ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთი მხოლოდ 90-წუთიანი თამაში არ არის. ის იმ ემოციების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იბადება და ბოლო სასტვენის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს.
ფეხბურთი ის მომენტებია, რომლებიც მუდმივად ცოცხლობს და ყოველ გახსნებაზე ისევე მძაფრად გაგრძნობინებს ემოციებს, როგორც რეალურ დროში. გოლი, რომელიც წლების შემდეგაც აღტაცებას იწვევს; გამარჯვება, რომელიც ქალაქის ისტორიად იქცევა; მარცხი, რომელიც არ გვავიწყდება… ამ მომენტების განუყოფელი ნაწილი კი მუსიკაა – სიმღერები, რომლებიც ფეხბურთით განცდილ ემოციებს ახმოვანებს და თაობიდან თაობას გადასცემს.
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და არაერთი ემოციური მომენტით დაგვამახსოვრებს თავს, მათ შორის იმ ემოციებით, რომლებიც სწორედ მუსიკამ შექმნა. დიდხანს გვემახსოვრება ინგლისის ფანების მიერ შესრულებული Wonderwall და ხმაწართმეული ჰარი კეინი, როცა მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ „ოაზისის” სიმღერას ნაკრებთან და ათასობით გულშემატკივართან ერთად მღეროდა; შოტლანდიის ნაკრების ფანების კოლექტიური Yes Sir, I Can Boogie და თვალცრემლიანი ჯუდ ბელინგემი, როცა ტრიბუნები მას The Beatles-ის Hey Jude-ს უმღეროდნენ.
ეს ის მომენტებია, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს და რომლებიც წლების შემდეგაც ყველაზე ცოცხალ მოგონებებად იქცევა.
გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის მუსიკალური ნაწილის განვითარებაც თავად ამ სპორტის სამშობლოს, ინგლისს მიეწერება. სწორედ იქ იღებს სათავეს ცნობილი სიმღერების საფეხბურთო ტრიბუნებზე შესრულების ტრადიცია. ყველაფერი 1960-იან წლებში დაიწყო, როცა სტადიონებზე მატჩის დაწყებამდე ბრიტანული ჩარტების ჰიტებს უკრავდნენ. სიმღერების დასრულებისას კი ფანები მათ შესრულებას უკვე აკაპელაში განაგრძობდნენ. სწორედ ასე შეიყვარეს Gerry and the Pacemakers-ის სიმღერა You’ll Never Walk Alone „ლივერპულის” ქომაგებმა და მალე ის კლუბის ჰიმნად აქციეს. დღეს „ლივერპული” ამ სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია. ყოველი მატჩის წინ ენფილდზე ათი ათასობით ადამიანი მას ერთხმად უმღერის თავის საყვარელ გუნდს და ყოველ ჯერზე ეს ერთნაირად ამაღელვებელი მომენტია.
ტრადიცია მალევე აიტაცეს ინგლისის სხვა ქალაქების კლუბებმაც. დღეს „მანჩესტერ სიტი” რიჩარდ როჯერსისა და ლორენც ჰარტის Blue Moon-თან ასოცირდება, ხოლო „ვესტ ჰემ იუნაიტედის” ქომაგებმა საკუთარ სიმღერად I’m Forever Blowing Bubbles აქციეს.
1990-იანი წლებიდან ეს კულტურა ევროპის სხვა ქვეყნებმაც გაიზიარეს. იტალიელმა ქომაგებმა მსოფლიო ფეხბურთს White Stripes-ის Seven Nation Army აჩუქეს, ესპანეთმა რაფაელის 1967 წლის სიმღერა Mi Gran Noche გამარჯვების საუნდტრეკად აქცია, გოლის გატანას კი ახლა უკვე როსალიას Despechá-თი აღნიშნავენ. საკუთარი სიმღერის ფონზე ესპანეთის გოლს წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე თავად როსალიაც აღნიშნავდა. ეროვნულ სიმბოლოდ აქცია შოტლანდიამ Baccara-ს 1977 წლის ჰიტი Yes Sir, I Can Boogie. სიმღერამ ტრიბუნებიდან გასახდელშიც გადაინაცვლა და ფეხბურთელები გამარჯვებას სწორედ მის ფონზე ზეიმობენ.
საინტერესოა, რომ ყველაზე ცნობილი საფეხბურთო სიმღერების უმეტესობა თავდაპირველად ფეხბურთისთვის სულაც არ შექმნილა. ისინი სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნამუშევრებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც სტადიონების ტრიბუნებზე მეორე და ზოგ შემთხვევაში უფრო წარმატებული სიცოცხლეც შეიძინეს. ფანებმა მათ სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინეს და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად აქციეს.
ტრადიცია შედარებით ახალია საქართველოში, თუმცა ეროვნული ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე აუცილებლად გაგახსენდებათ სიმღერა, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატების ჰიმნად იქცა – „გაიღიმე”. სიმღერის ავტორები გია მაჭარაშვილი და ირმა სოხაძე არიან და ის მერაბ სეფაშვილის შესრულებით 2001 წელს გამოვიდა.
სიმღერა ტრიბუნებს ვირუსულად მოედო და გულშემატკივრები ერთხმად უმღეროდნენ ფეხბურთელებს მისამღერს, რომლის ტექსტიც ზუსტად აღნიშნავდა მათი დიდი ხნის ოცნების ასრულებას: „ზღაპრის ბოლო კეთილია” – ფრაზა, რომელიც შემდგომ ამ წარმატების ერთგვარ სლოგანად იქცა, თავად სიმღერა კი ეროვნული ნაკრების იტორიული შედეგისა და დაუვიწყარი ემოციების საუნდტრეკი გახდა. თუმცა „გაიღიმეს” საფეხბურთო ისტორია ბევრად ადრე იწყება.
„ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ ყურადღება მიიქცია, თორემ ბევრი წელია, ამ სიმღერას ვმღერით, ალბათ 2018 წლიდან,” – ამბობს ანი კიკნაძე, „ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენელი – გულშემატკივართა ორგანიზებული გაერთიანების, რომელიც 2010 წლიდან ნაკრების გვერდით დგას და ქართული ფანკულტურის განვითარებაზე ზრუნავს. „ლატვიაში ვიყავით გასვლით თამაშზე, ბევრი ქართველი შეგროვდა და ყველამ არ იცოდა ჩვენი შეძახილები. ამიტომ უცებ გადავილაპარაკეთ, რომელი ქართული სიმღერა შეიძლება სცოდნოდა ყველას, რაზეც მარტივად აგვყვებოდნენ და, აი, სპონტანურად მოვიდა ეს მელოდია. ძალიან მოუხდა მისამღერი მაშინდელ საფეხბურთო სიტუაციას და უცებ ყველა აგვყვა, ვინც იქ იყო. ამის მერეც ვმღეროდით ხოლმე თამაშებზე, თუმცა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ასე ვთქვათ, გავარდა.”
თუ „გაიღიმე” უფრო საზეიმო, გამარჯვების აღსანიშნი მელოდიაა, ფეხბურთელთა სამოტივაციოდ ქომაგებს სხვა მუსიკალური თემა აქვთ – „ბაში-აჩუკის” სიმღერა. გულშემატკივარმა ამ ტრადიციის შესახებ უკვე კარგად იცის და სიმღერას მთელი სტადიონი ჰყვება. ამ შემთხვევაში მიზანი სხვაა – სპორტსმენების საბრძოლო განწყობაზე მოყვანა.
სიმღერის არჩევისას მთავარი კრიტერიუმები შემდეგია: ის სტადიონზე მისული გულშემატკივრის დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს, მარტივად შეძლოს აყოლა და ემოცია გამოიწვიოს. ქომაგებს თავიანთი ლოგიკა აქვთ, როდის რა უნდა შეასრულონ და, როგორც ამბობენ, სწორ დროს სწორი სიმღერითა თუ შეძახილით თამაშის შემოტრიალებაც კი მოუხერხებიათ.
„ის, რომ გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა, მითი არ არის. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ მოგვინდომებია იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია და გვიგრძნია, რომ ეს იგრძნეს ბიჭებმაც და მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს. თავად ფეხბურთელებისგანაც არაერთხელ მოგვისმენია, რომ ეს ყველაფერი მათზე ძალიან მოქმედებს. სხვათა შორის, ზოგს ჰგონია, რომ მოტივაცია მხოლოდ სპორტსმენბს სჭირდებათ – არა, მაყურებელსაც სჭირდება მოტივაცია. მაყურებელიც ნელ-ნელა იზრდება და ეს ყველაფერი ერთიანი ჯაჭვია. ცხადია, ეს მხოლოდ სიმღერის დამსახურება არ არის, მაგრამ მისი წვლილი დიდია. ეს საერთო ექოა, რომელიც აერთიანებს ყველას. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის – ასეა.”
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს სრულდება და მსოფლიო 4 წლით ემშვიდობება მთავარ საფეხბურთო მოვლენას. თუმცა სექტემბრიდან კვლავ ახალი ციკლი იწყება – ერთა ლიგა და მზადება შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის. ათობით ათასი გულშემატკივარი კი კვლავ ერთ ხმაში ამღერდება და ფეხბურთელებთან ერთად კვლავ შექმნიან მომენტებს, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა.