Oasis-ის ლიდერები, ძმები ნოელ და ლიამ გალაგერები ირლანდიელმა აუდიტორიამ გულთბილად მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ლიამი და ნოელი მანჩესტერში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მათი მშობლები ირლანდიელები არიან. ჯგუფმა 16 აგვისტოს კონცერტი დუბლინში გამართა.
2009 წლის შემდეგ ეს ჯგუფის პირველი შოუ იყო ირლანდიაში. ადგილობრივმა მსმენელებმა Oasis-ს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს – Croke Park-ის სტადიონისკენ მიმავალ გზებზე, რომლებიც სავსეა პაბებით, ადგილობრივი ბენდები გამოდიოდნენ და Oasis-ის ქავერებს ასრულებდნენ. ტარდებოდა თემატური ვიქტორინებიც და ყველაფერს ფან-კლუბის ელფერი ჰქონდა. მსმენელებს ჯგუფის სიმღერების წარწერებიანი მასიურები ეცვათ. მსგავსი სიმბოლური ატრიბუტიკა იყიდებოდა როგორც ჯგუფის ოფიციალურ pop-up მაღაზიაში, ასევე ნაკლებად ოფიციალურ კიოსკებში, რომლებსაც მთელი ქალაქის მასშტაბით შეხვდებოდით.
საღამოს ყველამ Croke Park-ს მიაშურა, სადაც ჯგუფის ორდღიანი შოუს პირველი კონცერტი იწყებოდა. Oasis-ის შოუს დაწყებამდე სცენაზე გამხსნელი აქტებით მსმენელის წინაშე წარდგნენ Cast და The Verve-ის ყოფილი ფრონტმენი რიჩარდ ეშკროფტი.
Oasis-მა ირლანდიელ მსმენელს რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზა თავისი ჰიტებით სავსე 23-სიმღერიან სეტში, რომელსაც ჯგუფი კონცერტების განმავლობაში არსებითად უცვლელს ტოვებს. ალბათ, ყველაზე მოულოდნელი მომენტი ძმების ხელჩაკიდებული გამოსვლა იყო. შაბათ საღამოს ამ ჟესტმა დაადსტურა, რომ გალაგერებმა შეძლეს კონფლიქტის დაძლევა, რათა თავადაც მიეღოთ სიამოვნება. მოგვიანებით ლიამმა Roll With It მათი მშობლების ქალაქს მიუძღვნა.
ძმებმა გალაგერებმა ლეგენდის სტატუსი 90-იანი წლების შუა პერიოდში მოიპოვეს, როცა გასული 30 წლის ბრიტანული როკის ისტორია აქციეს ადვილად მოსასმენ, კლასიკური ჟღერადობის ენერგიულ სიმღერებად და ბალადებად. ეს სიმღერები მალე ეპოქის განმსაზღვრელ ახალგაზრდულ ჰიმნებად იქცა. სამი ათწლეულის შემდეგ Oasis კვლავაც ძლიერ ნოსტალგიურ ეიფორიას იწვევს იმ ასაკის აუდიტორიაში, რომელიც ჯგუფს მათი კარიერის დასაწყისიდანვე უსმენს. მაგრამ Oasis ასევე გვთავაზობს კულტურულად მდგრადი კლასიკების კატალოგს, რომელმაც ახალი თაობაც მიიზიდა. შაბათს დარბაზში მრავლად იყვნენ მშობლები შვილებთან ერთად. სწორედ ეს ნოსტალგიურობა და ამავდროულად აქტუალობა აძლევს ჯგუფს საშუალებას, თავისი კომერციული პიკის შემდეგ, 30 წლის თავზეც კი, სტადიონები გაავსოს.
Oasis-ის პოპულარობა 21-ე საუკუნის დასაწყისშიც გაგრძელდა. რვიდან ოთხი ყველაზე დიდი ჰიტი სწორედ 2000-იან წლებში გამოვიდა. თუმცა ჯგუფის საკონცერტო სეტლისტის საუკეთესო ჰიტების ნაკრებში მხოლოდ ერთი სიმღერაა, რომელიც 90-იანი წლების ოქროს ხანის შემდეგ დაიწერა – ეს არის 2002 წლის Little by Little. დანარჩენი პროგრამა ძირითადად პირველ ორ ალბომს ეყრდნობა – 1994 წლის Definitely Maybe-ს და 1995 წლის (What’s the Story) Morning Glory?. დუბლინის კონცერტზე ასევე გაჟღერდა მესამე ალბომი Be Here Now ორი სიმღერით, მათ შორის იყო Stand by Me, რომელიც ძმების დედას – პეგის მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ისიც დარბაზში იყო.
Oasis-მა ისეთივე ხარისხით შეასრულა სიმღერები, როგორც ათწლეულების წინ და ისევე აიყოლია აუდიტორია, როგორც პოპულარობის ზენიტში ყოფნისას. ეს აჩვენებს, როგორი მაღალი დონის მუსიკას ქმნიდნენ გალაგერები თავიდანვე. აუდიტორია ერთნაირად ჩაერთო ჰიტების მოსმენისა და კატალოგის სიმღერების დროსაც. მაგალითად, Rock ‘n’ Roll Star საერთოდ არ ყოფილა ალბომის სინგლი, მაგრამ მთელი სტადიონი მაინც ერთხმად აჰყვა.
Oasis-მა ბოლო სამ სიმღერად Don’t Look Back in Anger, Wonderwall და Champagne Supernova შემოინახა. ეს არის ჯგუფის სამი უდიდესი ჰიტი – მათ შორის აშშ-შიც, სადაც Oasis-ის 1996 წლის Morning Glory-ს ეპოქამ ბენდს მისცა შესაძლებლობა, სტადიონები დაეპყრო. Look Back in Anger-ის პირველი მისამღერისას ნოელს არც კი დასჭირდა სიმღერა, რადგან 82 000-კაციანმა აუდიტორიამ ეს თავად გააკეთა.
მუსიკალური კარიერის პირველ პერიოდში Oasis ხშირად ამთავრებდა სეტებს ქავერებით – ჯგუფის ბოლო ირლანდიური გამოსვლა 2009 წლის Slane Festival-ზე The Beatles-ის I Am the Walrus-ით დასრულდა. მაგრამ გალაგერებს აღარ სჭირდებათ საკულტო ბენდების ქავერების შესრულება, რადგან ისინი თავადვე გახდნენ ლეგენდები.
„დიდი მადლობა, რომ ამდენი წელი იყავით ჩვენთან ერთად, ეს ძნელი საქმეა,“ – ასე მიმართა ლიამმა ფანებს Champagne Supernova-ს დასრულებამდე.
მართლაც, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსმენელისათვის ნამდვილად რთული იყო საყვარელი ბენდის კვლავ გაერთიანების გაურკვეველი მოლოდინი. თუმცა, შაბათის შოუმ და მისმა საზეიმო ენერგეტიკამ ცხადყო, რატომ იქცა Live ’25 Tour ბენდის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად და რაღაც ახლის დასაწყისად.