დევიდ გილმორი ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

Pink Floyd-ის გიტარისტის ტურნე 9 ოქტომბერს დაიწყება.
დევიდ გილმორი
Gus Stewart/Redferns

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დევიდ გილმორმა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი გამოსცა. გავრცელებულ პრესრელიზში Pink Floyd-ის გიტარისტმა აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით Luck and Strange, „საუკეთესო ალბომია 1973 წლის Dark Side of the Moon-ის შემდეგ.”

„ალბომში იგრძნობა ერთიანობა,” – უთხრა 78 წლის გილმორმა „ბილბორდს”. „ეს ერთიანობა – ტექსტის, მუსიკის, სამუშაო პროცესის – მაძლევს იმ აღტაცებასა და სურვილს, რომ ალბომს თავიდან ბოლომდე, ერთიანად მოვუსმინო. მასში არის ფიქრებისა და შეგრძნებების თანმიმდევრულობა, რაც აღმაფრთოვანებს და ამ შედარებას მაკეთებინებს.” 

გილმორის თქმით, ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი იმ „განთავისუფლების” შედეგია, რასაც ის სტუდიაში გრძნობდა. 

მუსიკოსი ჩანაწერზე 2020 წელს მუშაობდა, როცა პანდემია დაიწყო და მთელი მსოფლიო გააჩერა, თუმცა გილმორისა და მისი ოჯახისთვის გარკვეული ახალი პერსპექტივები გააჩინა. ამ პერიოდში მუსიკოსის ცოლმა და ხშირად მისი ტექსტების ავტორმა პოლი სამსონმა გამოაქვეყნა ნოველა A Theatre For Dreamers. კარანტინის პირობებში წიგნის პრეზენტაციები გაუქმდა. გილმორის ვაჟს, ჩარლის კი იდეა მოუვიდა, გაეკეთებინა ლაივსტრიმები, სადაც დევიდი ამ წიგნის გმირის, ლეონარდ კოენის სიმღერებს დაუკრავდა.

„ეს ყველაფერი მხოლოდ პოლის წიგნზე ფოკუსირებით დაიწყო,” – იხსენებს გილმორი. „მაგრამ თანდათან გაფართოვდა. შემდეგ ჩაერთო ჩვენი ქალიშვილი რომანიც, რომელიც ჩემთან ერთად უკრავდა და მღეროდა. ამ ყველაფერმა კი დამანახა, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი სასიამოვნო ოჯახური ჟღერადობა, როგორიც, მაგალითად, Beach Boys-ს, Everly Brothers-ს და სხვებს – იმ არტისტებს, რომლებიც წარსულში გვიყვარდა. ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს მიჰყვა და ახალ ალბომზე მუშაობისთვის სულ სხვანაირი ხასიათი და შეგრძნებები შეიქმნა. მივხვდი, რომ არ მჭირდება, მივება რაღაც წესებს ან ნებისმიერ მოვლენას, რაც მანამდე მოხდა. Ბევრად უფრო თავისუფალი შემიძლია ვიყო და გავაკეთო ის, რაც თავად ვგრძნობ, რომ მომწონს.”

ალბომზე მუშაობისას გილმორი ძველ პარტნიორებს გაემიჯნა და უფრო ახალგაზრდა სახესთან, პროდიუსერ ჩარლი ენდრიუსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. 

„ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა ზედმეტი შიში და მოკრძალება ჩემი რეპუტაციის მიმართ, დიდი უპირატესობა იყო ჩემთვის,” – ამბობს გილმორი. „ის არ იყო Pink Floyd-ის გავლენის ქვეშ, მაგრამ მოსწონდა ის მუსიკა, რომელზეც ვმუშაობდი. მე კი ის მომეწონა. ასევე მოეწონა პოლისაც. რა მიმართულებასაც ენდრიუ მთავაზობდა, საინტერესო იყო იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავსულიყავით.”

„მე დიდად არ ვიცნობდი მის წინა ნამუშევრებს და განზრახ არც გავეცანი, რადგან მინდოდა, ყველაფერს სუფთა კუთხით მივდგომოდი,” – აღნიშნავს ენდრიუ „ბილბორდთან” ინტერვიუში. „ერთადერთი, რისი გაკეთებაც ვეცადე, არის ის, რომ ეს ალბომი თანმიმდევრული ყოფილიყო. როცა ვიწყებდით, პირველი, რაც დევიდს ვკითხე იყო: „ამას რისთვის ვაკეთებთ?” ჩემთვის, ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის, რომ „აგერ არის სიმღერები და უბრალოდ გამოვცეთ.” მე მგონია, რომ ეს ცოტა უფრო მეტი უნდა იყოს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ვიცი, რომ დევიდიც იმავეს ფიქრობს.”

მიუხედავად იმისა, რომ Luck and Strange არ არის კონცეპტუალური ალბომი, გილმორმა გააანალიზა, რომ მასში შემავალ სიმღერებს მოკვდაობისა და რეტროსპექციის თემები აერთიანებდა. Მათ შორის ორი – Black Cat და Vita Brevis ინსტრუმენტალია, ერთი კი Montgolfier Brothers-ის სიმღერის, Between Two Point-ის ქავერი, რომელსაც გილმორის ქალიშვილი ასრულებს. ალბომში რომანი ასევე უკრავს არფაზე, გილმორის ვაჟი გაბრიელი კი ბექვოკალს მღერის.  

„დასაწყისშივე არასდროს იცი, რა გამოვა. ნამუშევარს მასზე მუშაობის პროცესში აღმოაჩენ. Ძალიან მინდოდა, გამეგო, თუ რა იყო ტექსტების მთავარი ფოკუსი, რაშიც პოლი ძალიან დამეხმარა და მეც და მუსიკოსებიც მის ტექსტებში გვამოგზაურა,” – ამბობს ენდრიუ.

თავად ალბომს მასში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიციის სახელი ჰქვია: Luck and Strange სევდიანი ნაწარმოებია, რომელშიც Pink Floyd-ის გარდაცვლილი კლავიშისტის, რიჩარდ რაიტის 2007 წლის ჩანაწერია გამოყენებული.

„შესანიშნავია, რომ მაქვს სიმღერა, რომლის ნაწილიც რიჩარდია,” – ამბობს გილმორი. „რიკის უჩვეულო დაკვრის სტილი ძალიან მასევდიანებს, რადგან ის დღეს ჩვენთან ერთად აღარაა, რომ მონაწილეობა მიიღოს იმაში, რასაც ვაკეთებ.”

ალბომის გამოსვლის შემდეგ გილმორი ტურნესთვისაც ემზადება, რომელიც მისი პირველი ტური იქნება ბოლო 8 წლის განმავლობაში. ტურნე 9 ოქტომბერს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც პირველი ექვსი კონცერტი ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში” გაიმართება. ამის შემდეგ მუსიკოსი აშშ-ში გადაინაცვლებს, სადაც 4 კონცერტს ლოს-ანჯელესში, 5 კონცერტს კი ნიუ-იორკში გამართავს. ტურნე 10 ნოემბერს დასრულდება.

„უფრო ახლანდელ დროზე ვფიქრობ, ვიდრე ძველზე,” – ამბობს გილმორი საკონცერტო პროგრამაზე საუბრისას. „თუმცა შევასრულებ 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების სიმღერებსაც. იქნება რაღაცები მთელი ჩემი განვლილი გზიდან, მაგრამ უფრო მეტად ფოკუსი ახალ ალბომსა და ახალ ნამუშევრებზე მაქვს.”„მინდა, რომ ადამიანები ერთად შევკრიბო, მერე კი საქმეს დავუბრუნდე და ახალ წელს ახალ პროექტზე დავიწყო მუშაობა,” – ამბობს გილმორი. „სულ ცოტა რამ გჭირდება დასაწყებად იმ იმედით, რომ მერე ყველაფერი თავისი დინებით წავა. მეც სწორედ ამის იმედი მაქვს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი 2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერია

შემდეგი სტატია

ალანის მორისეტი ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ 2024 წლის 7 სექტემბერი, ტორონტო. Robert Okine/Getty Images

საუკეთესო მომენტები 2024 წლის ბიბლორდ კანადის ღონისძიებიდან  „ქალები მუსიკაში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი