მაიკლ ბოლტონი ტვინის სიმსივნესთან ბრძოლაზე საუბრობს

People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 30 აპრილს გავრცელდა და რომელშიც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ, 72 წლის მომღერალმა ახალ დეტალებზე, მათ შორის დიაგნოზის დასმის მომენტზე ისაუბრა.
მაიკლ ბოლტონი Pre-GRAMMY Gala-ზე. 2023 წლის 4 თებერვალი.
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც  მაიკლ ბოლტონმა გაამხილა, რომ ტვინის სიმსივნეს ებრძვის და ოპერაცია გაიკეთა. ამჯერად, ბოლტონი პირველად ღიად საუბრობს კიბოსთან ბრძოლის შესახებ.

People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 30 აპრილს გავრცელდა და რომელშიც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ, 72 წლის მომღერალმა ახალ დეტალებზე, მათ შორის დიაგნოზის დასმის მომენტზე ისაუბრა. ბოლტონს  2023 წლის დეკემბერში გლიობლასტომა დაუდგინდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს არის აგრესიული ტიპის სიმსივნე, რომელიც თავისა და ზურგის ტვინში სიმსივნური უჯრედების ზრდით იწყება და შეუძლია გაანადგუროს ჯანმრთელი ქსოვილი. დიაგნოზის დასმის შემდეგ ბოლტონს სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. ეს ინფორმაცია მუსიკოსმა იანვარში გაასაჯაროვა, როცა გამოაცხადა, რომ დაგეგმილი კონცერტების გადადება უწევდა.

ბოლტონის ოპერაციისას ექიმებმა შეძლეს სიმსივნის სრულად მოცილება, ხოლო 2024 წლის იანვარში, ინფექციის მკურნალობის მიზნით, მან მეორედაც ჩაიტარა ტვინის ქირურგიული ჩარევა. მას შემდეგ, სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად მკურნალობის ფონზე, აპრილის დასაწყისში ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ ახალი სიმსივნური კერა არ წარმოქმნილა. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლტონს ორ თვეში ერთხელ უწევს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ჩატარება, რადგან გლიობლასტომას რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს.

„თხუთმეტი თვეა გასული ოპერაციიდან. იძულებული ვარ, საკუთარი ძალების სიღრმეში ჩავიხედო და ისეთი სიმტკიცე გამოვიჩინო, როგორზეც არასდროს მიფიქრია,” – განმარტავს ბოლტონი. 

ჟურნალის ინფორმაციით, მკურნალობის პროცესმა გავლენა მოახდინა მის მეხსიერებაზე, მეტყველებასა და მოძრაობის უნარზე. ცხოვრების ამ გარდამტეხი გამოცდილების ფონზე ბოლტონი ამბობს, რომ მას მემკვიდრეობის მნიშვნელობა თავიდან აქვს გააზრებული. – თუ ადრე ამ ტერმინს მხოლოდ კარიერულ მიღწევებთან აკავშირებდა, ახლა მთავარი მისთვის ის არის, რას ტოვებს შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

„როგორ მივცე მათ რაღაც ისეთი, რაც ცხოვრების გზაზე გაჰყვებათ?“ – ამბობს ის People-თან საუბარში. „სიცოცხლის გაკვეთილები, სიყვარული, ნებისმიერი სახის თანადგომა – მინდა სწორი გზით მივაწოდო ეს ყველაფერი, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ეს არის სიკვდილის გააზრება. თითქოს უცბად ისმება კითხვა: ვიყენებ კი საუკეთესოდ ჩემს დროს? მინდა გავაგრძელო ბრძოლა. მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი ამ ფრონტზე,“ – ამბობს ბოლტონი, რომელმაც უარი თქვა სამედიცინო პროგნოზის გაცნობაზე, რათა იმედი შეენარჩუნებინა. „სიმღერის სათაურიც მაქვს უკვე მოფიქრებული: Ain’t Going Down Without a Fight,”- ამბობს არტისტი.

ინტერვიუში მონაწილეობდნენ ბოლტონის ქალიშვილებიც, რომლებიც იხსენებენ, როგორ დაიწყო მამამ სიმღერა საავადმყოფოში, ოპერაციიდან რამდენიმე წუთში, როცა გონზე მოვიდა. ბოლტონმა და მისმა ოჯახმა, მათ შორის ექვსმა შვილიშვილმა ერთობლივად გადაიღეს ფოტო People-ის ნომრისათვის. ეს სურათი ბოლტონმა იმავე დღეს გამოაქვეყნა Instagram-ზე წარწერით: „იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდილების გაზიარება დაეხმარება სხვა ოჯახებს, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და იქნებ შთაგონებაც კი გახდეს მათთვის, ვინც სირთულეებს ებრძვის.“

„ასევე მინდა გულით გადაგიხადოთ მადლობა ყველას იმ სიყვარულისთვის, მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის, რაც მთელი წლის განმავლობაში გამოიჩინეთ. თქვენ მე ძალა მომეცით და დღემდე იმავე ენერგიით მივიწევ წინ,” – მიმართა გულშემატკივრებს მაიკლ ბოლტონმა.

ეს ინტერვიუ პირველი შემთხვევაა, როცა ბოლტონი დეტალურად საუბრობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მარტში მან მხოლოდ მოკლე პოსტი  დაწერა Instagram-ზე: „გამოჯანმრთელების პროცესს გავდივარ და დღითი დღე უკეთ ვგრძნობ თავს.” ამავე პოსტში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ატარებდა დროს. 

შემდეგ თვეში მან გამოაცხადა, რომ გადადებული კონცერტი ლონდონის O2 Arena-ზე 5 ივლისს გაიმართება. „მადლობა ჩემი გამოჯანმრთელების პერიოდში თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის!” – დაწერა მან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოიგებს თუ არა ბარბრა სტრეიზანდი პირველ გრემის 39 წლის შემდეგ?

შემდეგი სტატია

პროპალესტინური განცხადებების გაკეთების შემდეგ Kneecap-ს მხარდაჭერას Massive Attack უცხადებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი