წლის უდიდესი პოპვარსკვლავების პროექტის ფარგლებში „ბილბორდი” საკუთარი გუნდის მიერ შედგენილი 2025 წლის რეიტინგის ათვლას 19 იანვარს დაიწყებს. მანამდე კი გამოცემა საპატიო ლაურეატებს ასახელებს. ამჯერად წარმოგიდგენთ წლის ახალბედა არტისტს – ოლივია დინს, ბრიტანელ ავტორ-შემსრულებელს, რომელიც მეინსტრიმში ყველაზე მასშტაბურად შეიჭრა.
არტისტის 2025 წელი დაიწყო ორიგინალური სიმღერით რომანტიკული კომედიისთვის Bridget Jones: Mad About the Boy, რომელშიც მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს. დინის 2023 წლის სადებიუტო ალბომი Messy ქაოსზე, თავისუფლების განცდასა და წარუმატებელი რომანტიკული თავგადასავლის შემდეგ ცხოვრების ახლიდან დაწყებაზე იყო, რაც კარგადაა ნაცნობი ფილმის გმირისთვის. რაც შეეხება It Isn’t Perfect But It Might Be-ს, თებერვალში გამოსულ სიმღერას არცთუ ისე დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და დიდი ბრიტანეთის ჩარტის 36-ე ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად Mad About the Boy 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო. თუმცა სიმღერა ერთგვარი ხიდი გახდა ეპოქებს შორის და პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა გასაოცარი სადებიუტო კამპანიის ჭკვიანურ სვლებში.
2025 წლამდე დინის მიღწევები ჩარტებში მოკრძალებული იყო. 2023 წელს Messy დიდი ბრიტანეთის ალბომის ჩარტის მე-4 ადგილს იკავებდა, ხოლო The Hardest Part-ის ახალი ვერსია, რომელშიც ლეონ ბრიჯესი მონაწილეობდა, Adult Alternative Airplay ჩარტის 39-ე ადგილზე გავიდა. ეს არ ყოფილა დიდი წარმატება, თუმცა მიანიშნებდა იმაზე, რომ დინი ამერიკის ბაზარზე წინსვლას შეძლებდა.
სიმღერა Nice to Each Other-ის გამოცემის კვირაში, ივნისში, დინმა კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა და ლონდონის 80 000-იან სტადიონზე სემ ფენდერის გამხსნელი აქტი შეასრულა მას შემდეგ, რაც The War on Drugs პროგრამიდან მოიხსნა. ამ ნაბიჯმა წარმოაჩინა დინის თავდაჯერება მასშტაბურ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, რომელიც შესაძლოა სულაც არ იცნობდა მის შემოქმედებას. მოგვიანებით ის ფენდერს შეუერთდა სიმღერაში Rein Me In. მას შემდეგ კომპოზიცია დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულში შევიდა და დინს (ფენდერთან ერთად) ჰიტმეიკერის სახელი დაუმკვიდრა.
ივლისში არტისტი აშშ-ის საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც The Tonight Show-შიც იმღერა. ამ გამოსვლებმა მკვეთრად გააძლიერა მის მიმართ მხარდაჭერა და გაზარდა მისი აუდიტორია. დინის „სუფთა გოგოს” ესთეტიკა კი ერთგვარ გამოსვლას ჰგავდა Charli xcx-ის Brat-ის ეპოქის ნაბახუსევიდან. „არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელიც ტრენდებს მიჰყვება ან მუსიკას იმის მიხედვით ქმნის, რაც იმ დროს პოპულარულია,” – უთხრა მან „ბილბორდს”.
კონცერტებზე მიღებულმა დადებითმა გამოხმაურებამ დინი დაარწმუნა, Man I Need აგვისტოში სინგლად გამოეცა. მომდევნო თვეში კი სიმღერამ არტისტს პირველ Hot 100-ის პოზიცია მოუტანა (82-ე ადგილი).
იმ დროს, როცა ალბომი The Art of Loving გამოსცა, სიმღერა უკვე 25-ე ადგილზე იყო. თავად ალბომი კი ასევე პირველად მოხვდა Billboard 200-ში, მე-8 ადგილზე, რაც წარმოუდგენელი მიღწევა იყო ბრიტანელი სოლო არტისტითვის, რომელიც არ იყო ჰარი სტაილსი, ედ შირანი ან ადელი. დიდ ბრიტანეთში ალბომმა და სიმღერამ ჩარტის ლიდერობა ერთდროულად დაიმსახურეს, რაც იშვიათი შედეგია და პირველი შემთხვევაა 2021 წლის შემდეგ.
ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl-ის ჩრდილში ყოფნის მიუხედავად, დინს საკმაოდ წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა. მან მონაწილეობა მიიღო Austin City Limits ფესტივალში, შემდეგ კი საბრინა კარპენტერს შეუერთდა, როგორც მთავარი მხარდამჭერი აქტი Short n’ Sweet ტურნეში.
ნოემბრის შუაში დინი მანჰენეტში გაემგზავრა, რათა SNL-ის მუსიკალური სტუმარი ყოფილიყო. მისი ვარსკვლავურობა და თავდაჯერებულობა იმდენად გაიზარდა, რომ ის უკვე ინდუსტრიის ტიტანებს უწევდა კონკურენციას. როცა 2026 წლის აშშ-ის ტურნეს ბილეთები სწრაფად გაიყიდა, ეს სიხარული ფანების ცნობებმა გადაფარა, რომლებიც ბილეთების ძვირად გადაყიდვის პრობლემის შესახებ საუბრობდნენ. დინმა საჯაროდ გააკრიტიკა ბილეთების გაყიდვის პლატფორმები Ticketmaster, LiveNation და AEG და მათ სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდა. შედეგად კი, Ticketmaster-ისა და LiveNation-ისგან იშვიათი კომპრომისი და ბოდიში მიიღო, ხოლო ზოგიერთ ფანს თანხა ნაწილობრივაც კი დაუბრუნდა.
2025 წლის ბოლოსთვის დინი მკაფიო ლიდერი იყო ბრიტანელი არტისტების ახალ ტალღაში, რომლებმაც გლობალური წარმატება მოიპოვეს, მათ შორის Yungblud, ლოლა იონგი, Central Cee და RAYE. The Art of Loving ამჟამად Billboard 200-ის მესამე ადგილზეა. მომდევნო თვეში კი დინი 2026 წლის გრემის დაჯილდოების საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში იბრძოლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ The Art of Loving და Man I Need შესაძლოა მომდევნო წლის ცერემონიის მთავარი პრეტენდენტები გახდნენ. 28 თებერვლის BRIT Awards-ის სრული დომინაცია კი თითქმის გარდაუვალი ჩანს.
„ყოველდღე ახალ სტატისტიკას მეუბნებიან,” – ამბობდა დინი „ბილბორდთან” საუბარში სექტემბერში. „აქამდე ჩარტებში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მუსიკას დიდი ხანია ვქმნი, ასე რომ, ჩემთვის ეს ცოტა ახალი სამყაროა.”
კარიერის ფრთხილი პირველი ნაბიჯების შემდეგ ახლა მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, თუ რამდენად მარტივია მისი შეყვარება.