ოთხწლიანი პაუზის შემდეგ Lorde ახალი ალბომით დაბრუნდა. Virgin არის ჩანაწერი, რომელიც მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ყველაზე გულწრფელ სიმღერას აერთიანებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად მომღერალი შიშობდა, რომ მუსიკის შექმნას ვეღარასდროს შეძლებდა.
BBC Radio 1-თან ინტერვიუში, რომელიც 8 ივლისს გამოქვეყნდა, Lorde-მ გაამხილა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მას შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა. ამის მიზეზად არტისტმა დაასახელა კვებითი აშლილობა, რომლის დაძლევის შესახებაც ღიად საუბრობს Virgin-ის წარმდგენი კამპანიის პერიოდში. როგორც მომღერალი ამბობს, ერთ დროს მისი გონება მთლიანად დაკავებული იყო სიგამხდრის იდეით, რის გამოც სიმღერების წერისთვის დრო და სივრცე აღარ რჩებოდა.
„2023 წლის დასაწყისში ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი და ეს ბევრ ასპექტს ეხებოდა“ – უთხრა მან წამყვან ჯეკ სანდერსს.
„ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასე მოწყვეტილი ჩემს კრეატიულობას. დიდი ხნის განმავლობაში იდეებიც არ გამჩენია. ეს იყო დრო, როცა მთელი ჩემი ფიქრები იმისაკენ იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება ნაკლები წონა მქონოდა. ვიძინებდი და ვიღვიძებდი მხოლოდ საკვებზე და ვარჯიშზე ფიქრით. ეს იყო ჩემი მისწრაფება. სწორედ აქეთ მიემართებოდა მთელი ჩემი ენერგია. იმ დროს ვუთხარი ჩემს თავს – უნდა შევწყვიტო, რადგან ეს მთელ ჩემს ხელოვნებას ბლოკავს. როგორც კი ეს გონებიდან გაქრა, ყველაფერი ნელ-ნელა დაბრუნდა.“
საკუთარ კეთილდღეობაზე ფოკუსირების შემდეგ, Lorde-მ შეძლო სტუდიაში დაბრუნება და Virgin-ის შექმნა. ალბომი 27 ივნისს გამოვიდა და სადებიუტო პერიოდშივე Billboard 200-ის ჩარტის მეორე ადგილს იკავებს. ერთ-ერთ ტრეკში, სახელად Broken Glass, მომღერალი თავისი სხეულის აღქმის თემასაც ეხება. ეს სიმღერა უკვე იქცა ფანების რჩეულად, თუმცა განსაკუთრებულ მოწონებას ალბომის ბოლო ტრეკი – David იმსახურებს, რომელიც, მომღერლის თქმით, გარკვეულწილად მიქელანჯელოს ცნობილ სკულპტურას მიუძღვნა.
„ბევრს ვფიქრობდი დავითსა და გოლიათზე, ძალაუფლების ამბავზე,“ – განმარტა მან.
Virgin-ის გამოშვებასთან ერთად Lorde მეტად გულახდილია. სიმღერებში ის წარსულ ტკივილებს, შინაგან ბრძოლებს და გადატანილ კრიზისებს ეხება. ეს ცვლილება არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ მის პირად გამოცდილებაშიც იგრძნობა. როგორც თავად ამბობს, კვების აშლილობასთან დაკავშირებულმა პროცესებმა მასზე სერიოზული გავლენა იქონია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მისთვის არამხოლოდ ფიზიკური, შემოქმედებითი გამოღვიძებაც იყო.
„იმ დროს არ ვიცოდი, რამდენად ვიყავი იმ რაღაც სისტემის ნაწილი, რომელიც ჩემისთანა ადამიანების საკუთარი სხეულისადმი სიძულვილით იკვებება. ახლა უკვე სხვაგვარად ვხედავ ყველაფერს – ჩემს თავს, ჩემს ხმას და ჩემს ადგილს.“
Lorde-ს ახალი ალბომი, განსაკუთრებით კი ტრეკები Broken Glass, David და Sway მკვეთრად განსხვავდება მისი წინა ნამუშევრებისგან როგორც მუსიკალურად, ისე ემოციური თვალსაზრისით. ჟღერადობით ალბომი უფრო შიშველი და მინიმალისტურია, რაც ტექსტების სიმძაფრეს კიდევ უფრო აძლიერებს. Virgin არ არის გათვლილი ჰიტებზე და უფრო ერთგვარ დღიურს ჰგავს.
მიუხედავად ამისა, Virgin კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონებას უკვე იმსახურებს. ბევრმა მას Lorde-ს კარიერის ყველაზე გულწრფელი და გაბედული ეტაპი უწოდა.
„უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სრულიად გულწრფელი ვყოფილიყავი და მეც ვიცოდი, რომ ეს მჭირდებოდა. ვთქვი – როცა ამას ვიტყვი, მაშინ ვიქნები თავისუფალი.’“
ნახეთ Lorde-ის სრული ინტერვიუ: