50 Cent კონფლიქტებს არასდროს ასრულებს. ამჯერად მან ფლოიდ მეივეზერთან დაპირისპირების მორიგი თავი წამოიწყო და ბოქსის ლეგენდას Showtime-ის წინააღმდეგ 340 მილიონი სარჩელის გამო დასცინა.
4 თებერვალს რეპერმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენის მიერ კონტრაქტების წაკითხვისა და გაგების უნარებს დასცინა და იხუმრა, თუ როგორ სჭირდება მეივეზერს რინგზე მაიკ ტაისონთან ან ბად კროუფორდთან დაბრუნება, რათა ის ჰონორარი დააკომპენსიროს, რომელიც, მისი თქმით, დაკარგა.
„ახლა ნუ ტირი, ჩემპიონო. 320 მილიონი დოლარი წაგართვეს, სულელო. გითხარი, რომ კონტრაქტი ჩემთვის გეჩვენებინა. ახლა კი მოემზადე, კარგი ბრძოლა გელის მაიკთან,” – წერს რეპერი ინსტაგრამზე. „მერე კი იქნებ ბადიც დავითანხმოთ, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ გცემოს.”
კითხვის უნარზე მიმართული ირონია სათავეს 2014 წელს იღებს, როცა 50 Cent-მა სპორტსმენს საჯარო კითხვის გამოწვევა გაუკეთა და უთხრა, რომ თუ The Cat in the Hat-ის ან „ჰარი პოტერის” ერთ სრულ გვერდს წაიკითხავდა, ბოქსიორის ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს 750 000 დოლარს შესწირავდა.
50-ის საქციელს გამოეხმაურა Bow Wow-ც და კომენტარების სექციაში ჩონჩხის სიმბოლო დახატა. ერთ-ერთმა ფანმა კი ხაზი გაუსვა რეპერის შეუპოვრობას, როცა საქმე მტრების გამწარებას ეხება. „50 არასდროს მისცემს ოპონენტს დასვენების უფლებას,” – წერენ კომენტარებში.
The Athletic-ის ინფორმაციით, მეივეზერმა 3 თებერვალს კალიფორნიის შტატის სასამართლოში და Showtime Sports-ის ყოფილი პრეზიდენტისა და Showtime Networks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ფლოიდი ამტკიცებს, რომ თაღლითური სქემის მეშვეობით კომპანიამ მას 340 მილიონი დოლარი დააკარგვინა.
„ფლოიდი ბოქსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია. მან ასობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა Showtime-ისთვის,” – ამბობს სპორტსმენის ადვოკატი. „მან ახლა ეს ბრძოლა სასამართლოში გადაიტანა, რათა დაიბრუნოს ის, რაც კანონიერად ეკუთვნის. როგორ დაუმარცხებლადაც, 50-0-ით დაასრულა კარიერა რინგზე, ასევე იქნება სასამართლოშიც.”
The Hollywood Reporter-თან საუბარში, Paramount-ის წარმომადგენელმა, რომელიც Showtime-ის მფლობელია, სარჩელის შესახებ განაცხადა: „ამ უსაფუძვლო ბრალდებებს არ აქვთ არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მტკიცებულებები. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და სასამართლო პროცესის ფარგლებში მათ შესაბამის პასუხს გავცემთ.”
50 და ფლოიდი ახლო მეგობრები იყვნენ 2012 წლამდე, როცა მათი ურთიერთობა ფინანსური კონფლიქტის გამო დაიძაბა. დავა დეკადაზე მეტია, გრძელდება.