ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტი 29 ივლისს დუბლინში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
Getty Images
Getty Images

ირლანდიელი მუსიკოსი და 2007 წლის ფილმ Once-ის ვარსკვლავი გლენ ჰანსარდი, რომელმაც სიმღერა Falling Slowly-სთვის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა, 29 ივლისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, გლენ ჰანსარდი მშობლიურ ქალაქ დუბლინში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით პოლიცია მოწმეებს მიმართავს და დამატებით ინფორმაციას ითხოვს.

გლენ ჰანსარდის წარმომადგენელმა კომპანიამ, ATC Management-მა BBC-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:

„დამწუხრებული გულით ვაცხადებთ, რომ გლენ ჰანსარდი დღეს დილით დუბლინში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. გლენის ოჯახი ამ ტრაგიკული ამბის გამო უდიდეს მწუხარებაშია. ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში ოჯახი საზოგადოებისგან პირადი სივრცისა და მათი სურვილების პატივისცემას მოითხოვს. ოჯახი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებულ მადლობას უხდის შემთხვევის ადგილზე მისულ საგანგებო დახმარების სამსახურს.“

გლენ ჰანსარდი ცნობილი იყო, როგორც ირლანდიური როკჯგუფის, The Frames-ისა და ფოლკ-დუეტ Swell Season-ის წევრი.

2007 წელს მან ჩეხ მომღერალ მარკეტა ირგლოვასთან ერთად დაბალბიუჯეტიან მუსიკალურ დრამა Once-ში ითამაშა. კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯონ კარნი იყო, დუბლინში მცხოვრები ორი მუსიკოსის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

ჰანსარდი და ირგლოვა ფოლკ ჯგუფ Swell Season-ის სახელით გამოდიოდნენ. მათ ერთად შექმნეს და შეასრულეს ფილმის ყველა საავტორო მუსიკა, მათივე გამორჩეული დუეტი, Falling Slowly, მე-80 ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციით დაჯილდოვდა. მოგვიანებით ფილმის ბროდვეის ადაპტაციამ რვა ტონი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მიუზიკლის კატეგორიაში.

დუბლინში დაბადებულმა და გაზრდილმა გლენ ჰანსარდმა სკოლა 13 წლის ასაკში დატოვა და ქუჩის მუსიკოსი გახდა. 1990 წელს მან დააარსა ჯგუფი The Frames, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გიტარისტ აუტსპენ ფოსტერის როლით BAFTA-ს მფლობელ მუსიკალურ ფილმში The Commitments. 

1991-2006 წლებში The Frames-თან ერთად მან შვიდი სტუდიური ალბომი გამოსცა, თუმცა 2007 წელს Once-ში შესრულებულმა როლმა კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა.

როგორც სოლო არტისტი, გლენ ჰანსარდი 2011 წელს ედი ვედერთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, ხოლო 2012 წელს Anti Records-ის ლეიბლზე თავისი პირველი სოლო სტუდიური ალბომი Rhythm and Repose გამოაქვეყნა.

მისმა მომდევნო ალბომმა  Didn’t He Ramble (2015) საუკეთესო ფოლკალბომის კატეგორიაში რემის ნომინაცია მოიპოვა. მოგვიანებით კი მუსიკოსმა კიდევ სამი სოლო ალბომი გამოსცა: Between Two Shores (2018), This Wild Willing (2019) და All That Was East Is West of Me Now (2023). 2025 წელს კი მარკეტა ირგლოვასთან ერთად Swell Season-ის ახალი ალბომი Forward გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ Once-ის შემდეგ სრულმეტრაჟიან ფილმებში მთავარი როლი აღარ შეუსრულებია, ჰანსარდმა კინო და სატელევიზიო პროექტებზე მუშაობა განაგრძო. 2007 წელს მან ბობ დილანის სიმღერის You Ain’t Goin’ Nowhere ქავერ-ვერსია ჩაწერა ტოდ ჰეინსის ფილმისთვის I’m Not There. 2008 წელს The Simpsons-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ირლანდიელი ქუჩის მუსიკოსი გაახმოვანა, 2011 წელს  კი მარკეტა ირგლოვასთან ერთად Swell Season-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მოგვიანებით  საკუთარი პერსონაჟი განასახიერა სერიალ Parenthood-ის (2012) ეპიზოდში, არტისტი ასევე გამოჩნდა The Last Man on Earth-ის (2016) ეპიზოდში,  ხოლო 2021 წელს მონაწილეობა მიიღო შონ პენის ფილმის, Flag Day-ს საუნდტრეკის შექმნაში.

გლენ ჰანსარდს დარჩა მეუღლე, პოეტი მაირე საარიცა და სამი წლის ვაჟი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი