მუსიკალური პროექტი SPID და მისი ახალი ალბომი

ახლახან ბენდმა ალბომი, სახელწოდებით Sick People In Dreams გამოუშვა, რომლის მუსიკალური კონცეფცია სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს.
SPID
ფოტო: გიორგი ყოლბაია

SPID ქართული მუსიკალური ჯგუფია, რომელიც 2022 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის ძირითად შემადგენლობაში ლუკა კალანდაძე და სანდრო ბერიაშვილი არიან. SPID-მა ახლახან გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით Sick People In Dreams, რომლის მუსიკალური კონცეფცია სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს. ალბომი შეიცავს მეტალის ელემენტებს, ტექნოს, ინდუსტრიალს, ჰიპ-ჰოპს, დრამ-ენ-ბეისს, თრეფს და Shoegaze-ს.

SPID-ის და მისი ახალი ალბომის შესახებ Billboard Georgia ბენდის წევრებს ესაუბრა.

სანდრო ბერიაშვილი:

„2022 წელს, როცა პირველი სინგლი ჩავწერეთ, არც პროექტის სახელი გვქონდა მოფიქრებული და არც კონცეფცია. პირველ ტრეკს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ჩვენთვისაც სახალისო აღმოჩნდა მისი შექმნის პროცესი. შემდგომ ჯგუფ Quemmekh-თან გავაკეთეთ ორი კოლაბორაცია და პროექტს სახელი დასჭირდა. უამრავი იდეის შემდეგ ლუკას მამის, კოტე კალანდაძის ძველ პროექტზე – S.P.I.D.-ზე დავფიქრდით. ჩვენი მაშინდელი მუსიკა S.P.I.D.-ის სტილს, ჟანრსა და მუხტს ატარებდა. კოტემაც ეს პროექტი მაშინ გააკეთა, როცა ლუკას ასაკის იყო. მათი ინსტრუმენტული ჟღერადობა და ემოციური საწყისები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეახლებინა კოტე კალანდაძის პროექტი და ასე იქცა SPID ჩვენი პროექტის სახელწოდებად.“

ლუკა კალანდაძე:

„მთელი ცხოვრება მუსიკასთან ერთად ვიზრდებოდი. მამაჩემი, კოტე კალანდაძე, ბავშვობიდან მასმენინებდა თავის საყვარელ მუსიკას და ცდილობდა, რომ ხელოვნების ამ ფორმით დავინტერესებულიყავი. ბაბუაჩემი, გოგი კალანდაძე, „დიელოს“ და „ორერას“ ანსამბლებში უკრავდა და ასევე იყო საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის, რადიოს და ტელევიზიის მთავარი დირიჟორი. მახსოვს, კოტე სულ მასმენინებდა The Beatles-ს, 5’nizza-ს, Nirvana-ს და კიდევ ბევრ სხვა საკულტო ბენდს. პირველად, როცა ინსტრუმენტზე დაკვრა და ჩემი სიმღერების დაწერა მომინდა, 14 წლის ვიყავი. დრამის სწავლა დავიწყე დიმიტრი ოგანესიანთან, რომელიც კოტეს დრამერია. 2 წლის შემდეგ კი ჩემით ვისწავლე გიტარასა და ბასზე დაკვრა.“

ბენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიზი იყო სინგლი „შორს“, რომელმაც მსმენელის დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. ეს სიმღერა ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის – Blueberry Dreams-ის საუნდტრეკი გახდა. ბენდის სადებიუტო მუსიკალური ლაივი 2023 წელს კლუბ Left Bank-ში გაიმართა. აქედან ორწლიანი პაუზის შემდეგ SPID დაბრუნდა ალბომით – Sick People In Dreams, რომელსაც ბენდის წევრები პროექტის არსებობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.

როგორც ბენდის წევრები აღნიშნავენ, თემები უმეტესად თვითგადარჩენის ინსტინქტს უკავშირდება.

სანდრო ბერიაშვილი:

„დაუნდობელ და ქაოტურ სოციუმში, სადაც ცხოვრება ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება, ჩვენი მუსიკა არა გაქცევის, არამედ წინააღმდეგობის საშუალებაა. ტრეკები შინაარსობრივად ეხება იმ მდგომარეობას, რომელშიც თითქმის ყოველ მეორე ადამიანს უწევს ცხოვრება. ესაა: პოლიტიკა, რეალობის დაკარგვა, უიმედობა, ნარკოტიკები, ძალადობა, რელიგიური დესტაბილიზაცია, შიმშილი, ახალგაზრდული პრობლემები, ემოციური დისბალანსი. ჩვენ ვცადეთ იმ რეალობის წარმოჩენა, რომელიც დასავლური მედიების ჩრდილშია. მუსიკაც ხომ ის მკვეთრი და რეალისტური მესიჯია, რომელიც ხალხს არამარტო ტექსტის, არამედ მელოდიის სახითაც გადაეცემა.“

SPID
ფოტო: გიორგი ყოლბაია

როგორც SPID-ის წევრები ამბობენ, ალბომი თავად მათი ერთწლიანი მოგზაურობის ამბავს ყვება და ყველა სიტყვა გულწრფელად გაზიარებული გრძნობაა.

ლუკა კალანდაძე:

„ალბომის იდეა სტუდია „ოთახი 816-ში” გაჩნდა. მასზე მუშაობა 2025 წლის ზამთარში დავიწყეთ. საწყისი მასალა „816“-ში შეიქმნა, ხოლო შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ბევრად მარტივად და კომფორტულად სახლში გაკეთდებოდა. ალბომის კეთების პროცესში გავიცანით მანჩო კოხრეიძე, My Equinox Divine-ის ფრონტმენი, რომელიც ვოკალის განვითარებაში დაგვეხმარა. მისი მეუღლე, არჩილ ბედიაშვილი კი ამ ალბომის ხმის ინჟინერი გახდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი, გასართობი და ამავდროულად შემეცნებითი იყო.“

ლუკა კალანდაძის და სანდრო ბერიაშვილის თქმით, SPID არამხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ ერთგვარი სახელოვნებო კოლექტივია, რომელიც კონცეპტუალურად გააერთიანებს სხვადასხვა სახის არტისტებს. როგორც SPID-ის წევრები Billboard Georgia-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნავენ, გამოვა როგორც მუსიკალური სინგლები, CD-ები და ვინილები, ასევე ტანსაცმლის ხაზი. იგეგმება როგორც ლაივები, ასევე გამოფენებიც.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია დინი ლოლა მენსელი

პროდიუსერის აქცენტი: ზაქ ნაჰოუმი ოლივია დინის ჰიტების წყალობით Hot 100 პროდიუსერების ჩარტის სათავეშია

შემდეგი სტატია

Fyütch & Aura V SAM POPP

ცხრა არტისტი, რომელთაც გრემის ნომინაცია 11 წლის ასაკამდე აქვთ მიღებული, მათ შორის ორი 2026 წლის გრემის ნომინანტთა სიაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი