8 ოქტომბერს ბიორკმა მოწოდება გააკეთა თავისი მეგობარი ისლანდიელი მუსიკოსის, მაგა სტინას მხარდასაჭერად, რომელიც, მისი თქმით, ისრაელის არმიამ გაიტაცა, როცა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობდა.
„ჩემი ბავშვობის მეგობარი, მუსიკოსი მაგა სტინა ისრაელის არმიამ გაიტაცა. ის გრეტა თუნბერგის შემდეგ მიცურავდა ნავით, რათა ღაზაში საერთაშორისო დახმარებისთვის გზა გაეხსნა,” – წერს ბიორკი ინსტაგრამის პოსტში 9-ნავიან ფლოტზე, რომლის მიზანი იყო, გაერღვია ისრაელის სამხედრო საზღვაო ბლოკადა, რათა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო.
„მჯერა, რომ აქტივიზმიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად ადამიანები. მხარს ვუჭერ მაგა სტინასა და გრეტას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პალესტინაში გენოციდის შესაჩერებლად. უკანონობაა, აშიმშილო ხალხი და არ შემოუშვა საკვები, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი,” – წერს მომღერალი და ეხმაურება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ისრაელი განზრახ და სისტემატურად აშიმშილებს ადამიანებს ღაზაში. გლობალური ორგანიზაციების თქმით, ისრაელი შიმშილს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ „მიმდინარე გენოციდის” შემადგენელ ნაწილად იყენებს.
Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 145 აქტივისტი, რომლებიც მონაწილეობდნენ „თავისუფლების ფლოტილიის კოალიციაში”. მისი თქმით, დაკავებულები ნაპირზე იქნენ გადმოყვანილი და აღრიცხული მათ დეპორტაციამდე. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერს არ უპასუხია „ბილბორდის” კითხვაზე ფლოტილიის შეჩერების ან იმის შესახებ, იყო თუ არა მაგა სტინა დაკავებულთა შორის.
აღნიშნული ქმედება მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ კვირას 400-ზე მეტი აქტივისტი 40-ნავიანი ფლოტით – რომელიც მოიცავდა ევროპელ კანონმდებლებსა და კლიმატის აქტივისტ გრეტა თუნბერს – ისრაელის არმიამ შეაჩერა, როცა ისინი ღაზაში შეღწევას ცდილობდნენ.
The Icelandic Monitor გადმოსცემს, რომ სტინას ოჯახი ასევე სთხოვს ისლანდიის მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის. „ჩვენი ოჯახი და მაგა სტინას მეგობრები ძალიან ვღელავთ არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით ისრაელის სამხედროების მხრიდან მის მიმართ შესაძლო მოპყრობაზე,” – წერს მუსიკოსის ოჯახი და მოითხოვს 100-მდე ჯანდაცვის მუშაკის, ჟურნალისტებისა და სამშვიდობო აქტივისტების გათავისუფლებას, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, ნავებით მედიკამენტები, სამედიცინო ინვენტარი და საკვები გადაჰქონდათ. „მოვუწოდებთ ისლანდიის მთავრობასა და საზოგადოებას, დაგმონ ისრაელის მიერ სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება და მოითხოვონ ყველა მოხალისის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.” განცხადებას ხელს აწერენ სტინას ქალიშვილი, და და დედა.
მუსიკოსის ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებულებს ცუდად ეპყრობიან, არ აძლევენ საკვებს, წყალს, ძილის საშუალებას და საჭირო სამედიცინო დახმარებას.
სტინა, იგივე მარგრეტ კრისტინ ბლონდალი, კლასიკური მევიოლინეა, რომელიც უძღვებოდა ისლანდიურ პანკბენდ Reptile-ს. მას გამოცემული აქვს სოლო ალბომები და უთანამშრომლია არაერთ ჯგუფთანაც. 1998 წელს მან გამოსცა ექსპერიმენტული ალბომი ბიორკის ლეიბლის ქვეშ. ამავე წელს გახსნა ბიორკის Homogenic ტურნეც.
ბიორკის მიმართვაში ასევე ვკითხულობთ, რომ ისლანდია არაერთხელ ყოფილა ლიდერი „პატარა ერების დამოუკიდებლობის” აღიარებაში, მათ შორის იყო პალესტინის სახელმწიფოების მხარდაჭერა 2014 წელს. „მას შემდეგ, რაც 600 წელი კოლონია ვიყავით, ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს, იყო ჩახშობილი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია და შეგვიძლია შევქმნათ მაგალითი სიმამაცისა, რომ ხმა ავიმაღლოთ ჩაგვრის წინააღმდეგ და მშვიდობის მხარეს დავდგეთ.”
„ვთხოვ ისლანდიის ხელისუფლებას, მიჰყვეს მისსავე 11 წლის წინანდელ მხარდაჭერას პალესტინის მიმართ, შეაჩეროს ყველა ტიპის ბიზნესურთიერთობა ისრაელთან, სანამ ღაზაში გენოციდი არ შეჩერდება და იბრძოლოს მაგა სტინას უსაფრთხო დაბრუნებისთვის. მუსიკოსმა ასევე მთელ მსოფლიოს მოუწოდა თითოეული ერის ტყვეების დაბრუნებისკენ.
ისრაელი ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ღაზაში მიმდინარე ორწლიანი ომის ფონზე, რომელსაც, ღაზას ჯანდაცვის უწყებების თქმით, 67 000-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა, ბევრი კი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა, რადგან ისრაელი ტერიტორიაზე საკვების შემოტანას ზღუდავს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ გასულ თვეს რეზოლუცია გამოსცა, სადაც აცხადებს, რომ ისრაელის საომარი ქმედებები ესადაგება გენოციდის ლეგალურ დეფინიციას, რომელიც გაეროს გენოციდის კონვენციითაა განსაზღვრული – ტერიტორიაზე საცხოვრებლების „თითქმის ტოტალური ნგრევა” და თავდასხმა გადარჩენისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურასა და პერსონალზე, მათ შორის ჯანდაცვის, დახმარებისა და განათლების სექტორებზე.
ისრაელი გენოციდის ბრალდებას უარყოფს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა გაეროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ორწლიანმა ომმა ღაზაში „ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი” განაპირობა. „ისრაელს არ აქვს შიმშილის პოლიტიკა,” – უპასუხა გაეროს ნეთანიაჰუმ.
პრეზიდენტი ტრამპი პალესტინის მთავრობისგან დაჟინებით ითხოვდა, 5 სექტემბრამდე დათანხმებულიყვნენ მის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პალესტინას ემუქრებოდა: „ეს ბოლო შანსია. თუ შეთანხმება არ შედგება, ჰამასის თავზე ჯოჯოხეთი დატრიალდება – ისეთი, როგორიც აქამდე არავის არასდროს უნახავს. შუა აღმოსავლეთში მშვიდობა აუცილებლად დადგება, ერთი ან მეორე გზით.”
ვადა უკვე დიდი ხანია, ამოიწურა. ოთხშაბათს შუა აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური ელჩი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში ჩავიდნენ დარჩენილი ტყვეების განთავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.