კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Charli XCX, MUNA, Bleachers, Lykke Li და Flea – ნახეთ მთავარი რელიზები

კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევარი ქართულმა ბენდმა Circus Mircus-მაც გააზიარა. გაეცანით აუცილებელად მოსასმენ მუსიკალურ რელიზებს.
Charli xcx STOLEN BESOS
Charli xcx
STOLEN BESOS

Billboard-ის Friday Music Guide მოსახერხებელი მუსიკალური გზამკვლევია, რომელიც კვირის განმავლობაში  მნიშვნელოვან მუსიკალურ რელიზებსა და ახალ პროექტებს მიმოიხილავს. 

ამ კვირაში Charli XCX ნანატრ პროექტს, Wuthering Heights-ს აქვეყნებს, რომელიც ამავე სახელწოდების, ემერალდ ფენელის რეჟისორობით გადაღებული ფილმისთვის შეიქმნა. MUNA-მ მეოთხე ალბომი Dancing On The Wall დააანონსა, რომელიც 8 მაისს გამოვა და ამავე დროს, ალბომში შესული ტრეკი გამოაქვეყნა, ხოლო Flea-მ, მომავალი ინსტრუმენტული სოლო ალბომის გამოსვლამდე, ფრენკ ოუშენის კლასიკური სიმღერის საკუთარი ვერსია გააზიარა.

Charli XCX – Wuthering Heights

მას შემდეგ, რაც Charli XCX-მა გასულ ნოემბერს ალბომისა და ფილმის მუსიკალური მიმართულება გაგვაცნო სიმღერებით: House და Chains of Love, არტისტმა იანვარში Wall of Sound გამოუშვა. დღეს კი, როდესაც მისი ალბომი ოფიციალურად გამოვიდა და ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა კინოთეატრებში შედგება, Charli XCX-მა  კინემატოგრაფიული და ჰაეროვანი ჟღერადობის სიმღერა –  Always Everywhere გააზიარა. სიმღერა წამყვან ფლეილისტებში საპატიო ადგილს იკავებს.

ნოემბერში გავრცელებულ პრესრელიზში მომღერალმა აღნიშნა, რომ რეჟისორი ემერალდ ფენელი მას 2024 წლის შობას დაუკავშირდა და ფილმისთვის სიმღერის დაწერა შესთავაზა. „სცენარის წაკითხვისთანავე შთაგონება  ვიგრძენი. წინა ალბომზე მუშაობის შემდეგ, როცა სრულად ჩაფლული  ვიყავი მის სამყაროში, ძალიან გამიხარდა ახალ და სრულიად საპირისპირო მიმართულებაში გადასვლა.“ – აღნიშნა Charli XCX-მა.

MUNA –  Dancing On The Wall

პოპ-ტრიო MUNA ამ კვირაში მომავალ მეოთხე ალბომში შესული სიმღერით ბრუნდება. ტრდიციულად, სინგლი სევდიან, ემოციურად მძაფრ განწყობასა და ენერგიულ ჟღერადობას აერთიანებს, რომელსაც კეტი გევინის გამორჩეული ვოკალი ერთვის. ბენდმა განცხადებაში აღნიშა, რომ „Dancing On The Wall  შესაძლოა ჩვენი ფავორიტი სიმღერაა მათ შორის, რაც კი ოდესმე ბენდს შეუქმნია… მასში MUNA-ს ყველა საუკეთესო მხარეა თავმოყრილი“.
ტრეკის პროდიუსერი ჯგუფის წევრი ნაომი მაკფერსონია.

Bleachers  –  You and Forever

Bleachers-მა თავისივე სახელის მქონე ალბომი 2024 წლის მარტში გამოუშვა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა მეხუთე სტუდიური ალბომი Everyone for Ten Minutes დააანონსა, რომლის გამოსვლაც 22 მაისს იგეგმება.

ალბომის წამყვანი სინგლია You and Forever, რომლის პროდიუსერიც და ავტორიც ბენდის დამფუძნებელი წევრი ჯეკ ანტონოფია.  როკჟღერადობის მქონე ტრეკი თავისი ღრმა და მრავალშრიანი ვოკალით გარკვეულწილად The National-ის სტილს მოგაგონებთ. სიმღერა სიყვარულის იდუმალ, მოჩვენებით და შემზარავ მხარეზე გვიყვება.

„მიუხედავად იმ მომენტებისა, როდესაც ის წამიერად სიბნელეში იხედება, არსებითად, ეს მაინც ოპტიმისტური ჩანაწერია, რომელიც სიყვარულითა და იმედითაა შთაგონებული.  ალბომი ჰარმონიულ ფოლკ-როკს, ბრჭყვიალა პოპ-სოულს და საქსოფონის თანხლებით შექმნილ ნიუ-ჯერსისეულ ჟღერადობას აერთიანებს, რომელიც Bleachers-ის სავიზიტო ბარათად იქცა“. – აღნიშნულია ალბომის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. 

Lykke Li  – Lucky Again

„მე ჩემს ეგზისტენციალურ ერაში შევდივარ,“  –  განაცხადა Lykke Li-მ და ამ სიტყვებით მომავალი ალბომის, The Afterparty-ს გამოსვლა დააანონსა, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდება. 

Lucky Again ამ ახალი ეპოქის პირველი ნამუშევარია – ეიფორიული, იმედიანი და ოდნავ თავბრუდამხვევი. „ეს არის სამსარა ერთ სიმღერაში. ცხოვრების ბორბალი: მოგება, წაგება, სიცოცხლე, სიკვდილი. რაღაცის ქონა და ლოცვა, რომ ის კვლავ დაგიბრუნდეს.“ –  დასძინა არტისტმა, სიმღერის შესახებ, რომელიც სიკვდილისა და ხელახალი დაბადების დაუსრულებელ ციკლზე გვიყვება.

Flea  – Thinkin Bout You 

Flea-ს მუსიკალური კარიერა Red Hot Chili Peppers-თან ერთად გატარებულ ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის, რომლის შემდეგაც ჯგუფის დამფუძნებელი წევრი Flea თავის მუსიკალურ ფესვებს –  ჯაზს უბრუნდება. როდესაც მას 60 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა, დრო აღარ დაეკარგა და დადო პირობა, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველდღე საყვირზე დაკვრაში ივარჯიშებდა –  და ასეც მოიქცა.  შედეგად კი მისი სადებიუტო სოლო ალბომი Honora მივიღეთ, რომელიც მარტში გამოვა.

ალბომში Flea-ს მიერ შექმნილი და არანჟირებული ექვსი საავტორო კომპოზიციაა გაერთიანებული, ასევე მისი ინტერპრეტაციები საყვარელ სიმღერებზე, მათ შორის ფრენკ ოუშენის Thinkin Bout You. „როცა ალბომი Channel Orange გამოვიდა, ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ ათ მილიონჯერ  მაქვს მოსმენილი… Thinkin Bout You ამ ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერაა და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა მისი საყვირზე შესრულება.“ – აღნიშნა არტისტმა.

Circus Mircus –  I’m A Man 

11 თებერვალს Circus Mircus-მა ახალი EP გამოსცა. ჩანაწერი, სახელწოდებით Akhalteke, ოთხ სიმღერას აერთიანებს. დღეს კი ჯგუფმა პროექტის პირველი სინგლი I’m A Man და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გააზიარა. „ჩვენი ახალი EP-ის ¼,” – ვკითხულობთ აღწერაში. მუსიკალური ვიდეო კი ერთ უწყვეტ, სტატიკურ კადრად არის გადაღებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრუზ ბეკჰემი ვალენტინობის დღისთვის ახალ სინგლს გამოსცემს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, Sexyy Red-მა სიმღერა Beat It უნებართვოდ გამოიყენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი