თორნიკე ტაბატაძე თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომლებიც თავს ერთ კონკრეტულ ჟანრს ან მიმართულებას არ მიაკუთვნებენ. კომპოზიტორი, პროდიუსერი და საუნდდიზაინერი რუსთავიდან სხვადასხვა სახელითა და პროექტით აცნობს თავს მაყურებელს. Sizmara, Callisto Luna და Napota თორნიკე ტაბატაძის პროექტებია, რომლებიც მის მრავალფეროვან მუსიკალურ ინტერესებსა და ექსპერიმენტულ მიდგომას კარგად გამოხატავს.
Billboard Georgia-სთან ინტერვიუში თორნიკე საკუთარ მუსიკაზე, პროფესიულ ტრანსფორმაციებზე, დამოუკიდებელი არტისტის გამოცდილებასა და იმ ხედვაზე საუბრობს, რომელიც მის მუსიკას განსაზღვრავს:
„ძირითადი ფაქტორი, რითაც ჩემი შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო, იყო მუსიკისადმი ძალიან დიდი სიყვარული და სურვილი, გავმხდარიყავი კომპოზიტორი. 18 წლამდე თითქმის არავითარი მუსიკალური განათლება და გამოცდილება არ მქონდა. 5 წლისა შევედი ფეხბურთზე და საკმაოდ დიდი მიზნებიც მქონდა. ვიტყოდი, რომ ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერი იყო და საკმაოდ კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ ფინანსების და სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, დიდი ფეხბურთის თამაში ვერ შევძელი. თუმცა, სპორტი ძალიან მნიშვნელოვან როლს იკავებს ჩემს მუსიკალურ კარიერაში, რადგან ფეხბურთმა მომცა ლიდერობისა და გუნდურობის უნარები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია მუსიკაში. რაც მთავარია, გამომიმუშავა დისციპლინა.

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი/Billboard Georgia
პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთან, როგორც მსმენელს, 13-14 წლის ასაკში მქონდა, როცა Led Zeppelin-ის, Deep Purple-ის და AC/DC-ის ჩანაწერებს მოვუსმინე. აღფრთოვანებული ვიყავი ჟღერადობით და, რა თქმა უნდა, ამ მუსიკამ უდიდესი ემოციები მაჩუქა. 18 წლისამ უკვე აღმოვაჩინე ჯაზი და კლასიკური მუსიკა, რაც გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველგვარი ცოდნის გარეშე დავიწყე მომზადება თეორიასა და ჰარმონიაში კომპოზიტორ მანანა ალფაიძესთან. ეს აღმოჩენების წელი იყო, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა. ყველაფერს ვკითხულობდი და ვუსმენდი, რაც მუსიკას ეხებოდა. ძალიან რთული იყო, რადგან ბექგრაუნდი საერთოდ არ მქონდა. სპორტიდან უცბად მუსიკაზე გადართვაც რთული აღმოჩნდა. ზღვა მასალა იყო სასწავლი, მაგრამ ჩემი მონდომება და სურვილი ორჯერ მეტი იყო.”
2013 წელს თორნიკემ კონსერვატორიაში ჩააბარა. როგორც ამბობს, ეს პერიოდი ბევრ რამეში დაეხმარა, თუმცა მას მეტი ტემპი და დატვირთვა სჭირდებოდა, ამიტომ არაერთ მუსიკალურ სკოლაში მიიღო განათლება სხვადასხვა განხრით. ისწავლა ფორტეპიანო, საქსოფონი, სადირიჟორო მიმართულება და საუნდ ინჟინერია.
„ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ამჟამად საოპერო ვოკალს ამ სფეროს შესანიშნავ პროფესიონალთან, მაია თათარაშვილთან ვსწავლობ. ჩემს მუსიკალურ და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლასიკური გიტარის საბაზისო უნარების შესწავლამ, რადგან შევხვდი პედაგოგს, ელგუჯა ჭაუჭიძეს, რომელმაც ბგერისა და მუსიკის შინაარსის გააზრება და აღქმა სრულიად სხვა თვალით დამანახა. რაც შეეხება კომპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი არ მყოლია – არავისთან არ მივლია. ცოდნა და უნარები საკუთარი ძალებით გამოვიმუშავე და განვავითარე, რითაც ძალიან ვამაყობ.”
მუსიკალურ განათლებასთან ერთად, თორნიკე სხვადასხვა ჟანრით დაინტერესდა და როცა ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა, უამრავი საინტერესო არტისტი და ჟანრი აღმოაჩინა. მისი ყურადღების დიდი ნაწილი ელექტრონულმა მუსიკამ, მისმა სტრუქტურამ და ჟღერადობამ მიიპყრო, განსაკუთრებით სინთეზატორებმა და საუნდდიზაინმა, რამაც საბოლოოდ არტისტის ხედვის განვითარება და ფორმირება განაპირობა.
არტისტის თქმით, სიახლის მუდმივი ძიება აუცილებელია როგორც მსმენელისთვის, ისე ხელოვანისთვის – თითოეული ახალი ჟანრი მისთვის დამოუკიდებელ თავგადასავლად იქცევა. მუსიკის სწავლისა და შექმნის პროცესი კი პროფესიულ მოტივაციას ამაღლებს, რაც მომავალში ახალი პროექტების იდეებს ბადებს.

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი/Billboard Georgia
თორნიკე ტაბატაძის თითოეული ნამუშევარი საკუთარ უნიკალურ კონცეფციას ატარებს. მის აქტიურ პროექტებს შორის გამოირჩევა Sizmara, რომელიც Sleep/Calm Ambient ჟანრს მიეკუთვნება და Callisto Luna, რომელიც Dark Ambient მიმართულებაა. ამ უკანასკნელის ფარგლებში თორნიკე მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან. „Callisto Luna-ს პროექტი ჩემს საცოლეს, მარიამს ეძღვნება,” – ამბობს მუსიკოსი.
Napota თორნიკე ტაბატაძის კიდევ ერთი Lo-Fi პროექტია, რომელიც ჯაზის, ბლუზის, ამბიენტისა და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებით არის გაჯერებული. ამ ყველაფრის გამაერთიანებელი კი ყველაზე პირადი და დიდი პროექტია, რომელსაც არტისტი საკუთარი სახელით წარადგენს. პროექტის ფარგლებში იქმნება საორკესტრო, სასიმღერო, ელექტრონული და ყველა ის კომპოზიცია, რომელსაც არტისტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თორნიკე ტაბატაძის კატალოგი Spotify-ზე 100 მილიონზე მეტ სტრიმს აღემატება, რაც დამოუკიდებელი არტისტისთვის იშვიათი შედეგია.
„ჩემი პირველი ტრეკი, რომელმაც Spotify-ზე მილიონი ნახვა დააგროვა, იყო Hills. ახლა უკვე 21 ტრეკი მაქვს, რომლებიც მილიონ ნახვას გადასცდა. აქედან ოთხს 15 მილიონზე მეტი სტრიმი აქვს. Spotify-ს ყველა დიდ ოფიციალურ ფლეილისტში მოვხვდი, რომლებიც ამბიენტის ჟანრშია. თითქმის არაა ისეთი ფლეილისტი, სადაც ჩემი რომელიმე ტრეკი არ მოხვედრილა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლეილისტია Sleep – აქ 4–5-ჯერ მოვხვდი, რაც ყველა არტისტისთვის ძალიან რთულია. პროექტი Sizmara 2023 წელს დავიწყე და მისი წარმატება ძირითადად იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ მუდმივად ვცდილობ, მივყვე იმ ხარისხს, რომელიც დღესდღეობით არსებობს სტრიმინგ ინდუსტრიასა და, ზოგადად, მუსიკაში. Spotify-ს ფლეილისტების კურატორებს მოსწონდათ ჩემი ტრეკები და უზიარებდნენ თავიანთ აუდიტორიასაც, მათ შორის ოფიციალური ფლეილისტებით. ყველაფერი შევძელი, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, ლეიბლებისა და სხვა ორგანიზაციების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლეიბლების წინააღმდეგი ვარ – პირიქით, ბოლო დროს აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა, რადგან ეს კიდევ სხვა, აუცილებელი გამოცდილებაა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ზოგადად, სიმართლე რომ ვთქვა, ადრე რიცხვებს უფრო ვაკვირდებოდი, ახლა უმეტესწილად მუსიკაზე ვარ ორიენტირებული. Spotify-სა და ზოგადად ცხოვრების ალგორითმი მუდმივად ცვალებადია – ხან კარგად მიდის საქმე, ხან ცუდად. ეს ბუნებრივი პროცესია, მთავარია, მუდმივად აქტიური იყო.”
თორნიკე ტაბატაძისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მიმართულება ფილმების მუსიკალური გაფორმებაა. მისი პროექტებიდან ერთ-ერთი არის ქართული სერიალი „უხილავი თამაში”, რომლის მე-5 და მე-6 სერიების კომპოზიციების თანაავტორია. პროექტზე თორნიკემ ანა ქასრაშვილთან ერთად იმუშავა.
თორნიკე ტაბატაძე მუსიკას არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სოციალური პროცესის კონტექსტშიც განიხილავს:
„ყველა მიმართულებით მუსიკა დღეს უფრო სამომხმარებლო ხდება და კარგავს იმ ძიებისა და ექსპერიმენტების ენთუზიაზმს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მუსიკის სიჯანსაღისთვის. ამას პირველ რიგში საკუთარ თავს ვახსენებ ხშირად. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ მუსიკას მეტი კომერციული ფუნქცია მიეცეს და მეტიც – ძალიან სასიამოვნოა ასეთი პროექტები, როგორც შემოქმედებითად, ისე ფინანსურადაც. თუმცა, ეს ყველაფერი დროსთან ერთად რუტინული ხდება და სილაღე იკარგება. აუცილებელია მუსიკის სიღრმისეული კვლევა და ანალიზი, რომ გაჩნდეს გზები და მეთოდები იმ ემოციებისთვის, რომლებსაც მუსიკით ვიღებთ. ყოველდღიურად უნდა ვცდილობდეთ განვითარებასა და რაღაც ახლის აღმოჩენას. სხვაგვარად არა მარტო მუსიკა, არამედ ნებისმიერი სახელოვნებო სფერო გამოიფიტება. ან ცდილობ, რომ მუდმივად განვითარდე, ან რუტინა შემოქმედებითად გკლავს.”
თორნიკე ტაბატაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით – სასიმღერო, საორკესტრო, ამბიენტსა და ექსპერიმენტულ მუსიკაზე. ასევე აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო კოლაბორაციებზე და გეგმავს ქართველ არტისტებთან პროექტებსაც.
„2026 წელს ლაივ-პერფორმანსების ჩატარებასაც ვაპირებ. კიდევ ერთი ახალი პროექტი ციფრული პლატფორმის შექმნას უკავშირდება: მე და ჩემი მეგობარი საბა შავიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი პროგრამისტი, დეველოპერი და მუსიკის მოყვარულია, ვიწყებთ ძალიან დიდ პროექტს – პლატფორმას, სადაც გაიყიდება პროფესიონალურად დამუშავებული მუსიკა, საუნდეფექტები, ლუპები, ბითები და ყველა საჭირო ატრიბუტი, რომლებიც პროდიუსერებს, მუსიკოსებს, კონტენტკრეატორებსა და კინოინდუსტრიის პროფესიონალებს სჭირდებათ.
ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობ ფილმის, თრეილერისა და, ზოგადად, კინოს მუსიკალური გაფორმების მიმართულებას. ვაპირებ, ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშაო და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვო,” – ამბობს თორნიკე ტაბატაძე.