„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
Imany
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

სექტემბრის დასაწყისში, Flitz Collective-ის ორგანიზებით,  თბილისს Imany ეწვია. Imany ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებაც სოულის, ფოლკისა და პოპის შერწყმით გამოირჩევა. არტისტმა თავისი ბოლო ალბომი – Women Deserve Rage – 2025 წელს გამოსცა.

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

„მახსოვს, ბოლოს, როცა აქ ჩამოვედი, გავოცდი – ხალხი იმდენად ახალგაზრდა იყო და თან ჩემს სიმღერებს მღეროდნენ. მართალია, Voodoo Cello-ში ქავერებია შესული, ასე რომ, სიმღერები იცოდნენ, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ყველა ასეთი ახალგაზრდა რომ იყო. ყოველთვის ვცდილობ, კონცერტის წინ კონკრეტული მოლოდინები არ შევიქმნა, უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ აუდიტორია ყოველ ჯერზე ემოციურად და გულთბილად მიმიღებს,” – გაიხსენა Imany-მ წლების წინ საქართველოში თავისი ვიზიტი, როცა თბილისს ალბომ Voodoo Cello-ს მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია.

Billboard Georgia-სთან ინტერვიუში Imany-მ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის წესებზე, თავის შთაგონებასა და ბოლო ალბომის მთავარ იდეაზე ისაუბრა. 

Billboard: დღეს ჩვენ სოციალური მედიისა და სტრიმინგ პლატფორმების ეპოქაში ვცხოვრობთ. თქვენი აზრით, შეიცვალა თუ არა მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა, თანამედროვე ინდუსტრიის წესების, ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გავლენით?

Imany: ვფიქრობ, დიახ. მგონია, რომ შეიცვალა და თან ბევრი სხვადასხვა მიზეზით. როცა მე ჩემი შემოქმედებითი კარიერა დავიწყე, ყველგან ვუკრავდი: ბარებში, ქუჩაში… ძალიან ორგანული პროცესი იყო. რთული იყო, მაგრამ, გარკვეულწილად, ადგილობრივ არტისტებთან გიწევდა კონკურენცია. შემდეგ ლეიბლთან აფორმებდი კონტრაქტს, ცდილობდი ალბომის ჩაწერას. დღეს კი ახალბედა არტისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უწევთ კონკურენციაში ყოფნა. როგორც კი მუსიკას პლატფორმაზე ტვირთავ, მისი აუდიტორია მთელი მსოფლიოა. ეს მშვენიერია, მაგრამ, ამავდროულად, რთულია ვინმემ შეგამჩნიოს, რადგან ყველა ამას აკეთებს. კვირაში 100 000 ახალი სიმღერა გამოდის. კვირაში! წარმოგიდგენიათ? ხანდახან საყვარელი შემსრულებლის ალბომის გამოშვებაც კი გამოგრჩება, რადგან ინფორმაციის ნაკადი ძალიან დიდია.

Imany
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

შეიცვალა მუსიკის წარმოების წესებიც. ალგორითმი კარგად მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ხშირად და დიდი რაოდენობით უშვებ. ჩემი კარიერის დასაწყისში ალბომებს შორის არტისტებს დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ეცხოვრათ. გვეძლეოდა დრო, მიგვეღო ცხოვრებისეული გამოცდილება და მერე ამაზე დაგვეწერა და გვემღერა. დღეს ეს შეუძლებელია. ახლა ყოველთვიურად უნდა გამოუშვა რაღაც. ჰოდა, საბოლოოდ რა არის ამ ყველაფრის მთავარი არსი? გამოხატო შენი თავი – ვინ ხარ შენ, როგორც არტისტი, თუ ის, რომ უბრალოდ აქტუალურობა არ დაკარგო? ამიტომაც დიახ – ნამდვილად შეიცვალა მუსიკის შექმნის წესი და შეიცვალა ისიც, თუ როგორ მოვიხმარ fieldType მუსიკას. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია.

Billboard: წლების წინ, როცა თქვენს შემოქმედებით კარიერას იწყებდით, ვინ ან რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა, თუ გახსოვთ? რა იყო ყველაზე დიდი ინსპირაცია?

Imany: ბევრი რამ შთამაგონებდა. მუსიკალურად ჩემი შთაგონების წყარო ისეთი შემსრულებლები იყვნენ, როგორებიც არიან ტრეისი ჩეპმენი, ნინა სიმონე, ბონი ტაილერიც კი… ბავშვობაში ბონი ტაილერს ჩემნაირი ხმა ჰქონდა და რომ ვუსმენდი, გაოცებული ვფიქრობდი: როგორც ჩანს, შესაძლებელია მომღერალი იყო და თან ასეთი ხმა გქონდეს-მეთქი. ბავშვობაში მეგონა, რომ მუსიკასთან შეუთავსებელი ხმა მქონდა.

რაც შეეხება ცხოვრებაში ჩემს უდიდეს შთაგონებას, ეს დედაჩემია. ის ყველაფერს ყოველთვის ღირსებით აკეთებდა. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა – ობოლი იყო, ბევრი შვილი გაზარდა. ის საოცრად ჭკვიანია: ექვს ენაზე ლაპარაკობს, არადა საშუალო სკოლაშიც კი არ უვლია. აი, ასეთი ადამიანია. უამრავი სირთულე გადაიტანა, მაგრამ ამას ვერასდროს მიხვდებით, რადგან ყოველთვის იცინის, სხვებსაც აცინებს და ზრუნავს, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩემთვის ის ღირსების განსახიერებაა და დღემდე ჩემი შთაგონებაა.

Billboard: დღეს როგორ ფიქრობთ, რა არის ნამდვილი წარმატება მუსიკალურ ინდუსტრიაში?

Imany: პირადად მე ვფიქრობ, წარმატებული მუსიკოსი უკვე ხარ, თუ ახერხებ საკუთარი მუსიკის შექმნას და ამით საარსებო წყაროს პოულობ. იცით, თუ შეგიძლია გადასახადები მუსიკით გადაიხადო, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია. თუ გამდიდრდები – მშვენიერია. მაგრამ თუ გამოიმუშავებ იმდენს, რომ იცხოვრო და გააგრძელო მუსიკის შექმნა, ეს უკვე წარმატებაა.

Imany
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Billboard: თქვენი ახალი ალბომი Women Deserve Rage ქალების თვითგამოხატვას ეძღვნება, ის ერთგვარად ფემინისტური ნამუშევარია. თქვენს შემოქმედებასა და არტისტულ პერსონასაც ყოველთვის გასდევს ეს ხაზი. მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალი არტისტებისთვის რამდენად რთულია თავის დამკვიდრება?

Imany: ვფიქრობ, რომ უფრო რთულია, ხმა მიაწვდინო ხალხს და სერიოზულად აღგიქვან. უყურებ მონაცემებს და ხედავ, რომ ყველაზე გაყიდვადი არტისტების ათეულში არიან ბიონსე, ტეილორ სვიფტი და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც, როგორც მუსიკოსს, კვლავ გიწევს იმის დამტკიცება, რომ ინსტრუმენტზე დაკვრა იცი, რომ სიმღერების არანჟირება და დაწერა შეგიძლია. მაინც გიწევს იბრძოლო იმისთვის, რომ სერიოზულად აღგიქვან. ვფიქრობ, კაცებისთვის მოთხოვნების იგივე სტანდარტი არ არსებობს. კაცებისგან იმავეს არ ვითხოვთ, რასაც ქალებისგან და ეს ყველგან ასეა – მუსიკა გამონაკლისი არ არის. თუმცა დამწყებ ეტაპზე ქალებისთვის ამ ინდუსტრიაში ბევრი რამ გაცილებით რთულადაა, ვიდრე კაცებისთვის. უმეტესწილად, ბიზნესი შეეცდება შენით ისარგებლოს, უფრო მეტად შეეცდებიან შენს გამოყენებას. მაგრამ სამყარო ასეთია, ასე მუშაობს.

Billboard: დღევანდელ სამყაროში, სადაც ასეთი დაძაბულობაა, თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს მუსიკა ადამიანებისთვის და ზოგადად სამყაროსთვის?

Imany: მე პირადად ვფიქრობ, რომ მუსიკა ღრმად პოლიტიკურია. ვერ ვიტან, როცა ამბობენ: ეს მუსიკაა, პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთოო. ეს ტყუილია, რადგან მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული  ფორმაა მსოფლიოში. იმისთვის, რომ მუსიკამ შეგძრას, სიმღერის ტექსტის ცოდნაც კი არ არის საჭირო. ასე რომ, მუსიკას აქვს თავისი როლი, რადგან ის თითოეული ადამიანის გულში იდებს ბინას. შესაბამისად, ჩვენ, არტისტებს, პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ იმაზე, რომ იგრძნოთ სიხარული, ემოციები… მაგრამ, როგორც ნინა სიმონმა თქვა, არტისტის მოვალეობაა, აჩვენოს სამყარო ისეთი, როგორიც არის. ჩვენ ვართ ეპოქის ერთგვარი ფოტოგრაფები – ავირეკლავთ და ვაფიქსირებთ იმ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ასე რომ, დიახ, ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, გაგაჩნდეს საკუთარი პოზიცია.

Imay
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Billboard: და ჩემი ბოლო შეკითხვა: რა არის ამ მომენტში თქვენი მთავარი სათქმელი მსმენელისთვის?

Imany: ალბომს, რომელიც ბოლოს გამოვეცი, ჰქვია Women Deserve Rage. აი, ეს მინდა ვუთხრა მათ: ქალები იმსახურებენ რისხვის გამოხატვას. ჩვენ ვიმსახურებთ ბრაზის შეგრძნებას და მის გამოხატვას, რადგან ეს ჯანსაღია. ჩვენ, ქალებს, ამის უფლებას გვართმევენ, რაც ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის ცუდია. ბრაზი საოცარი მამოძრავებელი ძალაა ამ სამყაროში. თუ ახლა არ ბრაზობ, ესე იგი გძინავს. ქალებს არ გვქონდა უფლება, ვყოფილიყავით გაბრაზებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტერიკულებს გვიწოდებენ. ჩვენ, ადამიანებს კი გვინდა, ყველას ვუყვარდეთ. მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა: შეუძლებელია ყველას უყვარდე. არც ჩვენ გვიყვარს ყველა. არიან ადამიანები, რომლებიც არ გიყვარს, ხომ ასეა? ჰოდა, არც უნდა ელოდო, რომ ყველას ეყვარები – ეს უსარგებლოა და გვანგრევს. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეს, რომ გარშემომყოფების სიყვარულს დაკარგავ და ბრაზიც თამამად უნდა გამოხატო. როცა საკუთარ ბრაზს ყურადღებას არ აქცევ, ის ხომ მაინც შენს ნაწილად რჩება? და რაკი შენი ნაწილია, თუ მას უარყოფ, გამოდის, რომ საკუთარ ნაწილს უარყოფ. ვერ მოსთხოვ ადამიანებს, უყვარდე, როცა თავად არ ხარ მთლიანი. ამიტომ, მინდა ბოლომდე იგრძნოთ ბრაზი, როცა მას განიცდით და მინდა ეს ბრაზი რამე კარგისკენ მიმართოთ. აი, ეს არის ჩემი სათქმელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესის აზრით, ფანებს სურთ ის ისევ ისე გამოიყურებოდეს, როგორც 2016 წელს

შემდეგი სტატია

Rosé-მ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი