Meme-ს მუსიკა

„ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ექსპერიმენტებს მივმართავ: ვწერ იმას, რასაც ჩემი ქვეცნობიერი მთხოვს. ჩემი ქაოტური ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი მუსიკაც ასეთია – არაპროგნოზირებადი.“
Meme
ფოტო: ელენე გომელაური

თანამედროვე მუსიკალური სცენა ჟანრობრივი ჩარჩოებისგან სულ უფრო თავისუფალი ხდება. ახალი თაობის არტისტები მეტად ცდილობენ, კონკრეტული მიმდინარეობით მუსიკალურად არ შეიზღუდონ და საკუთარი თავი სხვადასხვა ეტაპზე ექსპერიმენტების გზით აღმოაჩინონ. სწორედ ამ შემოქმედებით ხედვას მიჰყვება Meme – ქართული მუსიკალური სცენის ახალი თაობის არტისტი.

„არც კი მახსოვს დრო, როცა მუსიკა არ მიყვარდა. ძალიან პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რომ სცენაზე დგომა იყო ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა მეკეთებინა. მუსიკა არის ყველაფერი, რაც ვიცი, ამიტომ არასდროს მიფიქრია სერიოზულად სხვა პროფესიაზე. პირველად რომ დავიწყე სიმღერა, ექვსი წლის ვიყავი. ბებიაჩემს წინ ვისვამდი და ვუმღეროდი, ხელში კი მიკროფონის ნაცვლად ბოთლი მეჭირა. თვალებს ვხუჭავდი და ვხედავდი, როგორ ვდგავარ დიდ სცენაზე. მთელი ბავშვობა ამ სამყაროში გავატარე და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანიც სწორედ ამ წარმოსახვის რეალობად ქცევაა,“ – ამბობს Meme თავის პირველ მუსიკალურ მოგონებებზე საუბრისას.

როგორც Meme ინტერვიუს დროს აღნიშნავს, კარგად ახსოვს ის პერიოდიც, როცა მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

Meme
ფოტო: ელენე გომელაური

„ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი სიმღერის მასწავლებელს, ხათუნა ლეჟავას. ის იყო პირველი ადამიანი, ვისთანაც 10 წლის ასაკში მივედი. მაშინ დაბნეული და შეშინებული ბავშვი ვიყავი, რომელმაც არ იცოდა, რა უნდა ექნა. ხათუნა ის ადამიანია, რომელმაც მიმართულება მომცა. ძალიან მინდა ცხოვრებაში მივაღწიო ისეთ წარმატებას, რომ ხათუნას ასმაგად დავუბრუნო ის ამაგი, რაც მან ჩემში ცხრა წლის განმავლობაში ჩადო.”

როგორც Meme ამბობს, პირველად თავი მუსიკოსად მაშინ აღიქვა, როცა საკუთარი სიმღერა დაწერა. მისი თქმით, სიმღერის შექმნა ბუნებრივი, თითქოს მაგიური პროცესია, რომელიც თავისთავად ხდება. ამ დროს არტისტს გაორმაგებული პასუხისმგებლობაც აკისრია – ზუსტად და გულწრფელად გადმოსცეს ის, რაც მის თავში და გარშემო სამყაროში ხდება. სწორედ ეს გულწრფელობაა ის, რაც საბოლოოდ ყველაზე ძლიერ კავშირს ქმნის მსმენელთან: მუსიკა აღარ არის მხოლოდ მელოდია, ტექსტი და ჟანრი – ის ხდება ემოცია, რომელსაც ადამიანები იღებენ და საკუთარ გამოცდილებას ურთავენ.

მუსიკა Meme-სთვის ექსპერიმენტების სივრცეა – ადგილი, სადაც ინსპირაცია შეიძლება გაჩნდეს იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდება.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩემი მუსიკალური გზა სწორედ ჟღერადობის არ ქონით ხასიათდება. ვქმნი მრავალფეროვან მუსიკას – როგორც ჟანრობრივად, ისე ჟღერადობით. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ექსპერიმენტებს მივმართავ: ვწერ იმას, რასაც ჩემი ქვეცნობიერი მთხოვს. ჩემი ქაოტური ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი მუსიკაც ასეთია – არაპროგნოზირებადი.“

Meme მუსიკის განსხვავებული ჟანრების მიმართ ღიაა. მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენა და გაგება მისთვის ერთგვარ რესურსად იქცა, რომელიც ემოციურ პროცესში ინსპირაციად გარდაიქმნება.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არ შეიზღუდო თავი ჟანრობრივად. რაც უფრო მეტს უსმენ, რაც მეტ ჟანრს და მიმდინარეობას ეცნობი, მით უფრო გამოჩნდება შენი გემოვნება და ხასიათი შემოქმედებაში. ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი მიმდინარეობაა ალტერნატიული R&B. მიყვარს არტისტები, როგორებიც არიან: ABRA, Tirzah, Dean Blunt, Inga Copeland. ძალიან მომწონს ის, რაც დღესდღეობით UK-ის მუსიკალურ სცენაზე ხდება. ვფიქრობ, ინგლისი მალე ისევ მუსიკის ეპიცენტრი გახდება ისეთი არტისტებით, როგორებიც არიან Skepta, Fakemink, Ivorian Doll, Cristale და სხვები.”

მუსიკალური კარიერის ამ ეტაპზე Meme კოლაბორაციულ პროექტზე მუშაობს არტისტ Denivarlevy-სთან ერთად და ლაივ კონცერტებზეც სწორედ ამ პროექტს წარადგენს მსმენელის წინაშე. როგორც Meme ამბობს, Denivarlevy-სთან თანამშრომლობა მის მუსიკალურ მოგზაურობაში საინტერესო ეტაპია.

„ძალიან მიყვარს კოლაბორაციები. ეს საინტერესო გამოცდილებაა და ბევრს გასწავლის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არტისტი შენგან რადიკალურად განსხვავდება. ამჟამად მე და Denivarlevy (ჩემი პროდიუსერი) თრეფ-ალბომზე ვმუშაობთ, რომელიც მალე გამოვა. მუსიკაზე მუშაობა უმეტესად ჩემს ოთახში იწყება – ლეპტოპის მიკროფონით ვწერ პარტიებს Denivarlevy-ს ბითებზე, შემდეგ კი პროცესს სტუდიაში ვაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მის ცოდნასთან ახლოსაც ვერ მივალ, ყოველთვის ჩართული ვარ ფროდაქშენში. ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა არტისტი თავისი მუსიკის შექმნისას ყველა ასპექტში უნდა იყოს ჩართული – იქნება ეს ფროდაქშენი, ვიზუალური მხარე, მუსიკალური ვიდეო თუ მარკეტინგი. შენ ხარ სულის ჩამდგმელი შენივე ტექსტისა და სიმღერის და სულ რომც არ იცოდე ტექნიკური დეტალები, მოსმენისას იგრძნობ, რა აკლია პროდუქტს.“

ხშირად გვსმენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკალურ სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და უნიკალური ხელწერის შექმნა, თუმცა Meme-ს თქმით, დაკავებული ნიშის იდეას არ იზიარებს. მისთვის შემოქმედებითი პროცესის ყველაზე საინტერესო ასპექტი სწორედ ექსპერიმენტებია, რაც მსმენელთა აუდიტორიასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის.

„გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი მუსიკის გაგება ყველანაირ ადამიანს შეუძლია, რადგან ჩემი დისკოგრაფიაც სწორედ ასეთია – ქაოტური და მრავალფეროვანი. თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ გოგოებსა და ქვიარ ადამიანებს, ვისაც ჩემი მუსიკა ეხმარება საკუთარი თავის პოვნასა და გაძლიერებაში. My girls and gays are priceless.“

Meme
ფოტო: დათო ქორიძე

საქართველოს რეალობაში მუსიკის პროფესიად ქცევა დიდი გამოწვევაა. ამ სიტუაციაში სოციალური მედია მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც არტისტს ნაწილობრივ ეხმარება საზღვრების გარღვევაში. თუმცა სოციალური მედიის როლმა მუსიკის კომერციალიზაციის პროცესში ის ადგილი დაიკავა, რაც ბევრი არტისტისთვის სტრესულ პასუხისმგებლობად და შემოქმედების დამთრგუნველ გარემოებადაც იქცა. 

„სამწუხაროდ, სოციალური მედიის „ჰაიპის“ გარეშე დღესდღეობით არაფერი გამოდის და ეს ფაქტი მძულს. მიუხედავად იმისა, რომ მე აქტიური ვარ სოციალურ ქსელებში და ნელ-ნელა ვზრდი ჩემს აუდიტორიას, მაინც მიმაჩნია, რომ მუსიკოსმა არ უნდა იგრძნოს ზეწოლა – „კონტენტის შექმნის“ ვალდებულება. მუსიკოსმა უნდა აკეთოს მუსიკა. მაგრამ ეს პრივილეგია მხოლოდ ერთეულებს აქვთ. შემოქმედებით ნაწილში კი არტისტის წარმატებას მუსიკალურ სცენაზე მაინც ის განსაზღვრავს, რამდენად ბუნებრივად აქვს საკუთარი იდენტობა. ჩემთვის აუცილებელია გულწრფელობა. ის სტილი და ბრენდი, რასაც სცენაზე წარადგენ, ბოლომდე შენი უნდა იყოს, თამაშის გარეშე.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესმა დაასახელა თავისი ძველი სიმღერა, რომლის ხელახლა ჩაწერა და შესრულებაც სურს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი ახალ ალბომს აანონსებს – The Life of a Showgirl

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი