Tape Visitors – ინტერვიუ Newcomers Tbilisi 2024-ის გამარჯვებული ბენდთან

Tape Visitors ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე 21 ივნისს დაუკრავს.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სულ ახლახან ქართულ მუსიკალურ სცენაზე გაჩნდა ბენდი, რომელმაც მსმენელს მოკლე დროში გააცნო თავი და ერთგული აუდიტორიაც შეიძინა. დღეს Tape Visitors-ზე მოგიყვებით – ახალ ჯგუფზე, რომელიც Newcomers Tbilisi 2024-ის გამარჯვებულია და Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს. სხვადასხვა ჟანრის ელემენტებით, ძლიერი ვოკალური პარტიებითა და გამორჩეული ინსტრუმენტული ჟღერადობით მსმენელს ბენდისაგან ენერგიული ლაივი ელოდება. Tape Visitors-ის შემადგენლობაში არიან ლიკა სირაძე, ნიკა ლაფაჩი, სანდრო მოსაშვილი და სანდრო ფოცხიშვილი. 

ბენდის შექმნის იდეა თავისდათავად გაჩნდა და ის ლიკა სირაძის და ნიკა ლაფაჩის მუსიკალური ექსპერიმენტებით დაიწყო. ერთად რეპეტიციისა და პირველი ტრეკის ჩაწერის შემდეგ, ლაივებზე დაკვრის სურვილიც გაჩნდა და არტისტებმა ბენდის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. მალე მათ სანდრო მოსაშვილი და სანდრო ფოცხიშვილიც შეუერთდნენ და ასე გაჩნდა Tape Visitors. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლიკა სირაძე: 

„როგორც ბენდის შექმნის  საწყის ეტაპს ახასიათებს,  თავდაპირველად ჩვენც ჟანრობრივი ძიებით დავიწყეთ. ბევრი მიმართულება მოვსინჯეთ, თუმცა კონკრეტული ჟანრი არც ახლა გვაქვს. ჩვენს მუსიკაში მეტად დომინირებს ალტერნატიული როკი და ინდი როკი. გვაქვს ისეთი მუსიკალური ნამუშევრებიც, რომლებიც ჟღერადობით  ფსიქოდელიური როკისკენ იხრება.”

ზოგადად, ბენდის წარმატებას არაერთი თავისებური გარემოება განაპირობებს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ წევრებს ერთმანეთის ესმოდეთ და საერთო ღირებულებებზე თანხმდებოდნენ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული ინტერესებითაც ავსებდნენ მუსიკას. Tape Visitors-ის შემთხვევაში ეს ყველაფერი ბუნებრივად მოვიდა. მეგობრობა, ერთნაირი ცხოვრების სტილი და ამავდროულად თითოეული წევრის  ინდივიდუალური ხედვა მათ მუსიკაზე დადებითად აისახა. 

„როგორც ერთი ჟანრის მუსიკაში შეიძლება სხვადასხვა ელემენტები შეიტანო, ვფიქრობ, ჩვენც ასე ვავსებთ ერთმანეთს, ყველა ერთად კი – ბენდს,” – ამბობს ლიკა სირაძე. 

სანდრო ფოცხიშვილი: 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის და მუსიკის შექმნისას სრული თავისუფლება გვაქვს. შეგვიძლია, რეპეტიციისას ნებისმიერი იდეა გავუზიაროთ ერთმანეთს.”

Tape Visitors-ისათვის მუსიკალური ინსპირაცია კონკრეტული თემის ირგვლივ არ ტრიალებს. როგორც ბენდის წევრები ამბობენ, მათ უბრალოდ ხარისხიანი მუსიკის შექმნა უნდათ და იმის კეთება, რაც ასე ძალიან უყვართ. 

სანდრო მოსაშვილი: 

„ჩვენი ტრეკები სხვადასხვა ამბავს ეხება, არის ისეთი სიმღერებიც, რომელთა შინაარსს ყველა მსმენელი სხვადასხვაგვარად მიიღებს.

Billboard Georgia ბენდის ლაივს პირველად Newcomers-ზე დაესწრო. ერთ-ერთი დეტალი, რაც Tape Visitors-ის საკონკურსო ნომერს გამოარჩევდა, აუდიტორიისაგან განსაკუთრებული უკუკავშირი იყო. მსმენელის რეაქციით მარტივად მისახვედრი იყო, რომ  სცენაზე იდგა ბენდი, რომელსაც უკვე ბევრი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. როგორც Tape Visitors-ის წევრები ამბობენ, მათ მსმენელი სხვადასხვა დროს გამართული კონცერტების შედეგად შეიძინეს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლიკა სირაძე:

„რამდენიმე  ლაივი გვაქვს ჩატარებული. თავიდან ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ, შემდეგ მათ კიდევ თავისი მეგობრები მოჰყავდათ. ამასობაში გავიცანით ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი ერთგული აუდიტორიის ჩამოყალიბებაში. არის მუსიკის მოყვარულთა ასეთი ე.წ. კომუნა – Moku Fam, რომელიც ჯგუფ Moku Moku-ს ერთგული მსმენელებისაგან შემდგარი ჯგუფია.  მას შემდეგ რაც ისინი გავიცანით, ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები გახდნენ. ყველა კონცერტს ესწრებიან და   აუდიტორიის აქტიურობაც დიდწილად მათი დამსახურებაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ლაივებზე განსაკუთრებული მუხტის შექმნა შეუძლიათ.” 

ფიზიკურ ღონისძიებებთან ერთად, თანამედროვე რეალობაში ინტერნეტი აუდიტორიის შეძენის შეუცვლელი საშუალებაა. სწორედ ამიტომ მუსიკოსებისათვის ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სივრცედ იქცა. Tape Visitors მსმენელის დიდმა ნაწილმა სწორედ სოციალური ქსელებიდან აღმოაჩინა. 

ნიკა ლაფაჩი:

„ადრე მუსიკას მსმენელი ვინილებით ეცნობოდა, ახლა კი შეგიძლია Spotify-ზე შეხვიდე და ნებისმიერ არტისტს მოუსმინო. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი ბენდი, რომელიც ინტერნეტით გახდა პოპულარული, არის Arctic Monkeys. ამ მაგალითით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს ინტერნეტს, როცა საქმე მუსიკალურ ინდუსტრიას ეხება. სოციალური ქსელები საშუალებას გაძლევს მსმენელს არა მხოლოდ საკუთარი მუსიკა, არამედ შენი თავიც გააცნო.” 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ნიკა ლაფაჩი საქართველოში ყველაზე ცნობილი მუსიკალური Tik Tok ინფლუენსერია. მისი კონტენტი ის შემთხვევაა, როცა ხელოვანმა თავისი შემოქმედების გაზიარებით შემოიკრიბა ათიათასობით გამომწერი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Tape Visitors მუსიკალური კონკურსის – Newcomers-ის გამარჯვებულია.  ახალშექმნილი ბენდისათვის ეს  გამარჯვება მოტივაცია და ახალი აუდიტორიისათვის საკუთარი მუსიკის გაცნობის შესაძლებლობაა. იმის გათვალისწინებით, რომ  წელს Newcomers-ზე განსაკუთრებით  დიდი კონკურენცია იყო, Tape Visitors-ისათვის გამარჯვება კიდევ უფრო დიდი ემოციების მომტანი აღმოჩნდა. 

როგორც ბენდის წევრები ამბობენ, მათთვის Tbilisi Open Air-ზე დაკვრა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რადგან ამ ფესტივალისადმი ემოციური დამოკიდებულებაც აქვთ. ამბობენ, რომ მთავარი სცენიდან  მსმენელთან შეხვედრას განსაკუთრებით ელოდებიან. 

Tape Visitors ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე 21 ივნისს დაუკრავს. ამავე დღეს მსმენელის წინაშე წარდგებიან AURORA, ARCHIVE, MOKU MOKU და MECHANICAL RAINBOW. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეი-ზიმ და ალიშა კისმა Tony Awards-ზე Empire State of Mind შეასრულეს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე და სინტია ერივო ფილმიდან Wicked

არიანა გრანდე სიმღერა Popular-ის ფრაგმენტებს Wicked-ის ტრეილერში ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი