წლის უდიდესი პოპვარსკვლავების პროექტისთვის შემდგომი ორი კვირის განმავლობაში „ბილბორდი” 2025 წლის 10 პოპვარსკვლავის ათვლას იწყებს. რეიტინგს ვიწყებთ არტისტით, რომელმაც 2025 წელს სრული სიჩქარით იარა, გამოსცადა ახალი ჟღერადობები და მედიები და საბოლოოდ, კიდევ უფრო ყველგანმყოფი გახდა, ვიდრე ოდესმე: Tyler, The Creator.
15 წლის წინ, 2011 წლის თებერვალს, ახალგაზრდების ჯგუფი ინტერნეტს ცეცხლის ალივით მოედო თავისი ანარქისტული მუსიკალური გამოსვლით ჯიმი ფელონის შოუში. Odd Future-ის სკანდალურმა წევრებმა აღნიშნული რეპმუსიკა ეროვნულ ტელევიზიაშიც გადაიტანეს და ეს მათი მეინსტრიმში შესვლის მომენტად იქცა.
თუმცა იმ პერიოდში, ისევე, როგორც მომდევნო წლებში, Odd Future-ის ლიდერი და მთავარი ტალანტი Tyler, The Creator ნაკლებად ჰგავდა ადამიანს, რომელიც ოდესმე კულტის სტატუსს გადააბიჯებდა. ჯგუფის არატრადიციული ესთეტიკა და ზოგჯერ გულისამრევი ტექსტების შინაარსი ბევრისთვის მიუღებელი იყო. მოგვიანებით, ამავე წელს, GLAAD-მა გააკრიტიკა Odd Future-ის ჰომოფობიური და მიზოგინიური თემატიკა, ხოლო 2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა ტაილერს, მისი ტექსტების გამო, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ეს ყველაფერი კი სრულიად ესადაგებოდა იმ არტისტის სტილს, რომლის სავიზიტო ფრაზაც იყო: „მოკალით ხალხი, დაწვით სკოლები.”

თუმცა ათწლეულის შემდეგ ტაილერი პოპკულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დღეს მისი კონცეპტუალური ჰიპ-ჰოპი მას ისეთი სუპერვარსლვლავების გვერდით აყენებს, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი და დრეიკი. ხოლო გრემის გამარჯვებებით, წარმატებული მსოფლიო ტურნეებითა და ჩარტებში შთამბეჭდავი წარმატებით მან საბოლოოდ გაიმყარა პოზიცია მისთვის მასშტაბურ 2025 წელს.
სკეიტ-რეპის აუტსაიდერობიდან ა-კლასის ვარსკვლავად ტაილერის ტრანსფორმაცია2017 წელს დაიწყო, როცა მან Flower Boy გამოსცა – კონცეპტუალურად ამბიციური პროექტი, რომელიც მარტოობასა და სექსუალობას ეხებოდა და რომელიც რეპს, ჯაზსა და ნეო-სოულს აერთიანებდა. ამ ალბომმა საფუძველი ჩაუყარა მომდევნო ოთხ ჩანაწერს, რომლებიც გრემიზე საუკეთესო ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი.
2019 წლის Igor-ით და 2021 წლის Call Me If You Get Lost-ით ტაილერმა ხელახლა განსაზღვრა თავისი თავი, როგორც არტისტი. და მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკას სრულად არ ჰქონდა დაკარგული სიმწვავე, ის ნაკლებად კონფრონტაციული გახდა და ახალი ფანების ჯარი მოიზიდა, მათ შორის გრემის დაჯილდოებაზეც, სადაც ორივე ჩანაწერმა საუკეთესო რეპალბომის ნომინაცია მოიგო.
ტაილერის 2025 ფაქტობრივად 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა Chromakopia გამოვიდა – მისი მეოთხე ნომინანტი საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში. ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა, მისი ყველა, 14-ივე სიმღერა კი Billboard Hot 100-ში შევიდა. იმავე თვეში სამი მათგანი – St. Chroma, Noid და Sticky – ტაილერის პირველი ტოპ ათეულის სიმღერები გახდა.
ტაილერმა ეს ინერცია Chromakopia-ს მსოფლიო ტურნეში გადაიტანა, თითქმის 100-კონცერტიან ტურნეში, რომელიც თებერვალში დაიწყო და ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას მოიცავდა. პარალელურად, ის იყო მთავარი ფესტივალების ჰედლაინერიც. წლების განმავლობაში ტაილერის კონცერტები ერთგვარ სპექტაკლებს წარმოადგენდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც Chromakopia ყოფილა.
თუმცა ივლისისთვის შემოქმედებითად მოუსვენარმა რეპერმა ფანებს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა და Don’t Tap the Glass გამოსცა – 28-წუთიანი პროექტი, რომელმაც გვერდი აუარა Chromakopia-ს გრანდიოზულობას და მის ნაცვლად ფანკ-ელექტრონული ჰიტების კრებული წარმოგვიდგინა. Chromakopia-სა და მისი წინამორბედების მსგავსად, Don’t Tap the Glass Billboard 200-ის ლიდერი გახდა, მისი ათივე სიმღერა კი Hot 100-ში შევიდა. ალბომი წარდგენილია 2026 წლის გრემიზე, საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟანრობრივ კატეგორიებში ტაილერს სახლში ორი გრემის ჯილდოს წაღება შეუძლია.
პარალელურად, ტაილერის კიდევ ერთი მიღწევა Clipse-ის დაბრუნების ალბომში მონაწილეობა იყო – Let God Sort Em Out, რომლის პროდიუსერიც ფარელ უილიამსია. მათი ერთობლივი სიმღერა P.O.V. Hot 100-ში შევიდა, რითაც ერთგვარი წრე შეიკრა: ერთ-ერთი უკვე დამკვიდრებული არტისტი, რომელმაც თავის დროზე ტაილერს მხარი დაუჭირა, სწორედ Clipse-ის Pusha T იყო, რომელმაც მაშინ 20 წლის ტაილერი თავის 2011 წლის სინგლში Trouble on My Mind მიიწვია. Clipse-ს ასევე აქვს მცირედი წვლილი Don’t Tap the Glass-ში. ლებრონ ჯეიმსთან ერთად მათ აქვთ კამეო ალბომში შესული სიმღერის Stop Playing With Me ვიდეოკლიპში. თებერვალში კი ტაილერი და Clipse ერთად იბრძოლებენ წლის ალბომისა და საუკეთესო რეპალბომის ნომინაციებში გრემიზე.
2025 წელი ტაილერისთვის ნამდვილად მასშტაბური იყო. თუმცა სანამ წელი დასრულდებოდა, მას კიდევ ერთი აღსანიშნი მომენტი ჰქონდა – ამჯერად ლურჯ ეკრანებზე და უკვე, როგორც ტაილერ ოკონმას. შობის დღეს კინოთეატრებში ფილმი Marty Supreme გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. ტაილერი კი ფილმში მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად მოგვევლინა. ტაილერი თითოეულ სცენაში ამტკიცებს, რომ მისი ქარიზმა ხმისჩამწერ სტუდიებსა და ფესტივალების სცენებს სცდება. Marty Supreme შესაძლოა ოსკარის პირველი ნომინანტია, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იქნება უკანასკნელი.
თავად ტაილერისთვის, ეს ყველაფერი თითქოს პოეტურია: არტისტი, რომელიც ერთ დროს მშობლებსა და ბებია-ბაბუას აშინებდა, რომლებიც გვიან ღამით ფელონის შოუს ელოდებოდნენ, ახლა საშობაო ბლოკბასტერში მონაწილეობს იმ წელიწადის შემდეგ, როცა მისმა მუსიკამ უფრო მეტი ადამიანის ყურამდე მიაღწია, ვიდრე ოდესმე. და რაც არ უნდა თავბრუდამხვევი იყოს ეს ყველაფერი Odd Future-ის პირველი ფანებისთვის, ჩვენ ნამდვილად გვაქვს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ მომავალ წლებში ტაილერი კიდევ უფრო ყველგანმყოფი გახდება – მეინსტრიმშიც კი.