წამოვედით. გადაჭედილი ავტობუსში მხარს რომ ვერ იცვლი, ისევე იყო ხალხით სავსე თვითმფრინავის ყველა წერტილი. ჟანგბადი არ გვყოფნიდა და სუნთქვა ჭირდა. მთელი გზა შიში არ გვტოვებდა. თბილისში რომ დავეშვით და მიწას ფეხი დავადგი, შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე… ომის დროს სოხუმში ჩემი სახლიც დაზიანდა. შვილებს სადაც ვაძინებდი, იმ ოთახს ბომბი დაეცა და ჩამოინგრა…

იცით, ყველაზე მეტად გული რაზე დამწყდა? ავეჯს თუ სხვა ნივთს იყიდი, ფული მიდი-მოდის, მაგრამ არის რაღაცები,რასაც ვერ შეიძენ. ასეთია ფოტოები, რომელიც ჩემი ოჯახისა და ცხოვრების ამსახველია. ყველაზე მეტად გული სწორედ იმ ალბომებზე მწყდება, რომელიც სოხუმში დამრჩა“…

– „არაჩვეულებრივი დედა მყავდა, ლიდა გაბელაია უტკბესი და უთბილესი ქალი. თავის დროზე ლეგენდარული ლოტბარის ნოკო ხურციას ანსამბლის წევრი. შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე, ჩონგურსა და ფანდურზე. მათ შორის კლასიკას გიტარის თანხლებით. გამორჩეულად ასრულებდა უტკბილეს მეგრულ სიმღერებს და სიცოცხლის ბოლომდე ასე იყო… 

მარინა სოლომონია
მარინა სოლომონია

დედაჩემმა სოხუმში 6 გიტარა და ერთი ბანჯო დატოვა. თბილისში ჩამოსულებს არაფერი გქონდა და ჩემი მაზლის წყალობით გადმოცემულ ბინაში, 6 სულმა ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. დედაჩემი სულ თავის ინსტრუმენტებს ახსენებდა, ერთ დღესაც ჩემმა მეუღლემ 2 გიტარა იყიდა, ერთი მისთვის და ერთიც თავისთვის, რადგან ისიც კარგად უკრავს და მღერის. ჩემი მეუღლე ნუგზარ ჩიქოვანი აფხაზეთის ტელევიზიაში მუშაობა, დიქტორი იყო. ჩვენ რომ თბილისში ჩამოვედით, ის სოხუმში დარჩა. შემდეგ კი ქალაქის დატოვება ჭუბერით მოუწია… 

დედაჩემი ახლახან გარდაიცვალა, 96 წლის ასაკში. კოვიდი რომ არა, ალბათ კიდევ იცოცხლებდა. შესანიშნავი ხმა ბოლომდე შეინარჩუნა. კლინიკაში რომ იწვა, იქაც კი მღეროდა. ბოლო დღეებს ითვლიდა და მაინც გიტარა მოითხოვა“…

მსახიობი თავად არ მღერის, თუმცა, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის აქტიური მსმენელია. მისი ქალიშვილი პიანისტია და მუსიკისადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესი, ამ ფაქტმაც გამოიწვია. ერთხანს შირლი ბესი და მის მიერ ნამღერი „My way “ აიკვიატა, ასევე მოსწონდა ამავე ბრიტანელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერები: „When I was young“ და „My life“. მძიმე როკთან ვერ მეგობრობს, დაინტერესებულია: ჯაზით, კლასიკით,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პოპ მუსიკის მსმენელია.

მარინა სოლომონიას პროფესიულ არჩევანზე გავლენა კითხვამ და იმ ცალკეულმა ნაწარმოებებმა მოახდინა, რომლის დროსაც წარმოსახვაში ესა თუ ის პერსონაჟი „ხდებოდა“ და წიგნში განვითარებული მოვლენები, მის გარშემო „ვითარდებოდა“. შემდეგ მსახიობის ცხოვრება – შემოქმედებით დაინტერესდა. სქელტანიანი ჟურნალის „თეატრი“ გამოიწერა, რომელსაც იღებდა მისამართზე: სოხუმი, თარხნიშვილის ქუჩის N56. მისმა ბავშვობამ აქ განვლო, ეზოიან სახლში, გარშემო არაჩვეულებრივი სამეზობლო, იქვე ახლოს იყო ზღვა და ცენტრალური ბულვარი…

თეატრალურ ინსტიტუტში, სპეციალურად სოხუმის თეატრისთვის შექმნილ 9 კაციან ჯგუფს დავით კობახიძე ხელმძღვანელობდა. სტუდენტებს შორის ერთ-ერთი მარინა აღმოჩნდა. პედაგოგს მადლიერი იხსენებს და ამბობს, რომ „ჩემს პროფესიაში რაც ვიცი და რაც კი გამიკეთებია, ეს ჩემი პედაგოგის ბატონი დათოს დამსახურებაა“.

მარინა სოლომონია 1985 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია. აფხაზეთში არაერთი როლი შეასრულა, შემდეგ კი დასის სხვა წევრებთან ერთად, მუშაობა თბილისში განაგრძო. დღემდე სცენაზეა – როგორც სოხუმის თეატრის ერთ-ერთი აქტიური მსახიობი. 

მარინა სოლომონია

– „ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე ყველანაირად შეეცადა ჩვენთვის შინაური გარემო შეექმნა. ამას ხელს უწყობს ჩვენი დასის გამგე, სვეტა გოგოხიაც, რომელიც მსახიობებს ძალიან გვიყვარს.მასაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს ჩვენთან და ეს სითბო, ხელშეწყობა და ურთიერთგაგება,ურთიერთობებისას უმნიშვნელოვანესია.

მარინა სოლომონიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი:გიორგი და თათია. 6 წლის შვილიშვილ ნოაზე ლაპარაკისას გამომეტყველება შეცვლილი ამბობს: „კეთილშობილი ადამიანია. მიუხედავად თავის მცირე ასაკისა, ისეთი მამაკაცური თვისებები აქვს, გაოგნებული ვრჩები ხოლმე. ნორვეგიელი სიძე მყავს, არაჩვეულებრივი ოჯახით და როცა მათთან, ანუ ჩემი ქალიშვილის ოჯახში ჩავდივარ, მათ გვერდით თავს განსაკუთრებით უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ“…

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შემდეგი სტატია

Billboard Women In Music 2024 - Youtube-ის თეატრი, 2024 წლის 6 მარტი, ფოტო: რიჩ პოლკი

2024 წლის  Billboard Women in Music დაჯილდოება – ნომინანტები, სიურპრიზები და გულშემატკივრები

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი