როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
Jay-Z-ის შოუ Yankee Stadium-ზე. ნიუ-იორკი, 2026 წლის 12 ივლისი

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Jay-Z მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა. ახლახან ახალგაზრდა თაობას ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა, თუ რას ნიშნავს მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. 10, 11 და 12 ივლისს რეპერმა Yankee Stadium-ზე სამდღიანი კონცერტების სერია გამართა. ამ ტრიუმფალური პროექტის გავლენა თანდათან უფრო მკაფიო და შესამჩნევი ხდება.

კარიერის განმავლობაში Jay-Z-ის უამრავი დაუვიწყარი პერფორმანსი შეუსრულებია: კარნეგი ჰოლში 40-კაციან ორკესტრთან ერთად, Reasonable Doubt-ის 10 წლის იუბილეზე რადიო Radio City-ში, გამოსამშვიდობებელი შოუ Madison Square Garden-ში და 2012 წელს, როცა არტისტმა ბრუკლინში Barclays Center გახსნა. თუმცა  ეს არასრული ჩამონათვალია.

მარტში, როდესაც  Jay-z-იმ Reasonable Doubt-ის 30 წლისა და The Blueprint-ის 25 წლის იუბილეების აღსანიშნავად შოუები დააანონსა, ის მსმენელის დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. როცა Jay-z-იმ 56 წლის ასაკში სამდღიანი შოუების შესახებ განაცხადა, გაჩნდა აზრი, რომ  შესაძლოა, ეს ყოფილიყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მას მსმენელი იანკის სტადიონის სცენაზე იხილავდა და თანაც ასეთი მასშტაბისა და ვარსკვლავური შემადგენლობის შოუთი. როგორც ჩანს, ამან თავისი როლი შეასრულა და შოუს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ფანების ნაკადმა ფინალური ღონისძიების რამდენიმე საათით დაგვიანებაც კი გამოიწვია.

Billboard ესაუბრა Jay-Z-ის სამ უახლოეს კოლეგას: Young Guru-ს, რომელიც მას 90-იანი წლების ბოლოს შეხვდა და უკვე ორ ათწლეულზე მეტია, მისი ინჟინერი და DJ-ია. ასევე ვეტერან ბასისტს – ადამ ბლექსტოუნს  და მუსიკალურ დირექტორს – ომარ ედვარდსს. გამოცემამ მათთან ინტერვიუ ჩაწერა, რათა იანკის სტადიონის შოუების სამუშაო პროცესის შესახებ მეტი გაერკვია. 

I აქტი:

მარტში ედვარდსმა და Jay-Z-იმ იანკის სტადიონის კონცერტებზე ფიქრი დაიწყეს, თუმცა ამ დროს უფრო მაისის ღონისძიებაზე, Roots Picnic-ზე იყვნენ კონცენტრირებული, სადაც ჯეი სცენაზე მთავარი ჰედლაინერის სტატუსით ბრუნდებოდა. ივნისიდან კი მთელი ყურადღება იანკის სტადიონზე გადაიტანეს. Jay-Z-სა და ედვარდსს შორის მიმოწერა სწრაფად აეწყო და მასში ბლექსტოუნი, გურუ და ბიონსეს მუსიკალური დირექტორი ჩაერთვნენ. ედვარდსის თქმით, სანამ შოუების საბოლოო სტრუქტურაზე შეთანხმდებოდნენ, ჯეისთან ერთად 30-40 შესწორება შეიტანეს.

ამ დროის განმავლობაში ბლექსტოუნი 10-კაციან ვარსკვლავურ ბენდს აკომპლექტებდა, 18-კაციან სიმებიან სექციას აყალიბებდა და ჩასაბერ ინსტრუმენტთა არანჟირებაზე ზრუნავდა, მათ რამდენიმე კვირაში სამი სრულიად განსხვავებული შოუს მუსიკალური პროგრამა უნდა ესწავლათ.

„ეს ყველაფერი ჯეის ხედვაა – ჩვენ უბრალოდ იდეებს ვაწვდით. ჯეი ან თანხმდება, ან უარყოფს ამ ინიციატივებს და თავადაც გამოდის იდეებით, მაგრამ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენი საქმე ამის სისრულეში მოყვანაა,” – ამბობს Young Guru. 

ერთ-ერთი იდეა The Roots-ის წევრს, Questlove-ს ეკუთვნოდა. მას სურდა, მეორე საღამოს The Blueprint-ის სამივე ალბომი აღენიშნათ. თუმცა Jay-z-იმ იდეა ოდნავ შეცვალა და ყურადღება მხოლოდ პირველ, ყველასთვის საყვარელ ნაწილზე გაამახვილა, რომელსაც სექტემბერში 25 წელი უსრულდება.

რეპეტიციები 18 ივნისს ნიუ-იორკში დაიწყო. ჯეის და მთელ გუნდს შოუს სრულყოფისთვის სამი კვირა ჰქონდათ. Young Guru ყურადღებას ამახვილებს დამღლელ პროცესზე, რაც სეტლისტში შემავალი თითოეული სიმღერის ტონალობის დადგენას და ისეთ გადასვლებს გულისხმობდა, რომლებიც შოუს შინაარსს ერთმანეთთან ბუნებრივად დააკავშირებდა. ჩასაბერი და სიმებიანი სექციებისთვის ნოტების მომზადებამ კი დაგეგმვისას დამატებითი სირთულეები შექმნა.

„ეს უკიდურესად რთული იყო, რადგან ეს იყო სამი განსხვავებული შოუ ერთმანეთის მიყოლებით და მომდევნო შოუსთვის სარეპეტიციოდ დამატებით კვირა არ გვქონდა,“ – ამბობს გურუ.

ამ დროისთვის ედვარდსი შოუში ჩართულ სხვადასხვა გუნდს კოორდინაციას უწევდა. ამასობაში 10 ივლისიც დადგა. იანკის სტადიონზე იგრძნობოდა მუხტი, რამაც ორი წლის წინ ბრონქსში გამართულ მსოფლიო სერიის თამაშებსაც კი გადააჭარბა. პირველი ალბომის გამოშვებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, Jay-z-იმ იანკის სტადიონზე თავისი სადებიუტო ალბომი აღნიშნა. მან Reasonable Doubt-ს ყველა დროის „ყველაზე რეალური ალბომი” უწოდა, სადაც ის თავისი ოსტატური რეპით ყვებოდა ქუჩის ისტორიებს.

„საღამო ფანებისთვის თითქოს წარსულში მოგზაურობა იყო,“ – იხსენებს ბლექსტოუნი. 

საღამოს პირველი სიურპრიზი მაშინ შედგა, როდესაც ჯეიმ სცენაზე ბიონსე გამოიყვანა, რომელმაც Can’t Knock the Hustle-ში მერი ჯეი ბლაიჯის პარტია შეასრულა. Politics as Usual-ის შემდეგ კი სეტლისტში პაუზა იყო. ეს მონაკვეთი Jay-z-იმ ფრისტაილისთვის გამოიყენა.

დიდ ეკრანზე ჯეიმ ასევე გააცოცხლა The Notorious B.I.G.-სთან ერთად შესრულებული ცნობილი დუეტი – Brooklyn’s Finest, რომელსაც ახალი მუსიკალური გაფორმება და ბიგის სხვა კლასიკური ბიტები დაემატა. ედვარდსის თქმით, თავდაპირველად Hypnotize-ის ბიტს იყენებდნენ, თუმცა Jay-Z-ის გადაწყვეტილებით ის One More Chance-ით ჩაანაცვლეს.

სცენაზე Jay-Z-სთან ერთად Nas-ის გამოჩენას კი 45-ათასიანი აუდიტორიისგან ყველაზე დიდი ხმაური და ოვაცია მოჰყვა. 25 წლის წინ, როცა რეპერები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ფანები ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდნენ. ეს კადრი ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება – მას შემდეგაც კი, რაც ჰიპ-ჰოპის ეს ორი ლეგენდა სცენას საბოლოოდ დატოვებს.

სცენაზე უამრავი სხვა სპეციალური სტუმარიც გამოვიდა, მათ შორის ჯეის ქალიშვილი, ბლუ აივი, რომელმაც Feelin’ It ფორტეპიანოზე დაუკრა, ასევე  ალიშა კისი და Memphis Bleek. თუმცა პირველი საღამოდან გურუს ფავორიტი მომენტი Jaz-O აღმოჩნდა.

„თუ ვინმეს უნდა გადაუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ მე ამ საღამოს ამ სცენაზე ვდგავარ, ეს არის Jaz-O,“ – ასე მიესალმა Jay-Z მას. Jaz-O-მ ჯეის მისცა მაგალითი, რომ რეპით წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. ასევე მისცა შანსი, დაეხვეწა შემოქმედება და გაჰყოლოდა მის კვალს. 2000-იანი წლების დასაწყისში მათ შორის უთანხმოება იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც შერიგდნენ.

„ამან უბრალოდ გული გამითბო,“ – აღიარა გურუმ.  „ძალიან მიყვარს შოუს ეს მონაკვეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯეის დასაწყისიდანვე ადევნებენ თვალს.“

სწორედ მაშინ, როცა ფანებს ეგონათ, რომ შოუ დასრულდა, სცენაზე ალიშა კისი გამოვიდა, რასაც Jay-Z-ის სრულიად დაუგეგმავი, იმპროვიზებული გამოსვლა მოჰყვა. გურუ უცებ გადადიოდა ცნობილი ჰიტებიდან შედარებით იშვიათად შესრულებულ სიმღერებზე – Change the Game-იდან პირდაპირ Do It Again-ზე.

„ეს ნაწილი საერთოდ არ დაგვიგეგმავს. არასდროს იცი, როდის რას იზამს. უბრალოდ, რადგან მასთან ამდენი ხანია ვმუშაობ, ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ზოგჯერ მივსულვარ კიდეც და მიკითხავს: წინასწარ ხომ არ გავწეროთ ეს ნაწილი? ის კი უბრალოდ მპასუხობს – მაოცებ“.

II აქტი:

მეორე საღამოს Reasonable Doubt-ის ენერგეტიკა The Blueprint-ის მზიანმა განწყობამ შეცვალა. 2001 წლისთვის Jay-Z სუპერვარსკვლავად იქცა. მან მე-9 ადგილი დაიკავა Billboard-ის 100 საუკეთესო რეპალბომის სიაში. The Blueprint-ის აღიარებამ და კომერციულმა დომინირებამ ის რეპის მწვერვალზე აიყვანა. იანკის სტადიონის მეორე ღამე სწორედ ამ შედევრის აღსანიშნავი პერფორმანსი იყო.

„მან ამ ალბომით აჩვენა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გამოძვრე იმ მდგომარეობიდან, რაშიც ის Reasonable Doubt-ის პერიოდში იყო. [მეორე საღამოზე] უკვე შეგვეძლო ხალხი აგვეცეკვებინა,”– ამბობს ბლექსტოუნი.

ბლექსტოუნმა, რომელიც ჯეი-ზისთან პირველად 2003 წელს, Fade to Black-ის შოუზე მუშაობდა, აღნიშნა, რომ მეორე ღამეს, ტრიუმფალური სიმღერის U Don’t Know-ს დროს, ჯეიმ ის და ბენდის სხვა წევრები სცენის წინა ხაზზე გამოიყვანა. მისი თქმით, ეს ისტორიული კადრი უკვე გააგზავნა ჩარჩოში ჩასასმელად და მალე თავისი სახლის კედელზე ჩამოკიდებს.

იმ საღამოს მთავარი სიურპრიზი ემინემის იშვიათი გამოჩენა გახდა. ის Jay-Z-ისთან ერთად სცენაზე სიმღერა Renegade-ის შესასრულებლად გამოვიდა. რეპის მოყვარულები წლებია, უსასრულოდ დავობენ, ამ ტრეკში რომელმა აჯობა მეორეს. ათწლეულების შემდეგ ეს კამათი სოციალურ ქსელებშიც გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექსტოუნს ეჭვი ეპარებოდა, საბოლოოდ ემინემი დათანხმდა და მისი სცენაზე გამოჩენა რეალობად იქცა.

The Blueprint-ის სეტლისტში არსად ჩანდა Takeover. ეს არის Jay-Z-ის ლეგენდარული ტრეკი, რომელშიც ის პირდაპირ უტევდა ორ მთავარ მეტოქეს – Nas-ს და ჯგუფ Mobb Deep-ის წევრს, Prodigy-ს. ნასთან შერიგებისა და Prodigy-ს გარდაცვალების შემდეგ ტრეკი გამიზნულად არ შესრულდა.

„ეს Prodigy-სადმი სრული პატივისცემაა,“ – განმარტავს გურუ ამ სიმღერის ამოღების მიზეზს.

The Blueprint-ის სხვა დეტალებმა 56 წლის არტისტი თავის 31 წლის ვერსიასთან პირისპირ დააყენა. მაგალითად Girls, Girls, Girls-ის შესრულებისას მან ასევე ჩართო Destiny’s Child-ის Girl-ის და ბიონსესთან დუეტის – Bonnie & Clyde-ის ელემენტები, რითაც აჩვენა, რომ ერთი ქალის ერთგულია.

აქტი III:

სანამ პროდიუსერი და მუსიკალური დირექტორი ომარ ედვარდსი სასტუმროში დაბრუნდებოდა, მის ტელეფონზე შეტყობინებები არ წყდებოდა – ყველას სურდა, ბოლო შოუს სეტლისტი საბოლოოდ შეეთანხმებინათ. დილით დიალოგში Jay-Z-იც ჩაერთო. 10:00 საათისთვის მთელი გუნდი სტადიონზე შეიკრიბა და საქმეს შეუდგა.

სეტლისტი შუადღისას შეათანხმეს, თუმცა ამ ვარსკვლავურ შოუს კიდევ უამრავი დეტალი აკლდა – გუნდი კარის გახსნამდე რეპეტიციებს გადიოდა, რათა ყველაფერი ზუსტად გაეწერათ. შოუს ტეიანა ტეილორიც შეუერთდა. ჰარლემელმა არტისტმა Can’t Knock the Hustle-ში მერი ჯეი ბლაიჯის პარტია შეასრულა.

წინ დაძაბული საათები იყო: შოუს აწყობისას გუნდმა შეიტყო, რომ რიანას Run This Town-იდან და Bitch Better Have My Money-დან მხოლოდ ერთი სტროფის და მისამღერის შესრულება სურდა.

ბლექსტოუნის თქმით, სცენაზე  ბიონსეს ხელახლა გამოსვლა Drunk in Love-ის გრანდიოზული პერფორმანსისთვის საკმაოდ სწრაფად დაიგეგმა. 

ეს კონცერტი დამატებითი შოუ იყო და შეიძლებოდა, საერთოდ არც ჩატარებულიყო. პირველი ორი ღამის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა და იმის გააზრებამ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ჯეის უკანასკნელი გამოსვლა იანკის სტადიონის სცენაზე, ბილეთების მსურველების არნახული მასშტაბები გამოიწვია. სტადიონის გარეთ ქაოსი დაიწყო: უბილეთო ფანები ჭიშკრებს ეცნენ, რის გამოც დაცვა იძულებული გახდა, სტადიონის ყველა შესასვლელი ჩაეკეტა. შედეგად, ისეთი ვარსკვლავებიც კი, როგორებიც A$AP Rocky და Charlamagne Tha God არიან, საათობით გარეთ დარჩნენ.

ბლექსტოუნს ქუჩაში დაწყებული ქაოსის მასშტაბი მაშინვე არ გაუაზრებია, ხოლო გურუმ ხაზი გაუსვა ამ კრიტიკულ მომენტში Jay-Z-ის სიმშვიდეს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მან შოუ რამდენიმე საათით გადადო, რათა ყველას უსაფრთხოდ დაეკავებინა თავისი ადგილი.

„ჩვენ გამოვლილი გვაქვს City College-ის გამოცდილება,“ – ამბობს გურუ და იხსენებს 1991 წლის ტრაგიკულ ჭყლეტას ჰიპ-ჰოპის საქველმოქმედო კალათბურთის მატჩზე. „ასე რომ, ჯეისთვის იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტი იყო.“

ფანები სტადიონზე ბოლოს და ბოლოს შეუშვეს, როდესაც ჭიშკრები საღამოს 11 საათის შემდეგ ხელახლა გაიღო. ჯეი სცენაზე დაახლოებით ღამის 12:20 საათზე გამოვიდა. მან ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის და ერთგულ გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ წინ განსაკუთრებული შოუ ელოდათ. მოთმინებამ გაამართლა მათთვის, ვინც მრავალსაათიან დაგვიანებას გაუძლო – არტისტმა დაუვიწყარი შოუ დადგა. კონცერტი 2:45 საათზე დასრულდა.

ჯეი ოსტატურად ანაცვლებდა ცნობილ ჰიტებსა და ნაკლებად ცნობილ, თუმცა ძლიერ კომპოზიციებს. საღამოს სტუმრების სია შთამბეჭდავი იყო: ბიონსე, რიანა, აშერი, Jeezy, Clipse, ფარელ უილიამსი, Slick Rick, The-Dream, თეიანა ტეილორი, Fat Joe და Jadakiss.

„იმედია, ეს შოუ ყველას დაანახებს, რომ არსებობს დროებითი პოპულარობა, მაგრამ ასევე არსებობს მემკვიდრეობა, რომელიც ამ დროებით წარმატებაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს,“ – ასე შეაფასა გურუმ ამ პროექტის მნიშვნელობა.

2017 წელს The New York Times-თან ინტერვიუში Jay-z-იმ ახსენა ის მდგომარეობა, რომელშიც რეპერები კარიერის პიკში შედიან, თუმცა ამ მწვერვალზე დიდხანს დარჩენას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მაშინ მან იხუმრა კიდეც, რომ სურდა მწვერვალზე ყოფნის დრო  მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. თუ იანკის სტადიონის ამ შთამბეჭდავი შოუებით ვიმსჯელებთ, Jay-Z  სცენიდან წასვლას, როგორც ჩანს, საერთოდაც არ აპირებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai გლობალურ ჩარტებს იპყრობს

შემდეგი სტატია

მარშალ მეთერსის ფონდის მხარდასაჭერად ემინემი საკუთარი კოლექციიდან იშვიათ, ავტოგრაფიან Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელებს აუქციონზე ყიდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი