უკვე ორი წელია, პროექტი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილ მუსიკალურ ჩანაწერებს და ალბომებს მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოსცემს. პროექტის ფარგლებში ამჯერად ლეიბლმა მნიშვნელოვანი და უნიკალური გამოცემა წარადგინა – ირაკლი ჩარკვიანის ალბომი „ამო”, რომელიც ლიმიტირებულ ორმაგ ფირფიტაზე 13 ოქტომბერს გამოვა.
„2001 წელს, როდესაც ახალი ათასწლეული გათენდა, ირაკლი ჩარკვიანი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. საქართველო, რომელიც ებრძოდა 1990-იანი წლების ტურბულენტობისა და სოციალური რყევების შემდგომ ბიძგებს, კვლავ აღმოჩნდა არასტაბილურ მდგომარეობაში. სოციალურმა დაპირისპირებამ და დეზორიენტაციის გავრცელებულმა განცდამ ნაყოფიერი საფუძველი მისცა ჩარკვიანის შემოქმედებით გამოხატვას. ამ პერიოდში მან შექმნა „ამო” – ალბომი, რომელიც გასცდა მხატვრულ შემოქმედებას და იქცა იმდროინდელი ქართული რეალობის ძლიერ კრიტიკად. „ამოს“ მეშვეობით ჩარკვიანმა ჩამოაყალიბა გამძლეობისა და ტრანსფორმაციის ხედვა და მოუწოდა თავის აუდიტორიას, დაპირისპირებოდა გაბატონებულ სირთულეებს და გადაელახა ისინი,” – ასე წარადგენს „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ალბომს.
ჩარკვიანის შემოქმედებისა და ალბომის ფირფიტის სახით გამოცემის შესახებ Billboard Georgia ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის თანადამფუძნებელს, ჯაბა შავიშვილს ესაუბრა.
ჯაბა შავიშვილი:
„ირაკლი ჩარკვიანი მხოლოდ მუსიკალური მოვლენა არ იყო. შესაძლოა, მას საზოგადო მოღვაწეც ვუწოდოთ, თუმცა ეს ტერმინიც არ ასახავს ბოლომდე მისი პიროვნების მასშტაბსა და გავლენას. არც ირაკლის ოჯახი უნდა დაგვავიწყდეს. მისი ბაბუით დაწყებული, მამით გაგრძელებული, ყველას დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ირაკლი ამ ხაზის ძალიან ღირსეული გაგრძელება იყო.”
როგორც ჯაბა შავიშვილი აფასებს, ირაკლი ჩარკვიანი იმ თაობის სახე იყო, რომელსაც ამ ქვეყანასთან დაკავშირებით სრულიად ახალი მიზნები და სურვილები ამოძრავებდა. Იმ თაობის სახე უყო, რომელმაც გაიაზრა, რომ საქართველო ახალ რელსებზე უნდა გადასულიყო, რაც დიდი კულტურული ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ირაკლი ჩარკვიანი იყო ის ადამიანი, რომელმაც ქვეყნის საბჭოთა მენტალობის კლანჭებისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა დაისახა მიზნად და ეს იყო ბრძოლა ხელოვნების გზით.
ირაკლი ჩარკვიანი თავისი თაობის ხელოვანების დიდი ნაწილისაგან იმით განსხვავდება, რომ 90-იან წლებში საქართველოში დარჩა და სწორედ ამ ქვეყანაში გადაწყვიტა აქტიური მოღვაწეობა.
„მან დაიჯერა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლას აზრი ჰქონდა. თავისი მუსიკით, პოეზიით თუ უბრალოდ საჯაროდ ნათქვამი სიტყვით, ის ცდილობდა, ქვეყანა დასავლურ რელსებზე დაებრუნებინა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი იყო ის ხელოვანი, რომელმაც ქართულ ენაზე სიმღერა იმ პერიოდისათვის პოპულარული გახადა. ვფიქრობ, ეს ირაკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ მუსიკა და პოეზია კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ერთმანეთთან. ირაკლის სიტყვა იყო გამჭოლი, პირდაპირი, ბევრისთვის შეიძლება მტკივნეულიც, რადგან ის გულზე ხვდებოდა,” – ამბობს ჯაბა შავიშვილი.
ირაკლი ჩარკვიანი ის პერსონა იყო, რომელმაც თავისი განსხვავებული ხედვისა და დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მიუხედავად, დიდი ცნობადობა მოიპოვა და მასებს მისწვდა. მაშინ, როცა ალტერნატიული ხელოვნების წარმომადგენლებს საკმაოდ მცირე აუდიტორია ჰყავდათ, ირაკლი ჩარკვიანი ყველამ იცოდა.
რაც შეეხება ალბომს „ამო”, როგორც ჯაბა შავიშვილი ამბობს, მისი გამოცემის იდეა „ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას” დიდი ხანია აქვს, რადგან ჩარკვიანი ქართულ ალტერნატიულ მუსიკასთან ასოცირებულ თაობაში გამორჩეული და დიდი მასშტაბის სახელია.
„პროექტი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ორი წლის წინ დავიწყეთ და მიხარია, რომ საიუბილეო ორი წლის თავზე ამ ჩანაწერს გამოვცემთ. „ამო” ძალიან მნიშვნელოვანი ალბომია, რადგან ის ქვეყნისათვის ერთგვარ ისტორიულ გზაჯვარედინზე შეიქმნა. „ამო” თავდაპირველად გამოიცა იმ პერიოდში ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ლეიბლზე, სახელწოდებით “ქართული ჩანაწერები”. ეს ალბომი ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც აქტუალური იყო მაშინაც და აქტუალურია ახლაც. სწორედ ეს გამოარჩევს ამ ნამუშევარს” – ჯაბა შავიშვილი.
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან თითქმის ორი ათწლეული გავიდა და მისი მნიშვნელობა დროსთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. თანამედროვე თაობისათვის არტისტის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მეტად გააზრებული და დაფასებულია.
ჯაბა შავიშვილი:
„მისი მასშტაბები დროის გასვლასთან ერთად უკეთესად ჩანს. ამდენი წლის შემდეგ ახალი თაობა არ ეშვება მის მუსიკას, ახალ თაობას უყვარს ის და ირაკლი ჩარკვიანის სასურველი საქართველოც ნელ-ნელა ამ თაობასთან ერთად დგება.”
„ამოს” ფირფიტის წარდგენა 13 ოქტომბერს Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართება. საღამოზე ირაკლი ჩარკვიანის მეგობრები და კოლეგები ისაუბრებენ და მის შემოქმედებას აუდიტორიასთან ერთად გაიხსენებენ.