ნოელ გალაგერის პირველი ინტერვიუ „ოაზისის” გაერთიანების შემდეგ

ფეხბურთზე შეყვარებულმა მუსიკოსმა სპორტულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფეხბურთის გარდა, იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს დიდი ბრიტანეთის კონცერტების შემდეგ.
ნოელ გალაგერი
DAVE BENETT/GETTY IMAGES

აქამდე „ოაზისი” მხოლოდ საკუთარი მუსიკით საუბრობდა. ლიამ და ნოელ გალაგერებმა სულ ახლახან დაასრულეს Live ’25 ტურნეს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კონცერტების სერია, რომლებიც 16-წლიანი უთანხმოების შემდეგ მათი პირველი ერთობლივი შოუები იყო.

ამ დრომდე არც ერთ ძმას არ მიუცია ინტერვიუ, სადაც კონცერტებზე ისაუბრებდნენ.  თუმცა ნოელი, რომელიც უმცროსი ძმასავით შეყვარებულია ფეხბურთზე, მის საყვარელ სპორტულ შოუს, talkSPORT-ს ესტუმრა. შოუს წამყვანებთან, ენდი გოლდსტეინსა და დარენ ბენტთან ერთად გალაგერმა ისაუბრა Manchester City-ზე და, რა თქმა უნდა, მასა და მის ძმას შორის ამჟამინდელ ურთიერთობაზეც. 

ნოელმა აღნიშნა, რომ დუბლინში გამართული ბოლო ორი კონცერტის შემდეგ ჯერ კიდევ ემოციებშია. მან 16-17 აგვისტოს უიკენდი შეაჯამა და თქვა: „იყო ბევრი სიმღერა, ბევრი დალევა და ბევრი სისულელის ლაპარაკი…”

მუსიკოსის თქმით, ამ მომენტში ის „სამყაროს მწვერვალზეა” და გაოცებულია იმ რეაქციებით, რაც ჯგუფის კონცერტებს ახლავს. „ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. ყოველი ღამე აუდიტორიისთვის პირველი ღამეა, ამიტომ ყოველ კონცერტს ერთი და იგივე ენერგია აქვს. ეს საოცარია… როგორც წესი, სიტყვაძუნწი არ ვარ, მაგრამ ამის გადმოცემას ვერ ვახერხებ.” 

კითხვაზე, თუ რას გრძნობდა 4 ივლისს კარდიფში, როცა ბენდი ტურნეს პირველი კონცერტისთვის ემზადებოდა, ნოელმა აღნიშნა, რომ „ოაზისი” არასდროს ყოფილა ის ბენდი, რომელიც სცენაზე გასვლამდე ლოცვას კითხულობს. მან გაამხილა, რომ კონცერტამდე სათანადოდ არ ჰქონდა შეფასებული, თუ რაზე მიდიოდა. „ხუთი წუთის შემდეგ ვიფიქრე: „კარგი, შეიძლება გასახდელში დავბრუნდე და ეს ახლიდან გავაკეთო?” სტადიონებზე ბევრჯერ გამოვსულვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეორე სიმღერის შუაში ფეხები მეკვეთებოდა.”

ნოელმა ისაუბრა იმ ემოციურ ჩახუტებაზეც, რომლითაც ძმებმა პირველი შოუ დაასრულეს. „ეს შესანიშნავი რამ იყო. მაგარია, რომ ისევ ერთად ვართ Bonehead-სა და ლიამთან. ალბათ როცა ყველაფერი ითქმება და გაკეთდება, დავსხდებით და დავფიქრდებით, თუ რა მოხდა. მაგრამ ახლა უბრალოდ კარგია ჯგუფში ლიამთან ერთად დაბრუნება. დამავიწყდა კიდეც, თუ როგორი სასაცილოა ის.”

ნოელის თქმით, ერთი სული აქვს, ბუენოს-აირესში ბენდის ბოლო შოუებზე დაუკრას. „რამდენჯერმე დაგვიკრავს იქ და არგენტინა, უდავოდ, მსოფლიოს ტოპ 5 ადგილში შედის, სადაც კი გამოვსულვართ.” მანამდე კი, 24 აგვისტოს, „ოაზისი” ტორონტოში ჩრდილოამერიკულ ტურნეს იწყებს, რომელიც 7 სექტემბერს პასადენაში დასრულდება.

საუბარში გოლდსტეინმა ახსენა ჭორები იმის შესახებ, რომ ბენდმა შესაძლოა მომავალი წლის Knebworth Festival-ზე დაუკრას – 30 წლის იუბილეზე მათი ლეგენდარული 1996 წლის კონცერტიდან, სადაც „ოაზისი” 250 000 მაყურებლის წინაშე წარდგა. ნოელმა კი ამ კითხვაზე პასუხს მოხერხებულად აარიდა თავი და დაიჟინა, რომ საუბარი კვლავ ფეხბურთს დაჰბრუნებოდა. 

ნახეთ ნოელ გალაგერის სტუმრობის ვიდეო talkSPORT-ში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესმა, ბენი ბლანკომ და The Marias-მა ლათინური პოპ სიმღერების ჩარტის ლიდერი პოზიცია პირველად დაიკავეს

შემდეგი სტატია

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი