მუსიკალური პოდკასტები ქართულ ციფრულ მედიაში

Zmuki და „პლატფორმა 3/15“ მუსიკალურ თემატიკაზე ფოკუსირდება და ცდილობს, ამ სფეროს – როგორც ხელოვნების ფორმისა და ინდუსტრიის შესახებ დისკუსიისთვის ერთგვარი სივრცე შექმნას.
პლატფორმა 3/15, ზმუკი

ბოლო წლების განმავლობაში პოდკასტები ინტერნეტსივრცის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოქნილ ფორმატად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთგვარი „ახალი მედია“ ჩამოყალიბდა. YouTube-ის, სოციალური ქსელებისა და აუდიოპლატფორმების განვითარებასთან ერთად, პოდკასტმა ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების, გამოცდილებისა და იდეების გარშემო სასაუბროდ დამოუკიდებელი არხები შეექმნათ.

დღეს პოდკასტები თითქმის ყველა თემას მოიცავს და ამ პროცესში, ცხადია, გამონაკლისი არც მუსიკაა. საქართველოშიც ჩნდება პლატფორმები, რომლებიც მუსიკალურ თემატიკაზე ფოკუსირდება და ცდილობს, ამ სფეროს – როგორც ხელოვნების ფორმისა და ინდუსტრიის შესახებ დისკუსიისთვის ერთგვარი სივრცე შექმნას. ასეთ პროექტებს შორისაა მუსიკალური პოდკასტები „ზმუკი” და „პლატფორმა 3/15“, რომლებმაც განსხვავებული ფორმატითა და ხედვით უკვე შეიძინეს ერთგული აუდიტორია.

„პლატფორმა 3/15“-ის წამყვანი სოფო ტოროშელიძე და ნიკა მარგველაშვილი არიან, Zmuki-ს წამყვანები კი – მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი და მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი.

პლატფორმა 3/15

სოფო ტოროშელიძე და ნიკა მარგველაშვოლი
პლატფორმა 3/15

პროექტის იდეა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიბადა, როცა საქართველოში პოდკასტის კულტურა ჯერ კიდევ უცხო იყო. სწორედ ამ დროს ჩაიწერა საპილოტე ეპიზოდიც, თუმცა ფინანსური სირთულეებისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს გამო პროექტი შეჩერდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გუნდმა იდეის რეალურ პროექტად ქცევა მაინც შეძლო.

დღეს „პლატფორმა 3/15“-ის მთავარი მიზანი საავტორო მუსიკის პოპულარიზაციაა. ეს არის სივრცე, სადაც ავტორ-შემსრულებლებს შეუძლიათ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გააზიარონ სიახლეები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსმენელს საკუთარი მუსიკა ცოცხალი შესრულებით გააცნონ.

სოფო ტოროშელიძე:

„პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია როგორც უკვე შემდგარი არტისტების, ისე დამწყები ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკოსების მიღმა დგანან – პროდიუსერებს, ხმის რეჟისორებს, მენეჯერებს, დიზაინერებსა და სხვა პროფესიონალებს, რომელთა გარეშე არტისტის შემოქმედებითი რეალიზება შეუძლებელი იქნებოდა.“

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გუნდი კონტენტის შექმნას ასახელებს. ქვეყანაში წლების განმავლობაში დომინირებდა ან ზედაპირული და პოლიტიზებული, ან დაბალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტი, რამაც აუდიტორია მსგავსი ფორმატების მოხმარებას მიაჩვია. „პლატფორმა 3/15“ კი ცდილობს, მუსიკალური თემატიკის ალტერნატიული სივრცე შექმნას.

„პროექტი ფაქტობრივად სტარტაპის რეჟიმში მუშაობს. ვცდილობთ, აუდიტორია ეტაპობრივად მივაჩვიოთ ჩვენს თემებს, გავაცნოთ არტისტები და მათი იდენტობა, ამავე დროს, ღიად და ხმამაღლა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს ქართველი მუსიკოსები დგანან. დროთა განმავლობაში მუსიკოსებმა და სხვა შემოქმედმა ადამიანებმა თავად დაიწყეს პლატფორმასთან დაკავშირება და მონაწილეობის სურვილსაც გამოხატავენ. ამ ეტაპზე პროექტი საკუთარი ფინანსური რესურსებითა და მეგობრების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კომპანია „ტიტანს“, „ქაოს“ ბარსა და მეგობრებს, მაგალითად თორნიკე ანდრიაძეს. ისინი უანგაროდ გვიდგანან გვერდით,” – ამბობს სოფო ტოროშელიძე.

„პლატფორმა 3/15“-ს სამომავლოდ განვითარების გეგმებიც აქვს, მათ შორის – გადაღებების დროს ცოცხალი აუდიტორიის ჩართვა, მსმენელის აქტიური მონაწილეობა დიალოგში, ასევე მუსიკოსების ყოველდღიური ცხოვრების ჩვენება, რაც მათ პერსონებს უფრო სიღრმისეულად და რეალურად წარმოაჩენს. სოფო ტოროშელიძის თქმით, გუნდი მზად არის, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებიც აცნობიერებენ მუსიკალური ინდუსტრიისა და შემოქმედი ადამიანების მნიშვნელობას კულტურისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პროცესში.

ზმუკი

დათო ჯიქია, ნიკა კოჩაროვი და გიორგი გიორგანაშვილი
ზმუკი

„ზმუკის” იდეა სპონტანურად გაჩნდა. კონცეფცია თავიდან მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ ყოფილა, თუმცა პირველივე ეპიზოდებში ისე დაემთხვა, რომ სტუმრები ძირითადად მუსიკოსები იყვნენ. მაყურებელმაც ეს ფორმატი მუსიკალურ პოდკასტად აღიქვა და „ზმუკიც” ამ მიმართულებას ბუნებრივად გაჰყვა.

ნიკა კოჩაროვი:

„უსაქმურობის ჟამს, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს, ვთქვით – პოდკასტი ხომ არ გაგვეკეთებინა? რამდენიმე ეპიზოდი რომ ჩავწერეთ, ისე დაემთხვა, რომ სტუმრები მუსიკოსები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ ეს მუსიკალური პოდკასტია. რაღაც მომენტში დავიჭირეთ, რომ სტუმრები ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ თავს ჩვენს გარემოში და ბევრი ისეთი თემის წამოწევა გახდა შესაძლებელი, რაც სხვა შემთხვევაში რთული ამოცანაა. ე.წ. „სამზარეულოს“ ფორმატში ჭორაობას ყოველთვის მოაქვს დიდი დოზით გულახდილობა და ჩვენც ამ მიმართულებას გავყევით. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ნაწილია ყველაზე საინტერესო თითოეული სტუმრის შემთხვევაში – ნაკლები უხერხულობა და უშუალო თხრობა, მით უმეტეს, როცა საუბარი წარსულს და გასული წლების მეხსიერების დაარქივებას ეხება. ჩვენი პლატფორმით ვცდილობთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ და დავაარქივოთ ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ვერ დაფიქსირდა ვიდეო თუ აუდიოჩანაწერებში.“

მაყურებლის ჩართულობა პოდკასტის წამყვანებისთვის მოულოდნელობა იყო. ერთგული აუდიტორია პროექტისთვის ერთ-ერთ მთავარ მოტივაციად იქცა.

„ნამდვილად არ ველოდით ასეთ ერთგულ მაყურებელს. ყოველ ეპიზოდზე საკმაოდ გააზრებულ კომენტარებს გვიწერენ საკუთარი კონსტრუქციული კრიტიკით. მსმენელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუდიტორიის მხრიდან კონცენტრაცია შესუსტდა. ჩვენი დიდი სურვილია, დროსთან ერთად გავაფართოვოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სტუმრების დიაპაზონი და მოვიწვიოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები,” – აღნიშნავს ნიკა კოჩაროვი Billboard-თან საუბრისას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი