Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილმა ბენდთან ერთად კონცერტი გამართა. პიანისტმა Republic-ის სცენაზე წარადგინა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც ქართველმა აუდიტორიამ პირველად მოისმინა. მუსიკალურ საღამოზე ბექა გოჩიაშვილთან ერთად დაუკრეს: ლუკა თოფურიამ (კლავიში), ლევან დეისაძემ (ბას-გიტარა) და სოსო ცაგარეიშვილმა (დასარტყამი ინსტრუმენტი).
პროექტის შექმნის იდეასა და მუშაობის პროცესზე ბექა გოჩიაშვილი Billboard Georgia-ს ესაუბრა:
„ეს პროექტი სპონტანურად დაიბადა. ჯაზ კლუბ 1984-ში გვქონდა კონცერტი, სადაც სპეციალური სტუმარი უნდა ყოფილიყო ლუკა თოფურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი ნომრის გარდა, მთლიანი კონცერტი ერთად დავუკარით. მაშინვე მივხვდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. ბევრ მუსიკოსთან ერთად დამიკრავს. ზოგი კოლაბორაცია ყოფილა კარგი და ზოგი განსაკუთრებული, ეს განსაკუთრებული იყო. ჩვენი მუსიკალური თანხვედრა ძალიან კარგად მიდის და ამასთან ერთად, გამოწვევების არც ერთს არ გვეშინია. აქამდე ასე კონცერტისთვის არ მოვმზადებულვართ და ასე ინტენსიურად რეპეტიციები არ მქონია.”
ბექა გოჩიაშვილის ბენდის კონცერტი ახალ მუსიკალურ ლეიბლთან, Break Records-თან თანამშრომლობით გაიმართა. ლეიბლი არტისტს სრულ მომსახურებას გაუწევს, რომელშიც შედის ხმის ჩაწერა, პროდაქშენი, პროდიუსინგი, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია.