ჯგუფ 3 Doors Down-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი ვოკალისტი, ბრედ არნოლდი, კიბოსთან ბრძოლის შედეგად, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
7 თებერვალს მუსიკოსი ძილში, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა – წერია ბენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე.
„როგორც 3 Doors Down-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვოკალისტმა და დრამერმა, ბრედ არნოლდმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მეინსტრიმ როკის ხელახლა განსაზღვრაში, მან პოსტ-გრანჟი ემოციურად უშუალო სიმღერასთან და ლირიკულ თემებთან გააერთიანა და ის მსმენელისთვის განსაკუთრებით ახლობელი გახადა,“ – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
3 Doors Down-მა 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ ბრედ არნოლდს მეოთხე სტადიის თირკმლის სიმსივნე დაუდგინდა, შედეგად კი ბენდმა ზაფხულის ტურნე გააუქმა. იმ პერიოდში არნოლდმა სოციალურ ქსელებში თავად გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ თირკმლის კარცენომას ებრძოდა, რომლის მეტასტაზები ფილტვებშიც გავრცელდა.
„არაფრის არ მეშინია. მართლა, გულწრფელად ვამბობ, საერთოდ არ მაშინებს ეს ყველაფერი,“ – თქვა მომღერალმა და დაამატა, რომ დაავადებასთან ბრძოლის დროს საკუთარ რწმენას ეყრდნობოდა. მან თაყვანისმცემლებს ლოცვისკენ მოუწოდა: „ძალიან გამიხარდება, თუ ნებისმიერი შესაძლებლობისას ლოცვაში მომიხსენიებთ. მგონი, დროა, წავიდე და ცოტა ხნით It’s Not My Time-ს მოვუსმინო.“
მისისიპიში დაბადებულმა არტისტმა 1996 წელს სკოლის მეგობრებთან – გიტარისტ მეტ რობერტსთან და ბასისტ ტოდ ჰარელთან ერთად საკუთარ მშობლიურ ქალაქში ჩამოაყალიბა ჯგუფი 3 Doors Down. იმ პერიოდში არნოლდი ერთდროულად ჯგუფის ვოკალისტიც და დრამერიც იყო. მომდევნო წელს ბენდმა დემო ჩანაწერი შექმნა, სადაც შედიოდა სიმღერა Kryptonite – კომპოზიცია, რომელიც არნოლდმა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, 15 წლის ასაკში დაწერა. ტრეკმა პოპულარობა მალევე მოიპოვა ადგილობრივ რადიოსადგურებზე და საბოლოოდ დიდი მუსიკალური ლეიბლების ყურადღებაც მიიპყრო.
2000-იანი წლების დასაწყისში წარმატების პიკზე მყოფი 3 Doors Down Billboard Hot 100-ის ჩარტში 10 ჰიტით მოხვდა, საიდანაც სამი სიმღერა საუკეთესო ათეულში პოზიციონირებდა: Kryptonite (2000, N3), When I’m Gone (2003, N4) და Here Without You (2003, N5). ჯგუფს ასევე ჰქონდა ორი N1 ალბომი ყველა ჟანრის Billboard 200-ის ჩარტში: Seventeen Days (2005) და ბენდის სახელწოდების მქონე ალბომი 3 Doors Down (2008).
არნოლდმა 3 Doors Down-თან ერთად შესრულებული ნამუშევრებისთვის გრემის სამი ნომინაცია მიიღო: საუკეთესო როკსიმღერის კატეგორიაში Kryptonite-ისა და When I’m Gone-ისთვის და საუკეთესო როკშესრულებისთვის (დუეტი ან ჯგუფი) სიმღერისთვის When I’m Gone.
2011 წელს 3 Doors Down-მა გამოსცა ალბომი Time of My Life. ეს მათი ბოლო ნამუშევარი იყო, სადაც არნოლდი ჯგუფის პირვანდელ წევრებთან, რობერტსთან და ჰარელთან ერთად მონაწილეობდა. ბენდის გიტარისტმა რობერტსმა ჯგუფი ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2012 წელს დატოვა, ხოლო ბასისტი 2013 წელს გაუფრთხილებლობით მომხდარი მკვლელობის ბრალდების შემდეგ გაათავისუფლეს. ჯგუფის ბოლო სტუდიური ალბომი Us and the Night 2016 წელს გამოვიდა, თუმცა 3 Doors Down რეგულარულად აგრძელებდა ტურნეებს.
3 Doors Down-მა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც არნოლდის პიროვნულ თვისებებსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა. ბენდის წევრები ხაზს უსვამენ, რომ მუსიკოსი არა მხოლოდ პროფესიული ნიჭით, არამედ გამორჩეული ადამიანური ღირებულებებით იყო დაჯილდოებული.
„არნოლდი ჯენიფერის ერთგული მეუღლე იყო. მისი სიკეთე, იუმორი და გულუხვობა ყველას შეეხო, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა. მასთან ახლოს მყოფ ადამიანებს არა მხოლოდ მისი ნიჭი, არამედ მისი სითბო, თავმდაბლობა, რწმენა და ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ ღრმა სიყვარული დაამახსოვრდებათ,“ – ნათქვამია ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში.
როკ-საზოგადოება 3 Doors Down-ის პოსტის კომენტარებში გაერთიანდა და ჯგუფს სამძიმარი გამოუცხადა. Alter Bridge-მა დაწერა: „მადლობა, ბრედ, შენი მეგობრობა ჩვენთვის მუდამ ძვირფასი იქნება. შეხვედრამდე“. Sevendust-მა კი დაამატა: „მშვიდად განისვენე, ძმაო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი“. თბილი სიტყვები არ დაიშურა Creed-მაც: „სიყვარულს ვუგზავნით არნოლდებისა და 3DD-ის ოჯახებს“.
აღსანიშნავია, რომ არნოლდი 3 Doors Down-ის მეორე წევრია, რომელიც გარდაიცვალა. რობერტსი, სიმღერა Kryptonite-ის თანაავტორი, 2016 წელს ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით დაიღუპა.
3 Doors Down-ის სრული განცხადება არნოლდის გარდაცვალების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე.