იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
AI
MAHO KOUROGI

2026 წელს AI წინ მორიგ ახალ ნაბიჯს დგამს. გასულ წელს იაპონელ ავტორ-შემსრულებელს დებიუტიდან 25 წლის იუბილე ჰქონდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ტურნეთი და ახალი ალბომის გამოცემით აღნიშნა. ახლა კი, კარიერის 26-ე წელიწადს, ის ახალი სიმღერით Lucky I Love You იწყებს და ადგება გზას, რომელსაც თავად ფესვებთან დაბრუნებას უწოდებს. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მის ახალ ვიზუალურ მასალაში, რომლებიც ქუჩაში მისი უმცროსი დის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის, 217…NINA-ს მიერაა გადაღებული.

Billboard იაპონიამ AI-სთან ინტერვიუ ჩაწერა. მუსიკოსმა თავის ამჟამინდელ განწყობაზე ისაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის. 

გასულ წელს, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ძალიან დატვირთული რეჟიმი გქონდათ. დღეს რომ უკან იხედებით, როგორი გრძნობაა?

გულწრფელად რომ გითხრათ, იუბილეზე ბევრს არ ვფიქრობ. მე უბრალოდ მაქსიმალურად ვარ ფოკუსირებული ცხოვრების თითოეულ დღეზე, რამდენადაც ეს შემიძლია.

კონცერტები მთელი იაპონიის მასშტაბით გქონდათ. რეალურ ცხოვრებასთან შედარებით, ტურნეში განსხვავებული ადამიანი ხართ? 

ვფიქრობ, კი. ასაკის მატებასთან ერთად რთულია, მუდივად ენერგიის ერთი და იგივე დონე შეინარჩუნო. ტურნეში საჭიროა, რომ სცენაზე საუკეთესო ფორმაში ვიყო, ასე რომ, ყოველი დღე ამისთვის მზადებას ემსახურებოდა. ამასთანავე, ვარ დედა და შვილებზეც უნდა ვიზრუნო. ეს მუდმივად ბალანსის თემაა. ჩემი გუნდი ძალიან ყურადღებით უდგებოდა ამ ყველაფერს. მაგალითად, ტურნეს დროს თავიდან მარიდებდა ისეთ საქმეს, რაც ხალხმრავალ ადგილებში ჩემს ყოფნას მოითხოვდა.

დედობამ შეცვალა თქვენი მუშაობის სტილი? 

ძალიან. და ვფიქრობ, უფრო ძლიერი გამხადა. მაინც ხშირად ვტირი, მაგრამ „საწყალი მეს” შეგრძნება აღარ მაქვს, როგორც ადრე მქონდა. ჩემმა შვილებმა ნამდვილი ძალა მომცეს. 

საქმის მიმართ თქვენი მიდგომა თუ შეიცვალა? 

დიახ. როცა კარიერა დავიწყე, უბრალოდ სიმღერა მიყვარდა და გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ეს იყო, რისი კეთებაც მინდოდა. თუმცა ეს საქმიანობა სხვა ადამიანებისთვის რაღაცების გაზიარებასაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს იმ სიტყვებს, რომლებსაც ვამბობ. ამიტომ ვცდილობ, ყოველდღიურად იმ განზრახვით ვიცხოვრო, რომ მოვიპოვო უფლება, ვგულისხმობდე იმას, რასაც ვამბობ. ამავდროულად, საკუთარ თავთან ძალიან მკაცრი ვარ, რის გამოც მეწყება მენტალური დაღლილობა და არასტაბილურობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისიც იცოდე, თუ როდის მიუშვა საკუთარი თავი. ხანდახან ასეთი პერიოდიც საჭიროა.

თქვენს კონცერტებზე სცენასა და აუდიტორიას შორის ენერგია თითქოს უწყვეტად მოძრაობს. რას ნიშნავს თქვენთვის ცოცხლად შესრულება?

არსებობენ ადამიანები, რომელთაც მხოლდ კონცერტებზე ვნახულობ და არსებობს გაუფილტრავი გრძნობები, რომელთაც მხოლოდ იქ შეიგრძნობ. ზოგჯერ ის, თუ რატომ დავწერე ესა თუ ის სიმღერა, მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როცა მას სცენაზე ცოცხლად ვასრულებ. აუდიტორია კი უბრალოდ შთამბეჭდავია. როცა ტექსტი მავიწყდება, ისინი მაშინვე მახსენებენ. ასეთი მომენტები ჩემზე ძალიან მოქმედებს.

სიმღერის ტექსტებში პოზიტივს გაცნობიერებულად დებთ? მაგალითად, დარწმუნებული რომ იყოთ, რომ სიმღერა სიყვარულის მესიჯით სრულდება?

მინდა, რომ დასასრული ბედნიერი იყოს. მინდა, რომ ადამიანების ცხოვრება ბედნიერი იყოს. მაგრამ ყოველ ჯერზე ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ყველა განსახვავებულია და თითქმის არავინ რჩება ყოველდღიურად ემოციურად ერთსა და იმავე ადგილზე. არ არის მარტივი, შენი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი სიმღერის მესიჯმა მსმენელი ბოლოს რაღაც კარგ ადგილამდე მიიყვანოს.

თქვენი ახალი სიმღერა Lucky I Love You, რომელიც თებერვალში გამოვიდა, ასევე KitKat-ის ბრენდის სიმღერაა. რისი თქმა გინდოდა მისი მეშვეობით?

ჩემთვის ის დადის ყველაზე ფუნდამენტურ იდეამდე: „არსებობს ამაზე დიდი სიყვარული?” მაგრამ არ მინდოდა, ის მეტისმეტად მძიმე ყოფილიყო, ამიტომ დასაწყისში მეც განზრახ ცოტა მოშვებული ვარ, რომ სიმღერა მსმენელისთვის ბუნებრივად აღსაქმელი იყოს. 

ახალი ვიზუალების ავტორი თქვენი უმცროსი დაა – 217…NINA.

ჩვენ გვესმის ერთმანეთის, თუ რა გვინდა, რადგანაც დები ვართ. ამავდროულად, ორივე დედა ვართ, ამიტომ დილის ოთხ საათზე ავდექით, ყველაფერი სასწრაფოდ მოვაწესრიგეთ და მთლიანი გადაღება იმ დღესვე დავასრულეთ. სახალისო იყო.

გასულ წელს Summer Sonic-ზე სცენა ალიშა კისთან გაიზიარეთ. რას გაიხსენებთ ამ გამოცდილებიდან?

ალიშა უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია. მისი პატივისცემა იაპონიის მიმართ, მისი სიყვარული ადამიანების მიმართ – ეს ყველაფერი პირდაპირ ჩანს. ასეთ წმინდა არტისტთან შეხვედრა ჩემთვის გულწრფელი ბედნიერება იყო.

მისი ვოკალური ტექნიკიდან რაიმე თუ აიღეთ?

ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. უბრალოდ ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, ეს ალიშაა”. ჩვენ მეილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მაგრამ როცა უკვე პირადად შევხვდით, ერთადერთი, რისი თქმაც შემეძლო, იყო: „გასაოცარია”. სცენაზე გამოსვლამდე მან უცებ კლავიშზე რაღაც დაუკრა და მკითხა: „ამაზე რას ფიქრობ?” ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მისი ადამიანური სილამაზით იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ერთადერთი, რისი თქმაც შევძელი, იყო: „კარგია”.

ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი კონცერტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

ჩაკა ხანი, სავარაუდოდ. როცა მან Everybody-ს სიმღერა დაიწყო, პირველი ნოტის აღებისთანავე ცრემლები თავისით წამომივიდა. ფაქტი, რომ ხმას შეუძლია ასეთი რამ დაგმართოს, გასაოცარია. დაუჯერებელი იყო.

შესრულების კუთხით კი – მერაია კერი. როცა ის ვნახე, მითხრა, რომ ყელი კარგ ფორმაში არ ჰქონდა და ვიღაცას სცენაზე ლიმონის ჩაი და თაფლი მოატანინა. მთელი აუდიტორია სუნთქვაშეკრული ელოდებოდა. მაგრამ შემდეგ მან სიმღერა დაიწყო და ის მაინც ბრწინვალე იყო. ეს არის პროფესიონალიზმი.

თქვენი წინა ალბომი  Respect All სრულდება ბილ ვიზერსის Lean On Me-ს ქავერით – სიმღერით, რომელიც ასევე შეასრულეთ ჰიროშიმას დიდი შვიდეულის სამიტზე 2023 წლის მაისში. ალბომის ამ სიმღერით დასრულება ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

სიმღერების თანმიმდევრობა ის საკითხია, რომელსაც ყოველთვის ჩემს გუნდთან ერთად ვწყვეტ. Lean On Me არის სიმღერა, რომელიც დიდი ხანია, მიყვარდა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პატარა ვიყავი, როცა ვნახე 1989 წლის ფილმი, საიდანაც ის მომდინარეობს. მორგან ფრიმენი ასრულებს მასწავლებლის როლს, რომელიც უკვე დანაწევრებულ სკოლას აერთიანებს. იმან, თუ როგორ ჟღერს სიმღერა მთელი ამ ამბის განმავლობაში, ძალიან იმოქმედა ჩემზე და ძალიან შემიყვარდა. 

შემდეგ კი, როცა მთხოვეს, ამერჩია სიმღერა, რომელსაც ჰიროშიმას სამიტზე შევასრულებდი, მკითხეს, თუ რისი შესრულება მინდოდა თავად. იმის გამო, რომ ეს იყო მსოფლიო ლიდერების შეხვედრის ადგილი, ვიფიქრე, რომ ალბათ ეს უნდა ყოფილიყო სიმღერა, რომელიც ყველას ეცოდინებოდა. ერთ-ერთი კანდიდატი იყო We Are the World, მაგრამ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა მარტოს არ შეგიძლია, წნეხი კი ძალიან დიდი იყო: „ვინ ვარ მე, რომ ვთქვა, რომ შემიძლია მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო?”

და ამ დროს Lean On Me ზუსტად მოერგო კონტექსტს. „ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენ ყველას გვაქვს ტკივილი, ყველას გვაქვს სევდა… დამეყრდენი, როცა არ ხარ ძლიერი და მე ვიქნები შენი მეგობარი. მე დაგეხმარები, გზა განაგრძო.” ის არ არის ძალიან მძიმე, მაგრამ აღწევს ადამიანების გულებამდე. ეს ისეთი სიმღერაა, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩემს ატირებას, თუ მას რთულ დღეს ვუსმენ.

კარიერის 26-ე წელიწადის მოსვლასთან ერთად თუ გაქვთ წარმოდგენა, რა იქნება შემდეგ?

ბევრი განსხვავებული რამ ვცადე ჩემს გუნდთან ერთად და ახლა უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ, თუ რა ვიცი. ამიტომაცაა, რომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ტრენდებზე აყოლის შეწყვეტა და იმის გადმოცემაზე ფოკუსირება უნდა იყოს, რაზეც პირადად მე ვფიქრობ, რომ კარგია. ეს არ არის ასაკის ან დროის საკითხი. რაღაც, რაც კარგად ისმინება, ყოველთვის კარგად ისმინება და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის მოუსმენ მას. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც მინდა, რომ ვიყო. მინდა, რომ ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყო.

გაქვთ რაიმე კონკრეტული სურათი გონებაში, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი მომავალში?

არა. არ მინდა, რომ ვინმეს ვგავდე. გულწრფელად რომ ვთქვა, დაახლოებით 10 წლის წინ იყო მომენტი, როცა მიფიქრია: „იქნებ საკმარისია. თითქოს უკვე გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და რა უნდა იყოს შემდეგი?” მაგრამ მიზეზი, რის გამოც სვლა განვაგრძე და რის გამოც შარშან ტურნე გავაკეთე, ისაა, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო. თუ ოდესმე მივალ იმ მომენტამდე, როცა ძალიან გართულდება და ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია, ალბათ გაჩერდები.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი იმის გარეშე, რასაც ახლა აკეთებთ? 

ამაზე მიფიქრია. ალბათ შოკი იქნება, თუ ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდება. ამიტომ ჩემს თავს ვეკითხები: „თუ ეს ყველაფერი დასრულდება, სხვა რისი გაკეთება შემიძლია?” – რათა ეს მტკივნეული მომენტი ცოტა შევამსუბუქო. ამ საქმეს ჯერ კიდევ 20 წლის ასაკიდან ვაკეთებ და მარტივია, იფიქრო, რომ სულ ეს არის, რაც შემიძლია. მაგრამ იქნებ სხვა რაღაცების სწავლაც მჭირდება? საბოლოოდ ალბათ ეს დღეც დადგება და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს კარგიც კია.

მეორე მხრივ, მაგალითად გვყავს ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჩაკა ხანი და დაიანა როსი, რომლებიც 80 წლის ასაკშიც მღერიან.

ყოველთვის მინდა, ადამიანებს ის ვაჩვენო, რაც მათ აღაფრთოვანებთ. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს და თუნდაც მივაღწიო იმ წერტილს, როცა ვიგრძნობ, რომ ჩემმა ხმამ და კონცერტებმა უკვე მაქსიმუმს მიაღწიეს, მაინც ბედნიერი ვიქნები ამ საქმის გაგრძელებით.

AI
MAHO KOUROGI
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Natia Todua & Band Live at 1984

ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

კიანუ რივზის Dogstar ახალი ალბომით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

ჯერჯერობით უსათაურო ნამუშევარი მაყურებელს 50 Cent-ის ადრეული წლებიდან დიდ შემოქმედებით კარიერამდე და წარმატენულ ბიზნესმენობამდე განვლილ გზას აჩვენებს.
მეტი