დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში

2 ივლისს ოპერის სცენაზე ვერდის „ტრავიატა” შესრულდა.
რევაზ ჯავახიშვილი
ფოტო: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

1-ელ და 2 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში ვერდის „ტრავიატა” შესრულდა. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ხოლო ქორეოგრაფი ნინო ანანიაშვილი იყო. სპექტაკლი ოთხ აქტად გაიმართა. თითოეულ დღეს მაყურებლის წინაშე სხვადასხვა დასი წარდგა. 

2 ივლისის წარმოდგენა განსაკუთრებული იყო დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილისთვის, რომლისთვისაც ეს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დებიუტი იყო. შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე დირიჟორს Billboard საქართველო ესაუბრა.

რევაზ ჯავახიშვილი:

„თბილისი ოპერის თეატრის დასთან მანამდეც მითანამშრომლია. ჩვენ ერთად ორ სპექტაკლზე ვიმუშავეთ: პუჩინის „მადამ ბატერფლაი” და ლეონკავალოს „ჯამბაზები”. თუმცა იმ პერიოდში ოპერის შენობაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ამიტომ ეს ყველაფერი სხვა სივრცეში ხდებოდა. 2 ივლისის სპექტაკლი კი ჩემთვის ოპერის თეატრის სცენაზე დებიუტი იყო. პირველად ვიყავი მის საორკესტრო ორმოში, რაც ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო. მადლიერი ვარ ყველასი სცენაზე და სცენის მიღმა. პირველ რიგში, ბატონი ბადრი მაისურაძისა და ზაზა აზმაიფარაშვილის, რომელთა უშუალო მოწვევითაც ვიმყოფებოდი იქ. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობა იყო და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა წარმოდგენას მაყურებლის მხრიდან, ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს, ირინე ლომინაძეს.”

ამჟამად რევაზ ჯავახიშვილი ქუთაისის ოპერის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის პოსტს იკავებს. მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ თეატრს უკავშირდება. 

„ჩვენი თეატრიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია. დასი კი დროებით მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს, სადაც წარმოდგენებს საკონცერტო შესრულებით ვმართავთ. წლევანდელი სეზონის დახურვა 24 ივლისს, ტრადიციულად, „დაისით” შედგება. მომავალი სეზონიდან კი, ვიმედოვნებთ, რომ სახლში დავბრუნდებით და შემდეგ უკვე ძალიან ინტენსიური და საინტერესო ცხოვრება გველის. 

ზოგადად, ყველაზე მთავარი ნიშა, რაც ჩვენს თეატრს უჭირავს, ისაა, რომ ის წარმოადგენს ეროვნულ თეატრს, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი ქართული საოპერო შედევრები, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, თბილისის ოპერის თეატრში აღარ დადგმულა. ჩვენ თითქმის ყველა ღირებული და მაყურებლის საყვარელი ნაწარმოები გვაქვს რეპერტუარში და ამ კურსს აუცილებლად განვაგრძობთ.

საინტერესო სიახლეა ისიც, რომ ოქტომბერში მემორანდუმის გაფორმებას ვგეგმავთ ერთ-ერთ ევროპულ თეატრთან, რითაც გვინდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეთ და ჩვენი თეატრი სხვა საფეხურზე გადავიყვანოთ. ველით, რომ სხვანაირი ყურადრება წამოვა ქუთაისის საოპერო თეატრის მიმართ. 

ზოგადად, ვფიქრობ, უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო თეატრებისა და თეატრალური ცხოვრების მიმართ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მუსიკალურ თეატრებს – ის მოიცავს შემოქმედებითი პროფესიების ძალიან ფართო სპექტრს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მომაკვდავ მდგომარეობაშია და გადარჩენა სჭირდება. არის პროფესიები, სადაც თითო-ოროლა ადამიანიღაა დარჩენილი და ისინი რომ აღარ იქნებიან, ცოდნას ვეღარავის გადასცემენ. ამ ყველაფერს სერიოზული მიხედვა უნდა. ამიტომ, გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვთხოვ ყველას, გამოიჩინონ კეთილი ნება და გახდეს პრიორიტეტული, რომ თეატრალურმა ცხოვრებამ სწორად და გამართულად იფუნქციონიროს, როგორც ტექნიკურად, ასევე შემოქმედებითად. ამისთვის კი ერთად უნდა დავდგეთ და მოვიფიქროთ გამოსავალი, რომელიც არა ახლა, არამედ 10 და 20 წლის შემდეგ მოგვცემს ძალიან კარგ ნაყოფს. მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაიწყოს რაც შეიძლება მალე.”

ამჟამად რევაზ ჯავახიშვილი თბილისში მომდევნო ღონისძიებისთვის ემზადება. 6 ივლისს ის კახა ცაბაძის შემოქმედებით საღამოზე იდირიჟორებს, რომელიც რუსთაველის თეატრში შედგება. 

რევაზ ჯავახიშვილი
ფოტო: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

Mango – კორძი, ლიკუნა თუთისანი, Mechanical Rainbow, ნიკალა და ლუკა ქიტიაშვილი ერთობლივ ნამუშევარს აზიარებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი