ყოფილი სასტუმრო, სახელწოდებით Morrison Hotel, რომელიც პოპულარული ჯგუფ The Doors-ისა და მათი 1970 წლის ალბომის სახელის გამო გახდა, ხანძრის შედეგად დაზიანდა. ხანძარი 26 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის ცენტრში გაჩნდა.
ოთხსართულიან შენობას, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია მიტოვებულია, ცეცხლი თითქმის ორი საათის განმავლობაში ეკიდა და მის ჩასაქრობად, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, 100-ზე მეტი მეხანძრის ჩართულობა გახდა საჭირო.
Morrison Hotel-ის შენობის ფოტო The Doors-ის მეხუთე ალბომის ყდაზეა გამოსახული. ფოტო 1969 წელს ცნობილმა მუსიკალურმა ფოტოგრაფმა ჰენრი დილცმა გადაიღო. მან წლების შემდეგ აღნიშნა, რომ კადრის გადასაღებად გარკვეულ ხრიკებს მიმართა. საქმე ის არის, რომ სასტუმროს ადმინისტრატორმა ბენდს შენობაში სურათების გადაღების ნებართვა არ მისცა. მაშინ, როცა ადმინისტრატორი ადგილზე არ იყო, მუსიკოსები ფოიეში გაიქცნენ და დილცმა სწრაფად გადაიღო ფოტო ფანჯრიდან, სადაც ლეგენდარული ფრონტმენი, ჯიმ მორისონიც ჩანს. „ეს იყო მშვენიერი ხის შენობა, ზედა სართულებზე პატარა ოთახებით, სადაც გზააბნეულებსა და მთვრალებს შეეძლოთ დასვენება და ღამის გათევა 2.50 დოლარად,“ – გაიხსენა დილცმა Associated Press-თან უახლეს ინტერვიუში. „ვფიქრობ, წითელი ასოებით შესრულებული აბრა Morrison Hotel მისი ყველაზე ლამაზი დეტალი იყო. ასე ფიქრობდნენ The Doors-ის წევრებიც,” – აღნიშნა ფოტოგრაფმა.
ეს ალბომი The Doors-ისთვის საკუთარ ფესვებთან დაბრუნებად ითვლებოდა, მას შემდეგ, რაც მორისონი მაიამიში კონცერტის დროს სცენაზე დააკავეს და უხამს ქმედებებში დასდეს ბრალი. 1970 წლის ალბომის, Morrison Hotel-ის შემდეგ ჯიმ მორისონმა და The Doors-მა კიდევ ერთი ალბომი – L.A. Woman გამოუშვეს. ამის შემდეგ, 1971 წლის 3 ივლისს, მორისონი პარიზში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
რაც შეეხება სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, ლოკაციაზე მისულ ლოს-ანჯელესის მეხანძრეებს შენობის ზედა სართულზე ძლიერი ცეცხლი დახვდათ. შენობაში მყოფმა რამდენიმე პირმა უვნებლად შეძლო თავის დაღწევა. მათ შორის სამი ადამიანი მეხანძრეებმა ნაგებობის მესამე სართულზე იპოვეს და მათი გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის შედეგად სახურავი ჩამოინგრა, რის გამოც ნაგებობა შესაძლოა ავარიული იყოს. ბოლო წლებში ეს შენობა მეხანძრეებისთვის სასწავლო ცენტრად გამოიყენებოდა.