შონ „Diddy” კომბსს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, შემთხვევა 30 წლის წინ ნიუ-იორკში მოხდა, როცა მომჩივანი კოლეჯის სტუდენტს იყო. სარჩელი მანჰეტენის სასამართლოში შევიდა. ეიპრილ ლამპროსის მტკიცებით, სექსუალური ძალადობის ფაქტი რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთ ფაქტზე მოსარჩელე ამბობს, რომ Diddy-მ მას აიძულა, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ მიეღო და რეპერის ყოფილ მეგობარ ქალთან, კიმ პორტერთან ჰქონოდა სექსუალური კავშირი. როგორც ეიპრილ ლამპროსი აღნიშნავს, მოუხედავად ვერბალური უარისა, მან Diddy-ის მითითება მაინც შეასრულა, რადგან შოუბიზნესის ინდუსტრიაში დაბლოკვის შეეშინდა.
„მის ლამპროსმა იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა, რადგან საქმის კურსში იყო, თუ რა ემართებოდა ადამიანს, როცა კომბსს უპირისპირდებოდა,” – განმარტავს ქალის ადვოკატი.
საქმეში ასევე მოხსენიებულია Sony Music Entertainment. სარჩელის მიხედვით, კომპანიამ, რომელშიც სავარაუდო მსხვერპლი მუშაობდა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ფაქტების შესახებ, თუმცა დანაშაულისათვის ხელის შესაშლელად ხელმძღვანელობას არაფერი მოუმოქმედებია და Diddy-ც კომპანიაში თავის პოზიციას ინარჩუნებდა.
ლამპროსი მეშვიდე სავარაუდო მსხვერპლია, რომელმაც უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში სასამართლოს მიმართა. უახლოეს წარსულში გაკეთებულ განცხადებებში Diddy-მ ბრალდებები კატეგორიულად უარყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეგობარ ქალზე, ქესი ვენტურაზე ძალადობის ვიდეო გავრცელდა, მან „სრული პასუხისმგებლობა” აიღო და თქვა, რომ „გულწრფელად წუხს”.
რაც შეეხება ლამპროსის სარჩელის დამატებით დეტალებს, უკანასკნელ სარჩელში მითითებულია, რომ ქალი კომბსს 1994 წელს შეხვდა, როცა ნიუ-იორკის მოდისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში სწავლობდა. მან რეპერს მოდის ინდუსტრიაში მუშაობის ოცნება გაუმხილა, რაზეც Diddy დაჰპირდა, რომ მენტორობას გაუწევდა და სამსახურის პოვნაში დაეხმარებოდა. თუმცა, როგორც მომჩივანი იხსენებს, ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში.
ლამპროსი ასევე ამტკიცებს, რომ Diddy მათ სექსუალურ კავშირს ხშირად იღებდა და შემდეგ სხვებსაც აჩვენებდა. ლამპროსის თქმით, ვიდეოების გავრცელების შესახებ მან 2023 წელს შეიტყო, როცა უცნობმა მამაკაცმა მის შეყვარებულს ეს ინფორმაცია გაუზიარა.
შონ „Diddy” კომბსის წინააღმდეგ წარმოდგენილი სარჩელები ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს, ასევე სექსუალურ დანაშაულს.