პირველი ქართველი მუსიკოსი ელგა ფორჩხიძე, რომელიც საფრანგეთის The Voice-ში წარდგა

„კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართული სიტყვა გავაჟღერე ასეთი პლატფორმიდან და ისტორიაც დავწერე, რადგან მე ვარ საფრანგეთში პირველი ქართველი, რომელმაც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ქართული სიტყვა თქვა.“
Elga - Le temps des fleurs
Elga – Le temps des fleurs

ქართველი მომღერალი ელგა ფორჩხიძე უკვე წლებია საფრანგეთში მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური ბექგრაუნდი საკმაოდ მრავალფეროვანია, ელგა საფრანგეთში The Voice-ში მონაწილეობაზე მოწვევას დათანხმდა, რაც, მუსიკოსის თქმით, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. ელგას მუსიკალური კარიერა საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო, სადაც იმ პერიოდში არსებულ თითქმის ყველა მუსიკალურ კონკურსში თუ შოუში იღებდა მონაწილეობას.

ბილბორდ საქართველო საფრანგეთში მყოფ მუსიკოსს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ელგა ფორჩხიძე:

„ჩემი კარიერა საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო. ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, მაგრამ, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მაინც რაღაცას ვახერხებდი. იმ პერიოდში, რაც კი რამ პროექტი (თუ სიტყვა პროექტი ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება) სატელევიზიო კონკურსი თუ გადაცემა იყო, ვცდილობდი ყველგან ვყოფილიყავი. იყო ასეთი კონკურსი, „პრესტიჟ შოუ“, სადაც 92-93 წელს მივიღე მონაწილეობა, იქამდე 91-წელს მივიღე მონაწილეობა შოუში „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“, შემდეგ იყო სატელევიზიო ფესტივალი „იდეა“, მერე მეორე არხის მუსიკალური შოუ, ასევე 93-94 წლებიდან ვმღეროდი ერთ-ერთ ანსამბლში, რომლის სახელწოდებაც იყო „ვნება“, ასევე ჩაწერილი მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელიც დღემდე ტრიალებს ქართულ მუსიკალურ რადიოებში, ეს იყო 90-იანებში გაკეთებული სიმღერების რიმეიქები, „მიმღერე რამე“, რომელიც ქართულ რადიო სივრცეში დღემდე ტრიალებს, ასევე „მე არ მინდა სხვა“ ჰქვია ერთ ჩემ სიმღერას და „მოფერების დრო“.  საქართველოდან 2003 წელს წამოვედი და 16 წელია უკვე პარიზში ვცხოვრობ.“ 

ამჟამად ელგა პარიზის ერთ-ერთ ისტორიულ კაბარეში, Aux Trois Mailletz-ში მღერის, სადაც ძალიან ბევრ ცნობილ შემსრულებელს დაუდგამს წარმოდგენა.

„პარიზში უკვე 13 წელია რაც ერთ-ერთი უძველესი ფრანგული კაბარეს სოლისტი ვარ. ის პარიზის მეხუთე ისტორიულ უბანში მდებარეობს და ჰქვია Aux Trois Mailletz, რაც ქართულად „სამ უროს“ ნიშნავს. ამ კაბარეში ძალიან ბევრ მსოფლიო ვარსკვლავს უმღერია და დაუკრავს. 60-იან წლებში აქ ჯაზ-კლუბი იყო და ჯაზის ძალიან ბევრი კორიფე გამოსულა. 60-იანი წლების მერე კი მსოფლიო მუსიკის კაბარედ გადაკეთდა, სადაც მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა, მსოფლიო კულტურის თითქმის ყველა წარმომადგენლის საოცარი შესრულებები მოისმინონ. მე ვარ ერთადერთი და პირველი ქართველი მომღერალი ამ სივრცეში. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, წარდგენისას ქართლად გამოვეცხადებინე და რეპერტუარში ქართული სიმღერებიც შემეტანა. ასეც მოხდა და დღეს ამ კაბარეში ქართულ ენაზეც სრულდება სიმღერები.“

ელგა ფორჩხიძე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც საფრანგეთის  The Voice-ში მიიწვიეს, სადაც აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ფრანგი მომღერლის, დალილას ცნობილი სიმღერა,  Le temps des fleurs ქართული ტექსტითაც შეასრულა. საფრანგეთის The Voice-ის ჟიურის წევრები ცნობილი მუსიკოსები მიკა, ვიანი, ზაზი და ფრანგული ჰიპ-ჰოპ დუეტი Bigflo და Oli არიან.

„რაც შეეხება ჩემს „ვოისში“ მონაწილეობას,  ძალიან ორიგინალურად მოხდა ყველაფერი. პრინციპში არც კი მიძებნია გზები ამ პროექტში მოსახვედრად. ზოგადად არ მიყვარს კონკურსები და სიმღერაში შეჯიბრი. ეს ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ სიმღერა ძალიან ინდივიდუალური და პერსონალური რამ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ვახსენე 90-იანი წლები, მაშინ ასეთი პროექტები ხშირი არ იყო, ასაკსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, უფრო პატარა რომ ვყოფილიყავი, თავადაც ჩავერთვებოდი.

ერთ დღესაც გაისმა ზარი ტელეფონზე, რომელსაც ძალიან იშვიათად ვპასუხობ – უცხო ნომრებს ძირითადად არ ვპასუხობ – და აღმოჩნდა, რომ მირეკავდნენ სტუდიიდან, რომელიც „ვოისის“ პროექტს ამზადებს. ეს იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი კასტინგის ჯგუფიდან და აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ სივრცეში გადააწყდა ჩემ ვიდეოს, დაინტერესდა, მომღერლების ბაზაში მომძებნა და დამიკავშირდა შემოთავაზებით. ძალიან მოეწონათ ჩემი ხმა, ტემბრი, შესრულების მანერა და სურდათ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. თავიდან დავფიქრდი, იმიტომ რომ ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მერე ჩემ თავს ვუთხარი – „რატომაც არა?“ და სწორედ ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში, ერთი ზარით, რომელიც განხორციელდა Itv – Studio-დან. დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მომზადებას. იქამდე, სანამ ბრმა კასტინგი დაიწყება, არის კონკურსის სამი ეტაპი, საკმაოდ რთული გზა ყოფილა და ეს წარმოდგენილიც მქონდა, რადგან საკმაოდ დიდი ქვეყანაა და კონკურენცია ძალიან დიდი იყო –  58 000 განაცხადიდან პირველ ეტაპზე 105 ადამიანი მოვხვდით. სამი სიმღერა უნდა გვემღერა ჩვენი შერჩევით. მე შევარჩიე ორი ფრანგული და ერთი ქართული, ერთიც დამატებითი ინგლისური სიმღერა, საიდანაც სამი პირველ დახურულ კონკურსზე ვიმღერე. შემდეგ იყო მეორე ეტაპი, სადაც მუსიკალურ პროდიუსერთან გვქონდა შეხვედრა და მზადება მეორე ტურისთვის, პირველი ტური იყო ივნისში მეორე ტური – სექტემბერში, სადაც ოთხი სიმღერა შევასრულე. საბოლოოდ სიმღერაა Le temps des fleurs შეირჩა, რომელიც ბოშურ მოტივებზეა და საფრანგეთში ცნობილი მომღერლის, დალიდას შესრულებით არის ცნობილი. უკვე ვიცოდი, რომ ამ სტილში უნდოდათ ჩემი წარმოჩენა, რადგან ჩემი რამდენიმე სიმღერაა ამ ბოშურ სახასიათო სტილში. ამ პროექტში ალბათ ამიტომაც დამპატიჟეს, რომ პროექტი ამ კუთხით გაელამაზებინათ და გაემრავალფეროვნებინათ.  ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ჩემ შემოთავაზებას დათანხმდნენ და პირველი სტროფი ქართულად გავაკეთე. პრინციპში, პროდიუსერები ყველანაირად ეცადნენ, ამ სიმღერაზე გამეკეთებინა საბოლოოდ არჩევანი, რომ ეს შოუ მხიარული დასამახსოვრებელი ყოფილიყო. შემდეგ იყო მესამე ტური, სადაც ორკესტრთან ერთად გავიარეთ ეს სიმღერა და უკვე ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ 105 ადამიანი მოხვდა ამ პროექტში. 

საერთოდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ყველა ჩემი გამოსვლით ვცდილობ მაქსიმალურად პროფესიონალურად და დახვეწილად წარვდგე მსმენელის წინაშე. ამ კონკურსმა რაღაცნაირად ეს დამანახა, რომ შრომას, ბრძოლას და ნიჭს ალტერნატივა არ აქვს.  შემდეგი საკითხია უკვე რა უნდათ შენგან. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ამ პროექტში მოვხვდი ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა, მივხვდი, რომ შეუმჩნეველი არ რჩება არაფერი. შთამბეჭდავი იყო მათი მუშაობის წესი, როგორი ორგანიზებულები და პროფესიონალები იყვნენ. ყველასთან მუშაობდა ვოკალის, კოსტიუმების, ფსიქოლოგებისა და პროდიუსერების ჯგუფი და ეს ძალიან დასაფასებელია.

უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ უარი არ ვთქვი და არანორმალურად დიდი ადრენალინი, გამოცდილება და განცდები მივიღე ამ კონკურსით. როდესაც სცენაზე ჩაწერის  დღეს გავდიოდი, ჩემ თავს ვუთხარი: „შენ არ ხარ აქ მოსაგებად მოსული, შენ ხარ იმისთვის რომ გაერთო, კონცერტი ჩაატარო, ისიამოვნო და ხალხიც ასიამოვნო“. ამ სიტყვებით გავედი სრულ სიჩუმეში, ყველა სულგანაბული ელოდა პირველ ბგერას და პირველი ბგერაც გაისმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რას განვიცდიდი იმ მომენტში, ვუთხარი ერთი რამ – ვიყავი საოცრად ამაყი, რადგანაც აბსოლუტური მაქსიმუმი დავდე იმ მომენტში, რაც ამ სიმღერის ფარგლებში იყო ჩემზე დამოკიდებული. ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი მსოფლიოში ისეთ ცნობილ პროექტში, როგორიც არის „ვოისი“, მითუმეტეს საფრანგეთში. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც არათუ ცხოვრება, მოგზაურობაზეც კი ზედმეტი იყო ოცნება და ფიქრი და მე დღეს ვცხოვრობ პარიზში, მოვხვდი ამ პროექტში, სადაც ჩემთვის, საკუთარი თავისთვის, გამარჯვებული ვარ, რადგან ვარ აქ ამხელა გზის შემდეგ, იმ რეალობიდან ამ რეალობამდე.

ჟიურის შეფასება ძალიან მაღალი იყო, მათი შეფასებით მე ვარ პროფესიონალი დიდი გამოცდილებით. მიკამ როსი დე პალმას შემადარა, ალმოდოვარის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პერსონაჟს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ასეთ გამორჩეულ ადამიანთან გაავლო პარალელი, ბოლოს სცენაზე ამოვიდა და ხელით გამაცილა, რაც ერთგვარი ჟესტია, რომ კოლეგა კოლეგას პატივს სცემს. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთი პლატფორმიდან ქართული სიტყვა გავაჟღერე და ისტორიაც დავწერე, რადგან მე ვარ საფრანგეთში პირველი ქართველი რომელმაც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ქართული სიტყვა თქვა“.

მუსიკოსს წინ საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ყველაზე დიდი კი მისი სოლო კონცერტია, რომელიც 2025 წლისთვის საიუბილეო წლის აღსანიშნად იგეგმება

„რაც შეეხება ჩემ სამომავლო გეგმებს, მომავალ წელს საიუბილეო წელი მაქვს და ვემზადები სოლო კონცერტისთვის, რომელიც ჩემ 50 წლისთავს მიეძღვნება. მთელი წელი მექნება ამის სამზადისი, ჩემი ალბომი დასრულდება, რომელიც ჩაწერის პროცესშია. 2024 იქნება მოსამზადებელი, რა დროსაც 50 წელი მისრულდება. 2025 წელი უკვე მთლიანად დაეთმობა საიუბილეო წელს და პარიზში საკმაოდ მასშტაბურ სოლო კონცერტს ვგეგმავ.“ 

მოისმინეთ ელგა ფორჩხიძის მიერ შესრულებული სიმღერა საფრანგეთის The Voice-ში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Women In Music 2024 - Youtube-ის თეატრი, 2024 წლის 6 მარტი, ფოტო: რიჩ პოლკი

2024 წლის  Billboard Women in Music დაჯილდოება – ნომინანტები, სიურპრიზები და გულშემატკივრები

შემდეგი სტატია

მარკ რონსონი ამბობს, რომ Barbie-ის საბოლოო ვერსიიდან სიმღერის I’m Just Ken ამოჭრა სურდათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კამალა ჰარისი კამპანიის ფარგლებში თავისი გუნდის წინაშე ბიონსეს Freedom-ის ფონზე წარდგა

ჰარისმა გუნდს მას შემდეგ მიმართა, რაც ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად მხარი მას დაუჭირა.
მეტი

მუსიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმიანებიან

„ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ეტაპზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია,” - განაცხადა ბაიდენის მხარდამჭერმა ბარბრა სტრეიზანდმა.
მეტი