გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
ემი ალენი 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Amy Sussman/Getty Images

2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემიზე წლის კომპოზიტორის ნომინაცია დააწესა (არაკლასიკურ ჟანრში), მასზე სულ ოთხი ქალი იყო წარდგენილი. პირველ წელს – ემი ალენი, ნიჯა ჩარლსი და ლაურა ველცი. შარშან  კი – ჯესი ჯო დილონი. თუმცა ორივეჯერ კატეგორია მამაკაცმა მოიგო: 2023 წელს ტობიას ჯესო ჯუნიორმა, 2024-ში კი – თერონ თომასმა. 

წელს ამ კატეგორიაში წარდგენისთვის 61 კომპოზიტორი იბრძვის. მათ შორის 20 ქალია, რომელთაგანაც ერთ-ერთი შესაძლოა წლის კომპოზიტორის ნომინაციის პირველი ქალი გამარჯვებული გახდეს. 

სიაშია ორი ქალი კომპოზიტორი, რომელთაც უკვე აქვთ გრემის ჯილდო სხვა კატეგორიებში: ალენი, რომელმაც 2023 წელს მოიგო წლის ალბომის ნომინაცია ჰარი სტაილსის ალბომში მონაწილეობისთვის და დაიან უორენი, რომელმაც 1997 წელს მოიგო გრემის ჯილდო ფილმისთვის ან ტელევიზიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში სიმღერისთვის Because You Loved Me (მიშელ პფაიფერის მონაწილეობით გადაღებული ფილმისთვის Up Close and Personal).

სიაში ასევე შედის რვა ქალი, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში აქამდეც ყოფილან წარდგენილი, მაგრამ გრემი ჯერჯერობით არ მოუგიათ. ესენი არიან: ჯესი ჯო დილონი, სარა აარონსი, კეროლაინ ეილინი, ჯესი ალექსანდერი, ბრიტანი ამარადიო, ინკი, ალი ტამპოსი და ემილი უორენი.

დარჩენილი 10 ქალი კომპოზიტორი კი, აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირების შემთხვევაში, პირველად იქნება წარდგენილი გრემიზე: ელიზაბეთ ლოუელ ბოლანდი, ჯესი ერლი, ჯულია გარგანო, სარა ჰადსონი, ლორენ ლი ჰანგეიტი, სტეფ ჯონსი, კაილა მორინოსი, Raye, საშა ალექს სლოუნი და ბეტსი უოლტერი.

შესაძლოა, კანდიდატთა სიაში Raye-ის ნახვა გაგიკვირდეთ, რადგან წლის კომპოზიტორის კატეგორიაში აკადემიის ფოკუსში შემსრულებლები არ არიან. ნომინაციაში წარსადგენად კომპოზიტორს „შექმნილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 სიმღერა, რომლებშიც ის მხოლოდ ავტორად ან თანაავტორად არის მითითებული (და არა შემსრულებლად ან პროდიუსერად)” – აღნიშნულია კატეგორიის დახასიათებაში. თუმცა თუ ავტორი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას პარალელურად შეუძლია ისეთი სიმღერებიც ჰქონდეს, რომლებსაც თავადვე ასრულებს. შედეგად, Raye-ს წლის კომპოზიტორის ჯილდოსთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია, რადგან, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისთვის წერს, ის ასევე ქმნის სიმღერებს სხვა არტისტებისთვისაც. მაგალითად, წელს მის მიერ სხვა შემსრულებლებისთვის დაწერილი ნამუშევრებია: რიტა ორას Ask & You Shall Receive, ჰელი ბეილის Because I Love You, ჯენიფერ ლოპესის Dear Ben Pt. II, ბიონსეს Riiverdance და Neiked-ის You’re Hired აირა სტარის მონაწილეობით. 

წლის კომპოზიტორის ნომინაციაში წარდგენილი ავტორები შესაძლოა მიეკუთვნებოდნენ ნებისმიერ ჟანრს, გარდა კლასიკისა. კლასიკური კომპოზიტორები წარდგენილნი იქნებიან თანამედროვე კლასიკური კომპოზიციის კატეგორიაში.

დასახელდება თუ არა ამ ეტაპზე არსებული სიიდან რომელიმე ქალი წლის კომპოზიტორის კატეგორიაში, ეს 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა ნომინანტების სია გამოქვეყნდება. მათ შორის გამარჯვებულები კი 2 თებერვალს გამოვლინდებიან.

სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ იმ ქალების ჩამონათვალს, რომლებიც ათი სხვა საკომპოზიტორო კატეგორიის პირველი ქალი გამარჯვებულები გახდნენ: 

წლის სიმღერა: კეროლ კინგი – 1972 წელს სიმღერისთვის You’ve Got a Friend. კინგი პირველი ქალი იყო, რომელმაც ამ ნომინაციის მოგება მისი არსებობის მე-14 წელს მოახერხა.

საუკეთესო როკსიმღერა: ალანის მორისეტი – 1996 წელს სიმღერისთვის You Oughta Know (თანაავტორი). მორისეტმა გამარჯვება კატეგორიის არსებობის მე-5 წელს მოიპოვა. 

საუკეთესო R&B სიმღერა: ბეტი რაიტი – 1976 წელს სიმღერისთვის Where Is the Love (თანაავტორი). ეს კატეგორიის არსებობის მერვე წელი იყო. 

საუკეთესო რეპსიმღერა: მირი ბენ არი – 2005 წელს კანიე უესტის სიმღერის Jesus Walks თანაავტორობისთვის, კატეგორიის არსებობის მეორე წელს. 

საუკეთესო ქანთრი სიმღერა: დები ჰაპი – 1980 წელს სიმღერისთვის You Decorated My Life (თანაავტორი). ეს კატეგორიის მე-16 წელი იყო.  

საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის: სინთია უეილი – 1988 წელს ლინდა როსტადტისა და ჯეიმს ინგრემის ჰიტისთვის Somewhere Out There ანიმაციურ ფილმში An American Tail (თანაავტორი). ამ შემთხვევაში ქალ კომპოზიტორს გამარჯვება წილად ნომინაციის პირველსავე წელს ხვდა. 

საუკეთესო ამერიკული ფესვების სიმღერა: ედი ბრიკელი – 2014 წელს სიმღერისთვის Love Has Come for You (თანაავტორი), ასევე კატეგორიის პირველსავე წელს. 

საუკეთესო გოსპელი: იოლანდა ადამსი – 2006 წელს ნამუშევრისთვის Be Blessed (თანაავტორი), კატეგორიის პირველ წელს. 

საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული სიმღერა: ლაურა სტორი – 2012 წელს თავისსავე სიმღერისთვის Blessings. ეს კატეგორიის მესამე წელი იყო. 

საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია: ჯოან ტაუერი – 2008 წელს სიმღერისთვის Made in America. ქალ კომპოზიტორს ამ კატეგორიაში გამარჯვება ყველაზე გვიან, ნომინაციის მე-20 წელს ერგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პირველად ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ქართული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი