ტეილორ სვიფტი ალბომით – The Life of a Showgirl – თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ახალ რეკორდს უახლოვდება

სვიფტი ერთადერთი არტისტია თანამედროვე ეპოქაში, რომელიც ფლობს რვა სხვადასხვა ალბომს, ერთ კვირაში მინიმუმ 1-მილიონიანი გაყიდვით.
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის ალბომის – The Life of a Showgirl-ის გაყიდვების მაჩვენებელმა შეერთებული შტატების მასშტაბით უკვე 3.5 მილიონი ე.წ. ალბომის ეკვივალენტური ერთეული შეადგინა. მონაცემებს ანალიტიკური კომპანია Luminate ავრცელებს. მონიტორინგის კვირა ალბომის გამოცემის დღეს, 3 ოქტომბერს დაიწყო და 9 ოქტომბერს სრულდება.

ჯამური რაოდენობიდან ტრადიციული გაყიდვები (ფიზიკური და ციფრული შესყიდვები) შეადგენს ალბომის 3.2 მილიონ ეგზემპლარს, ხოლო 300 000 ერთეული ალბომის სიმღერების სტრიმინგზე მოდის.

3.2 მილიონი ასლით, The Life of a Showgirl უახლოვდება რეკორდს, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ეპოქაში ალბომის ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელს ერთ კვირაში. აღსანიშნავია, რომ Luminate-მა მუსიკის გაყიდვების  ელექტრონული აღრიცხვა 1991 წელს დაიწყო. ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის ადელს, რომლის 2015 წლის ალბომმა, სახელწოდებით – 25 გაყიდა 3.378 მილიონი ასლი. 

თუმცა, რადგან The Life of a Showgirl-მა მთლიანობაში 3.5 მილიონი ეკვივალენტური ერთეული დააგროვა, ალბომმა ახალი რეკორდი დაამყარა – ყველაზე დიდი „კვირის მაჩვენებელი“ ეკვივალენტური ალბომის ერთეულების მიხედვით. 

რა არის ეკვივალენტური ალბომის ერთეული: ერთი ეკვივალენტური ერთეული უდრის ერთი სრული ალბომის ან ალბომიდან 10 ინდივიდუალური ტრეკის გაყიდვას, ასევე ფასიან სტრიმს. აღსანიშნავია, რომ The Life of a Showgirl-ის ტრეკების ჩამოტვირთვა ცალ-ცალკე არ არის შესაძლებელი, ამიტომ ამ ეტაპზე მისი მთლიანი მაჩვენებელი მხოლოდ ალბომის გაყიდვებსა და სტრიმინგს ეფუძნება.

ცვლილება Billboard 200-ის სისტემაში: 2014 წლის 13 დეკემბრიდან ჩარტმა შეიცვალა ფორმატი – მხოლოდ ალბომის გაყიდვებზე დაფუძნებული რეიტინგიდან გადავიდა მრავალმეტრიკულ სისტემაზე, სადაც შედეგს განსაზღვრავს როგორც ალბომის, ისე ტრეკების გაყიდვები და სტრიმინგი. ამასთანავე, Billboard დღემდე აქვეყნებს მხოლოდ გაყიდვებზე დაფუძნებულ ჩარტებსაც – მათ შორის Top Album Sales, რომელიც მოიცავს როგორც ახალ, ისე ძველ ალბომებს და ასევე Top Current Album Sales-ის ჩარტს. გაყიდვები, სტრიმინგისა და ეთერიდან მიღებული მონაცემები უზრუნველყოფს Billboard-ის ყველა ჩარტის მონაცემების დადგენას. ყველა ციფრი, რომელიც სტატიაშია მითითებული, ეხება მხოლოდ აშშ-ის ბაზარს.

The Life of a Showgirl-ის პირველი კვირის ტრადიციული გაყიდვები ოფიციალურად გამოქვეყნდება 12 ოქტომბერს, როცა Billboard გამოაცხადებს ალბომის სავარაუდო დიდ დებიუტს Billboard 200-ის ჩარტზე და ეს მონაცემები 18 ოქტომბრის ჩათვლით გავრცელდება. 

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl ტრადიციული ალბომის გაყიდვებში (ფიზიკურ და ციფრულ ფორმატებში) 3 მილიონ ასლს ითვლის. გამოშვების პირველივე დღეს, 3 ოქტომბერს, 2.7 მილიონი ასლი გაიყიდა, რის შემდეგაც Showgirl-მა რეკორდული მაჩვენებლების სიაში მეორე ადგილი დაიკავა, როგორც ალბომმა, რომლის ყველაზე მეტი ასლი გაიყიდა ერთ კვირაში. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება მხოლოდ ადელის 25-ს – 2015 წლის პირველ კვირაში ალბომის 3.378 მილიონი ასლი გაიყიდა.

The Life of a Showgirl-ის გაყიდვების მაჩვენებელი შუა კვირაში დამატებით გაზარდა ოთხი ახალი CD ვერსიის გამოშვებამ, რომლებიც ექსკლუზიურად სვიფტის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში განთავსდა. თითოეულ დისკს ჰქონდა განსხვავებული ყდის დიზაინი, 12 ძირითადი ტრეკი და დამატებით ორი უნიკალური ბონუს სიმღერა – ალბომის ტრეკების ალტერნატიული ვერსიები.  ასევე ხელახლა გაიყიდა სპეციალური დელუქს ბოქს-სეტი, რომელიც ასევე მხოლოდ სვიფტის ონლაინ-მაღაზიაში იყო ხელმისაწვდომი.

ტეილორ სვიფტი თავადაც აქტიურად იყო ჩართული ალბომის მარკეტინგულ აქტივობაში – ნამუშევარზე მან სხვადასხვა რადიოგადაცემაში ისაუბრა და მონაწილეობა მიიღო NBC-ის შოუში The Tonight Show Starring Jimmy Fallon. მისი ფილმი Taylor Swift: The Official Release Party of a Showgirl 3 ოქტომბერს გამოვიდა აშშ-სა და კანადის კინოთეატრებში და ბილეთების გაყიდვის მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება სტრიმინგს, ალბომის 12-მა ტრეკმა აშშ-ში მხოლოდ პირველ ორ დღეში 300 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმი დააგროვა. სვიფტს უკვე დამყარებული აქვს რეკორდი ერთ კვირაში ყველაზე მეტი სტრიმინგისთვის – მისმა 2024 წლის ალბომმა, The Tortured Poets Department დებიუტის კვირაში 891.37 მილიონ ოფიციალურ სტრიმს მიაღწია.

Showgirl-ის ყველაზე პოპულარული ტრეკი პირველ ორ დღეში გახდა The Fate of Ophelia – 48 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმით. ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს სიმღერის ოფიციალური ვიდეო გამოვიდა. 

თუ The Life of a Showgirl Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავა, ეს იქნება სვიფტის მეთხუთმეტე №1 ალბომი, რაც მას წამყვან სოლო არტისტად აქცევს – სვიფტი გადაუსწრებს Drake-სა და JAY-Z-ის (ორივეს 14-14 №1 ალბომი აქვთ) და მეორე ადგილზე გადავა საერთო რეკორდებში, სადაც მხოლოდ The Beatles-ს ჩამორჩება, რადგან ბენდს პირველი ადგილის მფლობელი 19 ალბომი აქვს გამოცემული. 

ტეილორ სვიფტის ყველა სრული სტუდიური ალბომი და ხელახლა ჩაწერილი პროექტი Billboard 200-ის ჩარტში დებიუტის კვირაში პირველ ადგილს ფლობდა.  

ალბომმა The Life of a Showgirl ამერიკის ბაზარზე გამოშვებისთანავე ბრწყინვალე სტარტი აიღო. გამოშვების პირველ დღეს – 3 ოქტომბერს, ალბომმა  2.7 მილიონი ასლი გაყიდა (ფიზიკური და ციფრული ფორმატები), რაც არტისტის კარიერაში ყველაზე დიდი კვირაა და თანამედროვე ეპოქაში მეორე ყველაზე მაღალი შედეგი. ამ მაჩვენებლითაც ის ჩამორჩება მხოლოდ ადელის 25-ს, რომელმაც პირველ კვირაში 3.378 მილიონი ასლი გაყიდა. 

Showgirl-მა ასევე დაამყარა ახალი თანამედროვე ეპოქის რეკორდი ერთ კვირაში ყველაზე მეტი ვინილის ასლის გაყიდვისთვის. ამჟამად უკვე გაყიდულია 1.2 მილიონი ვინილი, რითაც სვიფტმა თავისივე 2024 წლის, The Tortured Poets Department-ის რეკორდი მოხსნა. 

როგორც Luminate იუწყება, The Life of a Showgirl-ის პირველი კვირის გაყიდვებისა და სტრიმინგის განახლებული მონაცემები მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.

The Life of a Showgirl ოფიციალურად 12 აგვისტოს დაანონსდა, რის შემდეგაც სვიფტის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში ალბომის წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. ალბომი გამოიცა როგორც სტრიმინგის სტანდარტული ვერსიის სახით, ასევე სამი ფორმატით – CD, ვინილი და ციფრულად ჩამოსატვირთი ვერსია.

Showgirl-ის 2.7-მილიონიანი გაყიდვები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ შესყიდვებს. ამ მონაცემებში ასევე შედის დიდი რაოდენობით წინასწარი შეკვეთები. გაყიდვიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ The Life of a Showgirl გახდა 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი აშშ-ში და გადაუსწრო The Weeknd-ის ალბომს –  Hurry Up Tomorrow.

The Life of a Showgirl-ის გაყიდვებს განსაკუთრებულად უწყობს ხელს მისი მრავალფეროვანი ფიზიკური ფორმატები –  სხვადასხვა კონფიგურაცია, რომელიც აერთიანებს: 12 CD-ს, 8 ვინილს, 2 დელუქს ბოქს-სეტს (ბრენდირებული ტანსაცმლითა და დისკით) და ერთ კასეტას.

ციფრულ ვერსიებში შედის სტანდარტული ჩამოსატვირთი ალბომი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ პლატფორმაზე. ასევე აღსანიშნავია iTunes-ზე ექსკლუზიური გამოცემა, რომელიც მოკლე ბონუს ვიდეოსაც შეიცავს.

The Life of a Showgirl-ის ვინილის რვა ვერსიის ჯამურმა გაყიდვამ გამოშვების პირველ დღეს 1.2 მილიონი ასლი შეადგინა, რაც თანამედროვე ეპოქის რეკორდად იქცა. წინა რეკორდიც სვიფტს ეკუთვნის – 859 000 ვინილი, რომელიც 2024 წელს, The Tortured Poets Department-ის პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა.

The Life of a Showgirl უკვე გახდა ე.წ. მილიონიანი გაყიდვების კლუბის წევრი. Showgirl არის სვიფტის მერვე ალბომი, რომელმაც ერთ კვირაში მინიმუმ 1 მილიონი ასლი გაყიდა. მანამდე ეს შედეგი ჰქონდა სვიფტის ისეთ ალბომებს, როგორებიც არის: The Tortured Poets Department, 1989 (Taylor’s Version), Midnights, reputation, ორიგინალი 1989, Red და Speak Now.

სვიფტი ერთადერთი არტისტია თანამედროვე ეპოქაში, რომელიც ფლობს რვა სხვადასხვა ალბომს  ერთ კვირაში მინიმუმ 1-მილიონიანი გაყიდვით. 1991 წლიდან დღემდე, დაფიქსირებულია 27 შემთხვევა, როცა ერთ კვირაში ალბომის 1 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Vinda Folio ქარი კვლავ არხევს

Vinda Folio-მ ახალი სინგლი „ქარი კვლავ არხევს“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

ბიორკი ისრაელის არმიის მიერ დაკავებული მეგობრის გათავისუფლებას ითხოვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი