სალომე ჟორდანია კლასიკური მუსიკის შემსრულებელ ქართველ მუსიკოსთა იმ ახალ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით მიაღწია წარმატებას. ახლახან პიანისტმა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Passage: A Spiritual Odyssey ჩაწერა, რომელიც ფრანგულ ლეიბლ La Dolce Volta-ზე 2026 წლის სექტემბერში გამოიცემა. ასევე საფრანგეთში გადაიღო მუსიკალური ვიდეოც, რომელიც სექტემბერში გამოვა.
სალომეს საერთაშორისო კარიერა ევროპის, აზიისა და ამერიკის ათობით ქვეყანაში გამართულ სოლო, კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს მოიცავს. ის რეგულარულად მონაწილეობს მასშტაბურ ფესტივალებში, მათ შორის არის: IKIF ნიუ-იორკში, Piano aux Jacobins ტულუზაში, L’esprit du Piano ბორდოში, ჟორჟ ციფრას ფესტივალი ვენაში, Chipping Campden დიდ ბრიტანეთში და ასე შემდეგ.
New York Concert Artists-ის კონკურსში გამარჯვებამ კი 2023 წელს ბერლინის ფილარმონიაში მისი წარმატებული სადებიუტო კონცერტი განაპირობა, რასაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა.

ფოტო: გიორგი ყოლბაია
სალომე 30-ზე მეტ საერთაშორისო ჯილდოს ფლობს. მათ შორის არის ხოსე იტურბის კონკურსის ბრინჯაოს მედალი, IKIF-ის ვერცხლის მედალი ნიუ-იორკში, საფრანგეთის Étoiles du Piano-ს ლაურეატის წოდება, ვენის ჟორჟ ციფრას პრესტიჟული ჯილდო და Classeek Ambassador-ის პროგრამის ფინალისტობა შვეიცარიაში. სალომე ჟორდანია დასახელებულია საქართველოს Forbes 30 Under 30-ის 2025 წლის „ხელოვნება და სტილის“ კატეგორიის ერთ-ერთ გამარჯვებულად.
სალომე ჟორდანია მუსიკოსების ოჯახში დაიბადა – მამა ცნობილი დირიჟორია, ხოლო ბაბუა ასევე აღიარებული დირიჟორი იყო. მართალია, კლასიკურ მუსიკას მის ოჯახში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, თუმცა მისი პროფესიული არჩევანი სრულიად ბუნებრივად და დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.
Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება:
„ბავშვობიდანვე ვესწრებოდი მამაჩემის საოპერო და სიმფონიურ კონცერტებს. ოთხი წლიდან აქტიურად ვმღეროდი, დავდიოდი ცეკვაზე, სამსახიობო სკოლაშიც, მოგვიანებით კი ფორტეპიანოზე შესვლაც თავად გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი მშობლები მყავს, მათ მუსიკაზე სიარული არასდროს დაუძალებიათ, რადგან კარგად ესმით, რამდენად დიდ შრომას მოითხოვს ეს სფერო. ჩემი მშობლების პრიორიტეტი ყოველთვის სრულფასოვანი განათლების უზრუნველყოფა იყო”.

ფოტო: გიორგი ყოლბაია
სალომე ჟორდანიამ განათლება მსოფლიოში აღიარებული სასწავლებლებში მიიღო – ის ფლობს ჯულიარდის სკოლის ბაკალავრის ხარისხს და იელის მუსიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს. იელის სასწავლებელი მან ჩარლზ მილერის პრიზითა და იელის კურსდამთავრებულთა პრიზით დაასრულა.
შვიდი წლიდან სცენაზე დგომამ სალომე ჟორდანიას პროფესიულ ზრდასა და მუსიკოსად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
„ძალიან გამიმართლა, რომ განათლება თბილისში, ჩემს არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ნატალია ნაცვლიშვილთან მივიღე. სწორედ მისი დამსახურებაა, როგორ შემსრულებლადაც ჩამოვყალიბდი და რატომაც მიყვარს ასე ძალიან სცენაზე გასვლა. სტრესი და პასუხისმგებლობა უფრო მოგვიანებით მოდის ცხოვრებაში და შემდეგ უკვე შენს მენტალურ და ფიზიკურ გამძლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაუმკლავდები მას. ჩემთვის ამ სტრესს ყოველთვის ჩრდილავს ის დადებითი ემოციები, რომლებსაც მსმენელთან ურთიერთობისას ვიღებ,” – ამბობს სალომე.
სადებიუტო ალბომის გამოცემა სალომე ჟორდანიასთვის შემოქმედებითი კარიერის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია. პიანისტი მსმენელს ლისტის, სკრიაბინისა და საარიაჰოს მუსიკით შინაგანი მოგზაურობისკენ მიუძღვება. ალბომის კონცეფცია აერთიანებს ადამიანის სულიერი ტრანსფორმაციის ეტაპებს, რასაც საბოლოოდ ინდივიდი ღრმა გააზრებამდე მიჰყავს. ალბომის სათაურის შთაგონება სტენლი კუბრიკის A Space Odyssey გახდა. როგორც სალომე აღნიშნავს, ამ ფილმის მთავარი თემატიკა – ადამიანი ხელოვნური ინტელექტის პირისპირ – დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.
ალბომზე მუშაობა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. პროგრამა ისეა აგებული, რომ მუსიკოსისგან სრულ მობილიზებასა და შეუსვენებელ ემოციურ ჩართულობას მოითხოვს.
Passage-ის საძირკველს ლისტის სი მინორის საფორტეპიანო სონატა წარმოადგენს – თითქმის 30-წუთიანი კომპოზიცია, რომელზეც სალომე ჟორდანია რამდენიმე წელი მუშაობდა. სწორედ ამ ნაწარმოების გარშემო იკვრება მთელი კონცეფცია. დრამატურგიას კიდევ უფრო ამძაფრებს სკრიაბინის №9 სონატა (შავი მესა) რომელსაც მსმენელი საპირისპირო უკიდურესობაში, ყოველგვარი დადებითი ემოციისგან დაცლილ სივრცეში გადაჰყავს.
სალომეს თავიდან მეტად მხიარული ალბომის ჩაწერა სურდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ჟღერადობამდე მივიდა. პიანისტი აღნიშნავს, რომ სადებიუტო ალბომის კონცეფციაზე მუშაობისას, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეის მთლიანობა იყო.
„როდესაც ლეიბლს შევთავაზე ორი ალბომის იდეა, ორივე მოიწონეს და მომცეს სრული თავისუფლება, ამერჩია, რომელს ჩავწერდი პირველად. სადებიუტო ალბომად ავარჩიე ის პროგრამა, რომელთან დაკავშირებითაც ყველა დეტალს, ვიზუალსაც კი, სრულყოფილად ვხედავდი.“

ფოტო: გიორგი ყოლბაია
სტუდიური ალბომის ჩაწერასა და ცოცხალ კონცერტებს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრისას, სალომე ჟორდანია ყურადღებას იმ უნიკალურ დეტალებზე ამახვილებს, რაც ორივე ფორმატს ახლავს თან:
„ცოცხალი შესრულება განუმეორებელი და არაპროგნოზირებადია, რადგან ხშირ შემთხვევაში განწყობაზე, აკუსტიკაზე, ინსტრუმენტსა და აუდიტორიის ჩართულობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად მომზადებისა, ბევრი რამ უშუალოდ იმ წუთას წყდება. ამას ემატება ადრენალინიც და ენერგიის გაცვლა მსმენელთან, რაც უდიდესი მისტიკაა. რაც შეეხება ალბომის ჩაწერას, ამ დროს გიწევს აარჩიო ერთი კონკრეტული ინტერპრეტაცია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩანაწერში. გარდა ამისა, საჭიროა, რომ უმაღლეს დონეზე, მთელი დღის განმავლობაში არაერთხელ შეასრულო ურთულესი ნაწარმოებები, რომლებიც მენტალურად და ფიზიკურად უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს – განსაკუთრებით ლისტის სონატა, რომელიც გაუჩერებლად 29 წუთს გრძელდება. ამიტომ ძალიან ჭკვიანურად უნდა გათვალო ენერგია, გაუფრთხილდე ხელს და ემოციებს, რათა ჩანაწერშიც ზუსტად ისეთი განწყობა შექმნა, როგორიც კონცერტზე გაქვს.
კარგად რომ ავხსნა, ამ პროცესს თეატრს და კინოს შევადარებდი. როდესაც კონცერტზე ვუკრავ – ისევე, როგორც მსახიობი თეატრის სცენაზე ასრულებს – ვითვალისწინებ დარბაზის სიდიდეს. ჩემი მიზანია, ბგერა და ემოციები თანაბრად მივაწვდინო როგორც პირველ, ისე ბოლო რიგში მჯდომ მსმენელს. შესაბამისად, შესრულების მანერა და განწყობაც მათკენ არის მიმართული. რაც შეეხება ჩანაწერს, როგორც კინოში, აქაც გვაქვს ფუფუნება, რამდენიმე დუბლი ჩავწეროთ. გარდა ამისა, როგორც კამერა აფიქსირებს თითოეულ მიმიკასა თუ ემოციას, მიკროფონიც ზუსტად იმავე როლს ასრულებს – მას, თითქოს, ვერ დაემალები. გარკვეულწილად, ბევრად უფრო მოწყვლადი და გულახდილიც ხდები, როდესაც ინსტრუმენტთან, მიკროფონის პირისპირ ასრულებ,” – განმარტავს სალომე ჟორდანია.

ფოტო: გიორგი ყოლბაია
ალბომის ყველა დეტალს – მათ შორის ვიზუალურ მხარეს ნამუშევრის მუსიკალურ იდეასთან დიდი კავშირი აქვს. სალომე ჟორდანია აღნიშნავს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ვიზუალსაც იგივე სიღრმე და მისტიციზმი გამოეხატა, რაც თავად ნაწარმოებებშია:
„ამ თემაზე დიდხანს ვფიქრობდი. ალბომში არჩეული ნაწარმოებების შინაარსი საკმაოდ მისტიკური, იდუმალი, ტრანსცენდენტული და არაამქვეყნიურია, შესაბამისად, მისი ყდაც ამ განწყობის შესაბამისი მინდოდა ყოფილიყო. ძალიან გამიმართლა, რომ ვიმუშავე ისეთ ნიჭიერ არტისტთან, როგორიც გიორგი ყოლბაიაა – მან ზუსტად გაიგო ჩემი ჩანაფიქრი და საოცარი შედეგი მივიღეთ.“
ნებისმიერი შემოქმედებითი ნამუშევრის საბოლოო ადრესატი ადამიანია – ინდივიდი, რომელიც მასთან შეხებისას გარკვეულ ემოციურ რეფლექსიას განიცდის. სწორედ მსმენელისა თუ მაყურებლის შინაგანი აღქმა აცოცხლებს ხელოვნებას და სძენს მას საბოლოო აზრს. სალომე ჟორდანიასთვისაც მთავარი სწორედ ეს პროცესია – როცა მუსიკა ადამიანის სულიერი სამყაროს შეცნობისა და ყოველდღიურობიდან დროებითი დისტანცირების საშუალებად იქცევა:
„იმედი მაქვს, ამ ალბომით მსმენელი ჩემთან ერთად დროებით მოწყდება ყოველდღიურ რეალობას და სულიერ სამყაროზე დაფიქრდება. ჩემი, როგორც არტისტის, მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს კლასიკური მუსიკით.”

როგორც უკვე აღინიშნა, ალბომის პროექტის ნაწილია მუსიკალური ვიდეოც, რომელიც საფრანგეთში, La Piscine-ის მუზეუმშია გადაღებული. ეს არის ადგილი, სადაც მანამდე მსგავსი პროექტი არასდროს გადაღებულა.
„ნაწარმოები, რომელიც კლიპისთვის შევარჩიეთ, არის „ჟენევის ზარები“. კლიპი ფრანგმა რეჟისორმა მარკ დე პიერფიუმ (Marc de Pierrefeu) და ოლივიე ლალანმა გადაიღეს. ფრაზა, რასაც რეჟისორი მარკ დე პიერფიუ გადაღების დროს ხშირად მიმეორებდა, იყო: ენდე პროცესს. გადაღების წინ კლიპის სცენარის მკაცრი გეგმა არ გვქონია, რაც, ერთი მხრივ, ღელვას იწვევს, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალთან მუშაობ, შეგიძლია მას ბოლომდე ენდო. სრული ალბომის მოსმენის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ ჩემს ინსპირაციებსა და ხედვაზე, ხოლო შემდგომ კრეატიული მხარე სრულიად მათ გადაიბარეს. არაერთი არაორდინალური ექსპერიმენტის შედეგად, ერთობლივად მივაგენით ვიზუალს, რომელიც ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოვიდა.“
ვიდეოკლიპის შექმნის პროცესზე, ვიზუალურ ენასა და კლასიკური მუსიკის ეკრანზე გადმოტანის სპეციფიკაზე საუბრისას, რეჟისორი მარკ დე პიერფიუ აღნიშნავს, რომ მთავარი ამოცანა მუსიკის პირველადი ბუნების შენარჩუნება და მისი ემოციური სიღრმის წარმოჩენა იყო.
„კლასიკური ნაწარმოებისთვის მუსიკალური ვიდეოს შექმნისას ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იმის გააზრებაა, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის მუსიკა უნდა იდგეს. შენ მას კი არ ეჯიბრები, არამედ ემსახურები. ჩვენ არ გვიცდია რთული ვიზუალური ეფექტებით ფონის შექმნა – ჩვენი მიზანი უბრალოდ ის იყო, რომ მაყურებელი ამ ნაწარმოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ სამყაროში შეგვეყვანა. რა თქმა უნდა, ინტერნეტის რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ადამიანების ყურადღების კონცენტრაციის უნარი ძალიან ხანმოკლეა. საჭიროა ისე შესთავაზო ვიზუალური სანახაობა, რომ საკმარისი იყოს მაყურებლის ინტერესის შესანარჩუნებლად. ამ ულამაზეს მუზეუმში გადაღებისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი გვქონდა. მთელი ვიდეო მხოლოდ ბუნებრივი განათებით არის გადაღებული. სალომე გადასაღებად საოცრად კარგი პერსონაჟია. ის წარმოუდგენლად ექსპრესიულია და კამერის წინ ძალიან ბუნებრივია, ამიტომ იდეალურად გაამართლა იმან, რომ ვიდეოს ცენტრალური ფიგურა სწორედ ის იყო. საბოლოოდ, არც პოპმუსიკის სტანდარტების გადმოღება გვიცდია და არც ეფექტური ვიზუალური ხერხებით აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა შეგვექმნა ყველაზე შესაფერისი გარემო, რათა ამ მუსიკას თავისთავად, თავისი ენით ისაუბრა,” – ამბობს Billboard Georgia-სთან საუბრისას ვიდეოს რეჟისორი მარკ დე პიერფიუ.
სადებიუტო ალბომზე მუშაობის დასრულება მუსიკოსისთვის ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა, ამჯერად კი მისი მთავარი პრიორიტეტი ნამუშევრის მსმენელამდე მიტანაა:
„ალბომის შექმნა მხოლოდ აუდიოჩაწერით არ სრულდება. ამის შემდეგ იწყება მუშაობა უამრავ დეტალზე – ვიზუალზე, მარკეტინგზე, პიარსა და საპრეზენტაციო კონცერტების დაგეგმვაზე. ამდენ კრეატიულ ადამიანთან თანამშრომლობამ შემდგომი პროექტებისთვის უამრავი იდეა გამიჩინა. თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანია, ქართველ და უცხოელ მსმენელს ეს ალბომი გავუზიარო. წინ არაერთი კონცერტი მაქვს დაგეგმილი როგორც თბილისში, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგები ახალ პროექტებზე მუშაობას.” – სალომე ჟორდანია.