Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ – აცხადებს Manchester Orchestra.
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES
Manchester Orchestra – ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერის, ტიმოთი ვერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბენდის წევრებმა: ენდი ჰალმა, რობერტ მაკდაუელმა და ენდი პრინსმა 14 თებერვალს დაადასტურეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტიმოთი ვერი Manchester Orchestra-ს მესამე სრულფორმატიან ალბომზე, Simple Math-ზე მუშაობისას შეუერთდა. ალბომი 2010 წელს ჩაიწერა და 2011 წელს Favorite Gentlemen-ის მიერ გამოიცა; პროექტმა  გამოსვლისთანავე Billboard-ის Top Rock Albums და Top Alternative Albums ჩარტებში ტოპ 10-ში დაიკავა ადგილი. ტიმოთი ვერი ბენდთან ერთად ტურნეებში სწორედ ამ წლებიდან მონაწილეობდა. 

„Manchester Orchestra-ს მთელი ოჯახი განადგურებულია ჩვენი ძმის, ტიმოთი ვერის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ის იყო ყველაზე საყვარელი ადამიანი მათ შორის, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგვხვედრია. ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ.” –  წერს ბენდი  14 თებერვალს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

„ტიმი პირველივე დანახვისთანავე იწვევდა  ადამიანების სიმპათიას და ყველას, ვისაც ხვდებოდა, სიკეთითა და სითბოთი ავსებდა. მისი სიცილი გადამდები იყო და ადამიანები მაშინვე კეთილგანწყობილნი ხდებოდნენ.  მისი იუმორი და ენერგია იყო ის საწყისი, რაზეც Manchester Orchestra-ს მთელი სამყარო იდგა. უცნობები მასთან სწრაფად ხდებოდნენ მეგობრები, მეგობრები კი  – ოჯახის წევრები.

„მას ჰქონდა შინაგანი სინათლე, რომელსაც მხოლოდ მისი ერთგულება და იმ საქმისადმი სიყვარული შეედრებოდა, რისთვისაც ამ ქვეყანას მოევლინა.   ვერცერთი სიტყვა ვერ შეძლებს მის სრულყოფილად დახასიათებას. ერთადერთი, რაც ტიმს მუსიკაზე მეტად უყვარდა, საკუთარ ოჯახთან ყოფნა იყო. რთულად თუ იპოვიდით მასზე უფრო მხიარულ და ბედნიერ მამას.

გვიყვარხარ, ტიმ. მადლობა, სიყვარულისთვის. შენ ხარ პოზიტივის ძალა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მუდამ ჩვენთან დარჩება.”  – ნათქვამია ბენდის განცხადებაში.

Manchester Orchestra ვოკალისტმა ენდი ჰალმა ატლანტაში 2004 წელს ჩამოაყალიბა. ტიმოთი ვერი კი ჯგუფს ოფიციალურად 2010 წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც ყოფილმა დრამერმა ჯერემაია ედმონდმა ჯგუფი დატოვა.  

ვერის პირველი ცოცხალი გამოსვლა Manchester Orchestra-სთან ერთად 2011 წელს, ლონდონში, ალბომ Simple Math-ის მხარდასაჭერი ბრიტანული ტურნეს ფარგლებში შედგა. მომდევნო დღეს Alter the Press-თან ინტერვიუში მან თქვა: „გამოსვლის დროს გული ამერია. ეს საოცარი იყო. შემიძლია ამაზე საათობით ვილაპარაკო, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა. ამ ბიჭებს დიდი ხანია, ვიცნობ. ეს საოცარია.”

მუსიკოსმა ბენდში ყოფნის დროს ისეთ ალბომებში მიიღო მონაწილეობა როგორებიცაა: Cope და მისი აკუსტიკური ვერსია Hope (2014), A Black Mile to the Surface (2017), The Million Masks of God (2021) და მინი-ალბომი (EP) The Valley of Vision (2023). Manchester Orchestra-ს ცოცხალი ჩანაწერების პროექტი აქვს, სახელწოდებით Union Chapel (London, England), მისი გამოცემა კი  Loma Vista-ს მიერ 2026 წლის 20 მარტს იგეგმება. მასალა 2023 წელს, ისტორიულ ეკლესიაში გამართული სპეციალური სამდღიანი რეზიდენციის დროს ჩაიწერა.

2022 წელს, პოდკასტ Drummers on Drumming-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიმოთი ვერიმ საკუთარი თავი ასე წარადგინა:

„მინდა ვიფიქრო, რომ ამ სფეროში გატარებული 20 წლის შემდეგ რაღაც უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე უბრალოდ დრამზე რიტმული დაკვრაა. ეს არის იმის გააზრება, თუ რა სჭირდება და აკლია სიმღერას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. აქ გარკვეული ელფერი და განწყობა უნდა იგრძნობოდეს, სადაც შენი კვალი უნდა დატოვო. სადაც ბოლოს იტყვი: ეს იმიტომ არის უკეთესი, რომ სწორედ მე დავუკარი…  აი ეს არის ის, რისკენაც მუდმივად ვისწრაფვი.  

ვერის  მამაც ასევე დრამერი იყო. მუსიკოსმა თინეიჯერობის ასაკში,  მას შემდეგ დაიწყო დაკვრა, რაც მეზობელმა მამამისის ერთ-ერთი გამოუყენებელი დრამი შეამჩნია და ჰკითხა, თუ რატომ არ უკრავდა მასზე. 

„მამაჩემმა გაიგონა, როგორ ვაბრახუნებდი დრამზე, ჩამოვიდა და ინსტრუმენტის გამართვაში დამეხმარა.  სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. მე არ ვყოფილვარ ის პატარა ბიჭი,  ვინც სწავლა ექვსი წლის ასაკიდანვე დაიწყო, გარკვეული დრო დამჭირდა, საკუთარი სტილი რომ მეპოვა. თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რისი კეთებაც სულ მინდოდა.” – ამბობდა ტიმოთი ვერი.

ვერის თქმით, მისი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებაში უდიდესი გავლენა დეივ გროლმა მოახდინა.  განსაკუთრებით 1990-იან წლებში, როდესაც Nirvana წარმატების ზენიტში იყო და თავადაც სწორედ მაშინ დაიწყო ინსტრუმენტზე დაკვრა.

„მაშინვე ჩავერთე და Nirvana-ს სიმღერების სწავლა დავიწყე. ვფიქრობ, დრამერისთვის ეს შესანიშნავი დასაწყისია, რადგან გროლი ქმნიდა ადვილად ასათვისებელ პარტიებს, მაგრამ ისინი სიმღერისთვის იდეალური იყო. ეს არის საუკეთესო შესავალი, იმისთვის, რაც მინდოდა მეკეთებინა. ვემსახურო მუსიკას და გავაძლიერო ის. გროლი ამით სიამოვნებას იღებდა და პარალელურად სიმღერისთვისაც საუკეთესო ვარიანტებს ქმნიდა.”

2025 წლის ივლისში Manchester Orchestra-ს Patreon-ზე გამოქვეყნებული პოდკასტის ფრაგმენტში ვერი მუსიკაში საკუთარ გზაზე საუბრობდა:

„ახალგაზრდობაში, როცა გეუბნებიან ფრაზას: “გჯეროდეს შენი ოცნებების!” ბანალურად ჟღერს, მაგრამ მასში რაღაც სიმართლის მარცვალი  ნამდვილად არის. თუ მართლა გჯერა საკუთარი თავის, მზად ხარ, მტკიცედ ჩაეჭიდო შენს ოცნებას და თქვა – “მე აქ უნდა დავრჩე”, რაც არ უნდა მოხდეს, რასაც არ უნდა აკეთებდე, შეძლებ, სასურველ მიზანს მიაღწიო. უბრალოდ, შესაძლოა ეს ზუსტად ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ წარმოიდგენთ.”  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ში დენის როლინსის მუსიკალური საღამო გაიმართა

შემდეგი სტატია

ლონდონის მოდის კვირეულზე Keburia კოლექციას Quemmekh-ის მუსიკის ფონზე წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი