„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” – ფრედი პაიანი.

1990-იანი წლების საქართველოში მძიმე სოციალური და ეკონომიკური რეალობა იდგა, როცა ყოველდღიურობას გაურკვევლობა და გადარჩენის ინსტინქტი განსაზღვრავდა. სწორედ ამ ქაოსურ ყოფით ფონზე, ქართულ მუსიკალურ სივრცეში გაჩნდა მულტინაციონალური პოსტ-პანკ ჯგუფი შუქი მოვიდა – ბენდი, რომელმაც რეალობას მუსიკით, იუმორით და უშუალო ენით უპასუხა.

ჯგუფის ვოკალისტი და ბენდის ფუძემდებელი ფრანგი მუსიკოსი ფრედი პაიანია, გიტარა – დავით ხოსიტაშვილი, ბასი – გიორგი გობეჯიშვილი, დრამზე კი ივან კაბაკოვი. სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების ეს სინთეზი ბუნებრივად იქცა ბენდის იდენტობის ნაწილად. ბენდის დისკოგრაფია ორ ალბომს მოიცავს: „შუქი მოვიდა“  (2001) და „გულზე მოგეშვება“  (2003).

Billboard საქართველო გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფის წევრებთან, ფრედი პაიანთან და დავით ხოსიტაშვილთან:

1990-იან წლებში თბილისში საკმაოდ რთული იყო პირობები იყო, საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად, ქვეყანა სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იდგა. რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რამაც იმ პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვლა გადაგაწყვეტინათ?

ფრედი პაიანი – ჯგუფ „შუქი მოვიდას” ვოკალისტი:

„საქმე ისაა, რომ ეს ჩემი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა. სამსახურებრივი მიზნით აფრიკაში უნდა გავმგზავრებულიყავი, თუმცა საბოლოოდ ვერ მოხერხდა და ამის ნაცვლად საქართველოში, თბილისში ჩამოსვლა მირჩიეს. მანამდე ამ ქალაქის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ბავშვობაში ჩემს ოთახში რუკა მქონდა და იქ უბრალოდ საბჭოთა კავშირი ეწერა. საშინელებაა ამის თქმა, თუმცა ჩემი თაობისთვის ეს ქვეყნები თითქოს საერთოდ არ არსებობდა. არ ვიცოდი, სად მივდიოდი. 

მაშინ დაახლოებით 24-25 წლის ვიქნებოდი, პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. კავკასიის რეგიონი შევისწავლე და 1995 წლის აპრილში NGO-ის საშუალებით საქართველოში ჩამოვედი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი.”

ფოტო აღებულია Chouki Movida-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო აღებულია Chouki Movida-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

როგორ შეიქმნა ბენდი „შუქი მოვიდა”?

ფრედი პაიანი: „პირველი ადამიანი, ვინც თბილისში გავიცანი, ნიაზ დიასამიძე იყო. ერთ-ერთ ბარში შევხვდით, ის ფრანგულად ლაპარაკობდა, ასე რომ, მასთან კომუნიკაცია გამიმარტივდა. ნიაზთან ერთად გავიცანი პაატა და მათ გამაცნეს სხვა მუსიკოსებიც, ლევან ქუმსიაშვილი, რობი კუხიანიძე, დათო და ყველა ეს ხალხი.  აქედან წამოვიდა ყველაფერი. შემდეგ შემომთავაზეს, რომ ერთად დაგვეკრა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, რომელიც ძველ, კომუნისტური პერიოდის, თეატრის მსგავს შენობაში გვქონდა, დენი წავიდა და როცა ისევ მოვიდა, მე რაღაც ბლუზის მაგვარს ვუკრავდი და უცებ წავიმღერე  –  „შუქი მოვიდა, ო, რა კარგია“. იმ დროს ხალხისთვის ეს დიდი ბედნიერება იყო, რადგან არავინ იცოდა, როდის მოვიდოდა შუქი. ძალიან უცნაური იყო. ასე დაერქვა ამ ბენდს ეს სახელი.”

ბენდის გიტარისტი დავით ხოსიტაშვილი Billboard საქართველოსთან ჯგუფ „შუქი მოვიდაში” მოხვედრას იხსენებს.

დავით ხოსიტაშვილი – მუსიკოსი:

„ბნელ ოთხმოცდაათიანებში ცოტა თუ იყო ისეთი სივრცე, სადაც მუსიკოსები შევიკრიბებოდით და დავუკრავდით. ერთ-ერთი ასეთი ადგილი „მთვარის კლუბი” იყო, რომელიც „პლეხანოვზე”, მე-18 სკოლა-ლიცეუმის შენობის სარდაფში მდებარეობდა. მე მაგ დროს სწორედ ჯგუფ „მთვარის კლუბში” ვუკრავდი და, შესაბამისად, დიდ დროს ვატარებდი იქ. ფრედიც პირველად სწორედ იქ გავიცანი. ის ჩვენი ჯგუფის წევრ ლევან ქუმსიაშვილთან მეგობრობდა და ხშირად გვსტუმრობდა. ფრედი ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი იყო და როგორც უცხოელებს, განსაკუთრებით კი ფრანგებს სჩვევიათ, ხშირად აწყობდა თავის ნაქირავებ სახლში საღამოებს. დენიც ჰქონდა, ლუდიც და კარგი მუსიკაც. დავდიოდით ჩვენი ინსტრუმენტებით და ვერთობოდით. იქვე გავიცანი ჩვენი ჯგუფის მომავალი დრამერიც – ივან კაბაკოვი, რომელიც საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა. ხშირი სტუმარი იყო გიორგი გობეჯიშვილიც, რომელიც მოგვიანებით ჩვენი ბასისტი გახდა.  მიჭირს იმის გახსენება, ზუსტად როდის გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ბუნებრივად მოხდა.”

ფოტო აღებულია Chouki Movida-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ბენდ „შუქი მოვიდას” სიმღერები პირდაპირ ეხმიანებოდა იმდროინდელ რეალობას. ტექსტები იუმორითა და სარკაზმით იყო გაჯერებული, რაც მძიმე ყოფას მუსიკის მეშვეობით ამსუბუქებდა. ბენდის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა სიმღერები: „მაროჟნი“, „ჟიგულის კაცი“, „მინიბუსის ზაზა“, „ხაჭაპური“ და სხვა…

შუქი მოვიდას” ლირიკა სოციალურ რეალობას  იუმორით აღწერს. როგორ იწერებოდა ტექსტები, ეს ბუნებრივი რეაქცია იყო მაშინდელ გარემოზე?

ფრედი პაიანი: ტექსტები ჯგუფის წევრებთან ერთად იწერებოდა. კარგად არ ვიცოდი ქართული ენა და ეს ტექსტები ხშირად უცხოელის თვალით დანახული რეალობა იყო, რომელიც იუმორით იყო გაჯერებული. შესაძლოა, ვინმეს საწყენადაც მიეღო ჩვენი ტექსტები, თუმცა ამას სიყვარულით ვაკეთებდით. 

რა რეაქცია და  როგორი რეზონანსი იყო საზოგადოებაში?

დავით ხოსიტაშვილი: „ჩვენ ვერთობოდით. ყოველ შემთხვევაში, მე სერიოზულად არ ვუყურებდი ამ საქმეს. მანამდე, სანამ ერთ-ერთ ცნობილ გადაცემაში, „ოქტაგონში” არ დაგვპატიჟეს დასაკრავად. ამ მომენტიდან მივხვდი, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ გართობა და ისიც დავინახე, რომ ვიღაცებს მოსწონდათ კიდეც. ფრედი და ივანი თვლიდნენ, რომ მეტი კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა და ალბომიც კი უნდა ჩაგვეწერა. გაიზარდა ჯგუფის ცნობადობაც. მსმენელიც ჩვენთან ერთად ერთობოდა და ეს ახალი სიმღერების შექმნისკენ გვიბიძგებდა. გვქონდა კონცერტები და ერთგული მსმენელიც გვყავდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ერთადერთი სწორი გზა არა დეპრესია ან პროტესტი, არამედ პაროდია იყო იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა. ზუსტად ასე აღვიქვამ ახლაც, როცა წავაწყდები ხოლმე ძველ ჩანაწერებს – მეღიმება.

ფაქტობრივად, ცოცხალი ტერმინები შეიქმნა „შუქი მოვიდას” სიმღერებიდან: „ჟიგულის კაცი“,  „მინიბუსის ზაზა“ და სხვა… როგორ იქმნებოდა ეს ტექსტები?

დავით ხოსიტაშვილი: „ყველაფერი იწყებოდა იდეიდან – “რაზე ვიმღეროთ”. ამ იდეების ძირითადი გენერატორი ივანი იყო. ჩვენთვის  – ქართველებისთვის ჩვეულებრივი რამ ფრანგებისთვის ხშირად განმეორებადი ნარატივი იყო და ამას ეჭიდებოდნენ. ქართველს თავში არასოდეს მოუვა აზრად, იმღეროს “კერასინკაზე”, ,,ჟიგულზე” ან თუნდაც ჩურჩხელაზე. ჩვენ ხომ ზოგადსაკაცობრიო პრობლემები გვაწუხებს?!…  ამის შემდეგ ვიგონებდით მუსიკას… ტექსტს ერთად ვწერდით ხოლმე და როგორც წესი, ფრედის გრამატიკულ შეცდომებს არ ვუსწორებდით, რადგან შეცდომებით უფრო სასაცილოდ ჟღერდა. “

სიმღერა მაროჟნი’’ დღემდე საკმაოდ პოპულარულია, როგორ დაიწერა ეს სიმღერა თუ გახსოვთ?

ფრედი პაიანი: „ერთ დღეს ოფისში ვიყავი, ვმუშაობდი, ძალიან ცხელოდა, ფანჯრები ღია მქონდა და ქუჩიდან მუსიკასავით ხმა შემომესმა, ვიღაცა ყვიროდა: „მაროჟნი, მაროჟნი” და ძალიან მომეწონა. აქედან დაიბადა ამ სიმღერის შექმნის იდეაც. მე უბრალოდ სრულიად შემთხვევით შევხვდი ძალიან კარგ ქართველ მუსიკოსებს, ჩემს მეგობრებს. მათ, ჩემგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე. ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ სიმღერებმა ეპოქის ერთგვარი დოკუმენტაცია შექმნა. არასდროს მიფიქრია, რომ ასე მოხდებოდა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით, ვერთობოდით, ვუკრავდით სანთლის შუქზე, ინტერნეტის გარეშე, ძალიან მძიმე, მაგრამ თბილ დროს.”

აღსანიშნავია ჯგუფ „შუქი მოვიდას“ ვოკალისტის, ფრედი პაიანის უნიკალური ქართულ-ფრანგული აქცენტი, რომელმაც ბენდს დამატებით ავთენტურობა შესძინა. სწორედ ამ განსხვავებულმა ინტონაციამ „შუქი მოვიდა“ ყველასგან გამორჩეულ ჯგუფად აქცია, რაც ბენდის იდენტობის ნაწილად დარჩა.

დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ უყურებთ ამ ბენდს და სიმღერებს, გაქვთ მონატრების შეგრძნება?

ფრედი პაიანი: „დიახ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან სენსიტიურია. წარმოიდგინეთ, 10 წელი არც ისე ცოტაა. ეს თემა ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც კვლავ ცოცხალია. როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ, ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” 

თუ „შუქი მოვიდას” შესახებ მოუყვებით საფრანგეთში ადამიანს, რომელსაც არაფერი სმენია ამ ბენდის შესახებ, რას ეტყოდით. 

ფრედი პაიანი: „ვეტყოდი, რომ „შუქი მოვიდა” მოგზაურების ბენდია – 90-იანი წლების აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრა. საბოლოოდ ეს გადაკვეთა ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ჩემთვის „შუქი მოვიდა” არ არის უბრალოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიალოგი. ეს არის საქართველო: ქვეყანა, რომელიც შუაში დგას, თუმცა თავისი არსით ევროპულია. და მე ვიცი, რომ თქვენ ამისთვის დღემდე იბრძვით.“

ფოტო აღებულია Chouki Movida-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო აღებულია Chouki Movida-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ფრედი მუსიკალურ საქმიანობას კვლავ აქტიურად მიჰყვება, წლების წინ მან ჯგუფი Vintage დააარსა, შემდეგ კი ჯგუფი Davaï. 

ფრედი პაიანი: „დღეს ლილში ვცხოვრობ. მუსიკალურ საქმიანობას ვაგრძლებ, კვლავ ვუკრავ.  დაახლოებით ათი წელი მქონდა ბენდი, ძირითადად ქავერებს ვასრულებდით. პარალელურად, მუსიკალური ასოციაციის წევრიც ვარ.

სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ თბილისში ჩამოსვლას და ქართველ აუდიტორიასთან შეხვედრას? ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი საჩუქარი იქნებოდა ქართველი მსმენელისთვის.

„საქართველოში 2020 წლისთვის მინდოდა დაბრუნება, თუმცა Covid დაიწყო და ყველაფერი შეჩერდა, მას შემდეგ თითქოს ვიცდი. სიმართლე გითხრათ, შინაგანად ცოტა დაბნეულიც ვარ, მინდა დაბრუნება, მეგობრებიც მეუბნებიან, რომ პრობლემა არ არის, მაგრამ ვგრძნობ, რაღაც არასწორად მიდის. არ ვიცი, რა იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დაბრუნებას აუცილებლად ვგეგმავ, ეს ნამდვილად გადაწყვეტილი მაქვს. 

პირველად საქართველოში ათ წელზე მეტხანს ვიცხოვრე და ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. ვიცი, რას ნიშნავს უცხოეთში ცხოვრება, თუმცა საქართველო ყოველთვის მიზიდავდა. აქ ბუნება ყოველთვის განსაკუთრებულია. ბევრს ვმოგზაურობდი და თითქმის ყველა რეგიონში ვარ ნამყოფი, თუშეთის და სვანეთის გარდა.

ეს ინტერვიუ იმედიანად და სახეზე ღიმილით მინდა დავასრულოთ. მადლობა იმისთვის რომ დამიკავშირდით, ეს საუბარი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. Peace and Love.”-  ფრედი პაიანი.

მოისმინეთ „შუქი მოვიდას” სიმღერა Solei: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLACKPINK-დან 2022 წლის MTV-ის ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 აგვისტო კრისტოფერ პოლკი

BLACKPINK საინტერესო მინი-ალბომის, DEADLINE-ის სიმღერათა სიას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

50 Cent ფლოიდ მეივეზერს 340 მილიონი დოლარის სარჩელის გამო დასცინის: „ახლა ნუ ტირი, ჩემპიონო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

თორნიკე ტაბატაძე – ქართველი არტისტი, Spotify-ზე მილიონობით სტრიმით

თორნიკე ტაბატაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით – სასიმღერო, საორკესტრო, ამბიენტსა და ექსპერიმენტულ მუსიკაზე.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის Opalite უკვე გზაშია

პროექტ The Life of a Showgirl-ის მუსიკალური ისტორია გრძელდება - პირველი სინგლის, The Fate of Ophelia-ს შემდეგ, მომღერალი მეორე მუსიკალური ვიდეოს გამოცემას აანონსებს.
მეტი