ქართველი მუსიკოსი, რომლის ნამღერმაც გერმანული The Voice-ის ყველა მენტორი შემოატრიალა – ინტერვიუ დაიანა ვაშაკიძესთან

Billboard Georgia დაიანას გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ის თავისი მუსიკალური კარიერის ადრეულ ეტაპებზე, The Voice-ის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე ყვება.
დიანა ვაშაკიძე
The Voice of Germany

საერთაშორისო გავლენიან მუსიკალურ კონკურსში კიდევ ერთი ქართველი შემსრულებელი გამოჩნდა. 28 სექტემბერს გერმანული The Voice-ის ე.წ. ბრმა ტურის ეპიზოდი გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი დაიანა ვაშაკიძის გამორჩეული მუსიკალური ნომერი მოვისმინეთ. დაიანამ ბრიტნი სპირსის ცნობილი ჰიტის – Toxic-ის ალტერნატიული ვერსია შეასრულა და ყველა მწვრთნელი სცენისაკენ შემოატრიალა.

Billboard Georgia დაიანას გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ის თავისი მუსიკალური კარიერის ადრეულ ეტაპებზე, The Voice-ის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე ყვება:

„მე და ჩემი ტყუპი და ანნა დავიბადეთ პოლონეთში, რადგან ჩვენი მშობლები გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდნენ. დაბადებიდან წელიწად-ნახევარში ჩვენი მშობლები ისევ საქართველოში დაბრუნდნენ, კონკრეტულად ქალაქ გორში, სადაც 18 წლამდე ვცხოვრობდი. გავიზარდე ოჯახში, სადაც დედა მსახიობია, მამა ტყავის დიზაინერი, ბებია კი – უნიჭიერესი მხატვარი და მწერალი.”

ხელოვნებასთან ასეთმა სიახლოვემ, ბუნებრივია, დაიანას ინტერესებზეც მოახდინა გავლენა. იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მუსიკის მასწავლებელმა დაარწმუნა, სკოლის კონკურსზე ემღერა. როგორც თავად ამბობს, ამ დროს საკუთარ მუსიკალურ ნიჭში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, თუმცა სცენაზე ფეხის დადგმის იდეა კარგად ჟღერდა და ამიტომ დათანხმდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სურდა, ცხოვრება მუსიკისთვის დაეკავშირებინა.

„სკოლის დამთავრების დროს ძალიან დაბნეული ვიყავი. მინდოდა, მუსიკალური მიმართულებით მიმეღო განათლება, მაგრამ არ ვიცოდი, სად და როგორ. ასევე მქონდა ეჭვები, რამდენად სტაბილური იქნებოდა ეს კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მთლიანად მხარს მიჭერდა, რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, მივხვდი, რომ ყველა “სტაბილურ” კარიერას ირჩევდა და მეც გადავწყვიტე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, აღმოვაჩინე ხელოვანთა ჯგუფი, რომელსაც ერქვა Seu Art Project და ლექციების შემდეგ თითქმის ყოველდღე ვმღეროდით და ვემზადებოდით გამოსვლებისთვის. გვქონდა არაერთი კონცერტი და ვმონაწილეობდით მუსიკალურ პროექტებში. შემდეგ ჩამოვედი ბერლინში და ყველა დაბრკოლების მიუხედავად, მაინც არ მოვეშვი სიმღერას.”

დაიანა ვაშაკიძის გერმანიაში გადასვლა მშობლის ჯანმრთელობის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. 2017 წელს დაიანას დედას მძიმე სამედიცინო დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ინტერვიუში გვიყვება, ოჯახმა ყველაფერი სცადა საქართველოში მკურნალობისთვის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს ფინანსურად შეუძლებელი გახდა.

„ყოველ 22 დღეში გადასხმა უწევდა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მე და დედა 2020 წელს ბერლინში წამოვედით, რომ მკურნალობა აქ დაეწყო. დავტოვეთ ჩვენი ოჯახი, მეგობრები, ცხოვრება საქართველოში და ყველაფერი მართლაც რომ ნულიდან დავიწყეთ. ვისწავლე გერმანული და ამჟამად ვმუშაობ ბერლინში. ვმღერი ყოველ წამს, როცა დრო მაქვს. საავტორო მუსიკას ბოლო ორი წელია, აქტიურად ვქმნი. ახლაც მუსიკალურ პროექტზე ვმუშაობ ჩემს შეყვარებულთან და მის ძმასთან ერთად და სიმღერების გამოქვეყნების დაგეგმვის პროცესში ვართ.”

გერმანული The Voice დაიანასთვის პირველი სატელევიზიო კონკურსი არ არის. Seu Art Project-ის პერიოდში მან და მისმა დამ კრეატიულ ჯგუფთან, Happy Hands-თან ერთად „ნიჭიერში” მიიღეს მონაწილეობა და ნახევარფინალში მოხვდნენ.

„ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. უნივერსიტეტის დროს მქონდა კონცერტები ჩემს ჯგუფთან ერთად თბილისსა და ბათუმში. ბერლინშიც რამდენიმე ქართულ მუსიკალურ საღამოზე ვიმღერე. მუსიკა ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებდა და მანიჭებს. მინდა, რომ ყოველთვის რაღაც ახალი ვისწავლო და ჩემი შესაძლებლობები განვავითარო. ამასთანავე, მინდა, შევქმნა ისეთი მუსიკა, რაც მე მჭირდებოდა რთული მომენტების გადასალახად და რასაც იმ დროს მოუსმენს ადამიანი, როცა ყველაზე მეტად სჭირდება.”

The Voice-ში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას დაიანა ამბობს, რომ კონკურსებისა და სატელევიზიო გადაცემების მიმართ სინამდვილეში არასდროს ჰქონია საუკეთესო დამოკიდებულება, მაგრამ გერმანიაში ყოფნისას ფიქრობდა, რომ თუ მუსიკალურ პროექტში მიიღებდა მონაწილეობას, ეს The Voice იქნებოდა.

„ჩემი მეგობრები და ოჯახი, ყველაზე მეტად კი დედა, ყოველთვის ელოდებოდნენ, როდის გავიდოდი რაიმე პროექტში. ერთ დღეს გავიღვიძე და რატომღაც მომინდა, რომ გერმანული The Voice-ის ვებ-გვერდი შემემოწმებინა. აღმოვაჩინე, რომ რეგისტრაციის ზუსტად ბოლო დღე იყო. ეს ნიშნად მივიღე და ფორმა შევავსე. თან სამსახურისთვის ვემზადებოდი და თან ვრეგისტრირდებოდი. ძალიან ბევრი კითხვა იყო და იმის გამო, რომ ცოტა დრო მქონდა, ძალიან ცოტა კითხვას გავეცი პასუხი. მატარებელში ვიჯექი და სამსახურში მივდიოდი, როცა განაცხადი გავგზავნე. ამის შემდეგ გამომიგზავნეს ბოლო შესარჩევი ტურის თარიღი, რომელსაც ერქვა „The Last Chance Day”. ეს დღე ზუსტად 12 საათს გაგრძელდა. იყო სამი პრე-კასტინგი, რისი გადალახვაც მომიწია და შემდგომ მითხრეს, რომ დამირეკავდნენ იმ შემთხვევაში, თუ ამარჩევდნენ. ერთი თვის ლოდინის შემდეგ გავიგე, რომ „ბრმა შესარჩევ ტურზე” ვიმღერებდი.”

დაიანა ვაშაკიძემ ყველასთვის ნაცნობი სიმღერა – Toxic – ალტერნატიული ჟღერადობით შეასრულა. როგორც თავად გვიყვება, პრე-კასტინგზე სამი სიმღერა ჰქონდა მომზადებული და აქედან ერთ-ერთი იყო Toxic, რომელიც თავად The Voice-ის გუნდმა აარჩია, რადგან ყველაზე მეტად ეს მოეწონათ.

დაიანა ვაშაკიძე
The Voice of Germany

„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ნოსტალგიურია. ყოველთვის მიყვარდა აქტიური ჟღერადობის სიმღერების ემოციურად გადაკეთება. ასეთ დროს ტექსტს უფრო უფიქრდება ადამიანი და ინტენსიური ცვლილებაა ორიგინალსა და აკუსტიკურ ვერსიას შორის. ზოგადად, რატომღაც მიმაჩნია, რომ ყველა სიმღერა სევდიანად უკეთესად ჟღერს. იმდენად მინდოდა, რომ სიმღერით მიმეღო სიამოვნება, თავიდანვე გამოვრიცხე ნერვიულობა და პროცესზე ვფოკუსირდი. ჩემთვის უკვე გამარჯვება იყო, რომ „ბრმა შესარჩევი ტურისათვის” ათასობით მონაწილიდან ამარჩიეს, ამიტომ არც მიფიქრია, რამდენი მწვრთნელი შემობრუნდებოდა. გონებაში ყველაფერი მქონდა დაშვებული და ამიტომ უბრალოდ პროცესს მივენდე. როდესაც მივხვდი, რომ ყველა მენტორი შემობრუნდა, გავაცნობიერე, რომ მომეცა შანსი კიდევ ერთხელ მემღერა The Voice-ის სცენაზე და ეს ყველაზე არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო! ამასთანავე, ყველას შემობრუნება იმას ნიშნავდა, რომ ჩემმა გამოსვლამ მაქსიმალურად კარგად ჩაიარა! რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი.”

დაიანას ამჟამად წინ ე.წ. რინგის, იგივე  Battles-ის სახელით ცნობილი ტური ელის. როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რეპეტიციები ძალიან სახალისოა და ამ პროცესის დროს უამრავ ნიჭიერ ადამიანს იცნობს.

„სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან დეტალები კონფიდენციალურია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამ პროცესით დავტკბე და ჩემი კვალი დავტოვო! სამომავლო გეგმები კი ასეთია: გამოვუშვა საკუთარი სიმღერები და ვიდგე სცენაზე 24/7-ზე!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

NexTone Shota Tsutsuura

NexTone-ის ახალი ინიციატივა –  Game Music Academy და მისი პოტენციალი

შემდეგი სტატია

Vinda Folio ქარი კვლავ არხევს

Vinda Folio-მ ახალი სინგლი „ქარი კვლავ არხევს“ გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი