ჩაბი ჩეკერი, რომლის სიმღერა The Twist 1960 წელს გლობალური ჰიტი გახდა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის კრიტერიუმებს ჯერ კიდევ ცერემონიის პირველივე გამოშვებიდან (1986 წელი) აკმაყოფილებდა, თუმცა ამ დრომდე ის ნომინირებულიც კი არასდროს ყოფილა. დეკადების შემდეგ კი, საბოლოოდ, მუსიკოსმა წელს დიდების დარბაზში დამსახურებული ადგილი მოიპოვა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევლენ ასევე Bad Company, ჯო კოკერი და Outkast, რომელთა კანდიდატურებიც, ჩეკერის მსგავსად, პირველად დასახელდა. სიაშია The White Stripes და სინდი ლოპერიც, რომლებიც მანამდე ერთხელ უკვე იყვნენ ნომინირებული და ასევე Soundgarden, რომელიც წარსულში ორჯერ იყო წარდგენილი. შვიდივე შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში საშემსრულებლო კატეგორიით შევა.
ეს პატივი კიდევ შვიდ შემსრულებელს ერგება დანარჩენი კატეგორიებიდან. Salt-N-Pepa და უორენ ზევონი მუსიკალური გავლენის ჯილდოს მფლობელები გახდებიან. პროდიუსერი თომ ბელი, პიანისტ-ორგანისტი ნიკი ჰოპკინსი და ბასისტი კაროლ კეი მუსიკალური დიდებულების ჯილდოს მიიღებენ. ხოლო აჰმეტ ერტეგანის პრიზი წელს პროდიუსერ ლენი უორონკერს გადაეცემა.
სამწუხაროდ, გამარჯვებულებიდან ზოგიერთი წლევანდელ ცერემონიას ვერ მოესწრო: ჰოპკინსი 1994 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, ზევონი 2003 წელს – 56 წლის ასაკში, Soundgarden-ის კრის კორნელი 2017 წელს – 52 წლის ასაკში, ბელი კი 2002 წელს – 79 წლის ასაკში.
Outkast-ისა და Salt-N-Pepa-ს დასახელებით ეს მეექვსე თანმიმდევრული წელი იქნება, როცა დიდების დარბაზში ერთი ან მეტი რეპშემსრულებელი შედის. სინდი ლოპერის, Salt-N-Pepa-ს, The White Stripes-ის მეგ უაიტისა და კაროლ კეის შესვლით კი – მეოთხე თანმიმდევრული წელი, როცა დარბაზში ოთხი ან მეტი ქალი შედის.
90 წლის კაროლ კეი წლევანდელი გამოშვების ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებულია. ჩეკერი და უორონკერი ამჟამად 83 წლისანი არიან, თუმცა ცერემონიის დროს, 8 ნოემბრისთვის, 84 წლისანი იქნებიან.
ყველა ამ არტისტს, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში საშემსრულებლო კატეგორიით შედიან, Billboard 200-ში ტოპ ხუთეულის ალბომი აქვთ. მათ შორის სამი – ჩარტის ლიდერი გახდა: Bad Company (Bad Company, 1974), Outkast (Speakerboxxx/The Love Below, 2003) და Soundgarden (Superunknown, 1994). სამი მათგანი მეორე ადგილზე გავიდა: ჩაბი ჩეკერი (Your Twist Party, 1962), ჯო კოკერი (Mad Dogs and Englishmen, 1970) და The White Stripes (Icky Thump, 2007). ლოპერი კი ორჯერ მოხვდა ჩარტის მეოთხე ადგილზე ალბომებით: She’s So Unusual (1984) და True Colors (1986). ლოპერს 1985 წელს გრემის ჯილდო აქვს მოგებული, რითაც ის მეექვსე გრემის მფლობელი არტისტი გახდა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შედის. გრემი მოგებული აქვს ასევე Outkast-ს – 2004 წელს საუკეთესო ალბომისთვის Speakerboxxx/The Love Below.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წლევანდელ გამოშვებაში ვერ მოხვდა საშემსრულებლო კატეგორიაში ნომინირებული კიდევ შვიდი შემსრულებელი. ესენი იყვნენ: „ოაზისი”, მერაია კერი, Joy Division/ New Order, The Black Crowes, ბილი აიდოლი, Maná (რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დიდების დარბაზში შესული პირველი ესპანურენოვანი როკშემსრულებელი იქნებოდა) და Phish, რომელიც გულშემატკივრის წლევანდელი ფავორიტი გახდა.
2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონია 8 ნოემბერს გაიმართება.
ნახეთ წლევანდელი გამარჯვებულების სრული სია:
საშემსრულებლო კატეგორია:
Bad Company
ჩაბი ჩეკერი
ჯო კოკერი
სინდი ლოპერი
Outkast
Soundgarden
The White Stripes
მუსიკალური გავლენის ჯილდო:
Salt-N-Pepa
უორენ ზევონი
მუსიკალური დიდებულების ჯილდო:
ტომ ბელი
ნიკი ჰოპკინსი
კეროლ კეი
აჰმეტ ერტეგანის ჯილდო:
ლენი უორონკერი