Scorpions – „მძიმე მეტალის გმირები”

ლეგენდარული როკბენდი კონცერტს 31 მაისს შეკვეთილში გამართავს.
Scorpions
Richard E. Aaron/Redferns

თითქმის 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა როკბენდი დააარსა. როგორც მუსიკოსი ამბობს, იმ დროს მათი წარმატების არავის სჯეროდა, თუმცა დღეს ის ევროპის ყველაზე წარმატებულ როკჯგუფად მიიჩნევა მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით. ბენდს Scorpions დაარქვეს. 

„ძალიან რთული იყო,” – ამბობდა შენკერი Billboard-თან ინტერვიუში. „ჩვენ აუტსაიდერები ვიყავით და მედია მხარს არ გვიჭერდა. არავის სჯეროდა, რომ გერმანულ ბენდს შეეძლო კონკურენცია გაეწია ამერიკული და ბრიტანული ჯგუფებისთვის. „ვის სჭირდება გერმანული ბენდის ინგლისურად სიმღერა?” – ამბობდნენ ისინი.” 

თუმცა ამ ხმებს ბენდის შემართება არ დაუსუსტებია. რუდოლფ შენკერი მუდმივად შეურყეველი გამწევი ძალა იყო Scorpions-ის უკან. ის მამის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას იზიარებდა: „არაფერია შეუძლებელი, სანამ მისი გჯერა.” ჯგუფის შექმნის წამიდან შენკერს მხოლოდ ერთი ამბიცია ჰქონდა: „ერთ დღესაც Scorpions მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო როკბენდი იქნება!” ამ იდეას კი თავი ბენდის ყველა წევრმა მიუძღვნა. ისინი უკრავდნენ კლუბებში, მოგზაურობდნენ საკუთარი სატვირთო მანქანით, დაჰქონდათ თავიანთი აღჭურვილობა და მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ. 

1972 წელს Scorpions-მა სადებიუტო ალბომის გამოცემა შეძლო, სახელწოდებით Lonesome Crow, რომლის 25 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. შემდეგ იყო 1974 წელს გამოცემული Fly to the Rainbow, რომელმაც კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვა. ხოლო ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Speedy’s Coming, ბენდის ჟღერადობაც გაცხადდა.

თუმცა ჯგუფის მსოფლიო წარმატება 1979 წლიდან იწყება, როცა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Lovedrive გამოუშვეს, რომელსაც კრიტიკოსთა ნაწილი მათი კარიერის კულმინაციადაც აფასებს. მასში შედის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Loving You Sunday Morning, Always Somewhere, Holiday, და ინსტრუმენტული Coast to Coast. ამ ალბომმა უკვე მკაფიოდ ჩამოაყალიბა Scorpions-ის ფორმულა: მძიმე როკისა და მელოდიური ბალადების ნაზავი. სწორედ Lovedrive გახდა ბენდის პირველი ალბომი, რომელიც Billboard 200-ში შევიდა (55-ე ადგილზე). ჯამში ჩარტში მათი 20 ალბომია შესული, აქედან 3 – ტოპ ათეულში (Savage Amusement – 5, Love At First Sting – 6 და Blackout – 10).

გერმანიაში Scorpions-ს მხოლოდ 1990 წელს გამოცემული ალბომის Crazy World მილიონი ეგზემპლარი აქვს გაყიდული, რითაც ისეთ როკბენდებს უტოლდება, როგორებიც არიან Nirvana, AC/DC და Guns‘N Roses.

Scorpions
MOA

მრავალი ვერცხლის, ოქროსა და პლატინის სერტიფიკატის გარდა, Scorpions გამორჩეულია მისი ტურნეებითაც. თითქმის 60 წლის შემდეგაც ისინი აქტიურად მართავენ კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში. რთულად მოიძებნება ასეთი კალიბრის სხვა ბენდი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ასეთი სიხშირით მოგზაურობს. მსოფლიოს ყველა კუთხეში ბენდს ათასობით კონცერტი აქვს გამართული. 

1988 წელს Scorpions იყო პირველი დასავლური როკბენდი, რომელმაც 5 სრულად გაყიდული კონცერტი დაუკრა ჯერ კიდევ საბჭოთა ლენინგრადში. Scorpions პიონერი იყო სხვა ქვეყნებშიც. სწორედ მათ გაუხსნეს კარი სხვა დასავლურ ბენდებს ჩინეთსა და სამხრეთ აზიაში.

1989 წელს კი მოსკოვის მშვიდობის ფესტივალზე ბენდმა საბოლოოდ დაიპყრო რუსეთის ბაზარი. კლაუს მეინს კი მისცა შთაგონება, დაეწერა სიმღერა, რომელიც სულ მალე რკინის ფარდის დანგრევის ჰიმნი გახდა – Wind of Change. 14 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით Სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია მთელ მსოფლიოში. მისმა ვიდეოკლიპმა კი 2023 წელს იუთუბზე მილიარდ ნახვას მიაღწია.

ბენდის ყველაზე გავლენიან და პოპულარულ კომპოზიციებად ასევე მიიჩნევა Rock You Like a Hurricane, რომელიც 150 სხვადასხვა მუსიკოსის მიერაა შესრულებული და Still Loving You, რომელიც როკის საერთაშორისო ჰიმნად არის აღიარებული.

ჯგუფი მიჩნეულია 1980-იანი წლების მეტალის სცენის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შთაგონების წყაროდ, როგორებიც არიან Guns N’ Roses, Metallica და სხვები. ჟურნალმა Rolling Stone Scorpions-ს მძიმე მეტალის გმირები უწოდა. 

ამჟამად ბენდი კიდევ ერთ მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის ნაწილიც ამჯერად საქართველოცაა. Starring Georgia-ს ფარგლებში Scorpions კონცერტს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე 31 მაისს გამართავს. როგორც აღმოჩნდა, „მეტალის გმირებს” საქართველოშიც განსაკუთრებით ელიან, რადგან სწორედ მათი ბილეთების გაყიდვით დაიწერა Starring Georgia-ს ახალი რეკორდი: Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები სრულად სულ რაღაც 2 საათში გაიყიდა. 

ბენდის ტურნე, რომელიც საქართველოსთან ერთად 20-მდე ქვეყანას მოიცავს, აპრილში აშშ-ში დაიწყო და სექტემბერში Scorpions-ის მშობლიურ გერმანიაში დასრულდება.

ნახეთ Starring Georgia-ს გზამკვლევი Scorpions-ის კონცერტისთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მილი ბობი ბრაუნმა და ჯეიკ ბონჯოვიმ იქორწინეს

შემდეგი სტატია

სოხუმის თეატრის სცენაზე სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი Into the Open  დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მგზავრების” გზავნილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე: ნახეთ ახალი სიმღერის ვიდეოკლიპი

„ისტორიული მატჩის წინ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს! გამარჯვება საქართველოს!”
მეტი