კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
შაკირა 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის Halftime Show-ზე
KEVIN KANE/GETTY IMAGES FOR GLOBAL CITIZEN

შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სკოლებს აღდგენაში დაეხმაროს. ეს სიახლე მან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში მოულოდნელი სტუმრობისას გამოაცხადა. 

17 აგვისტოს კოლუმბიელი ვარსკვლავი კიბდოს ესტუმრა, ჩოკოს რეგიონის დედაქალაქს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 200-მდე სკოლა დაზიანდა 10 აგვისტოს მომხდარი  7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომღერალმა დაათვალიერა დაზიანებული საკლასო ოთახები, შეხვდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ჩოკოს გუბერნატორსა და კიბდოს მერს, რათა რეგიონის საჭიროებების შესახებ მოესმინა. 

1.25 მილიონი დოლარის შემოწირულობა რამდენიმე პარტნიორს აერთიანებს: 500 000 თავად შაკირასა და Live Nation-ისგან, 500 000 FIFA Global Citizen Education Fund-ისგან, ხოლო 250 000 CAF-ისგან. თანხა, რომელიც შაკირას საქველმოქმედო ფონდის Fundación Pies Descalzos მეშვეობით გამოიყოფა, პირდაპირ სკოლების აღდგენასა და ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნებას მოხმარდება. 

ქველმოქმედმა ჰოვარდ ბაფეტმა, რომელიც შაკირას ვიზიტისას თან ახლდა და მასთან ერთად კოლუმბიაში საგანმანათლებლო პროექტებზე მანამდეც უმუშავია, დააანონსა, რომ მისი ფონდი ცალკე დააფინანსებს ჩოკოში დამატებით ათი სკოლის აღდგენას. „როცა ის მირეკავს, მე მოვდივარ,” – თქვა ბაფეტმა შაკირაზე.

თავად მომღერალმა ეს ინიციატივა რეგიონის ბავშვებისთვის გრძელვადიანი შედეგების პერსპექტივაში განიხილა. 

„ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ის არის, რომ შესაძლოა, ამ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ სკოლები აღარ აღდგეს,” – უთხრა მან ჟურნალისტებს. „ყოველი დღე კი, როცა ბავშვები სკოლაში არ მიდიან, არის დღე, რომელსაც ისინი საკუთარი მომავლიდან კარგავენ.”

შაკირას ფონდი ჩოკოში უკვე ორ ათწლეულზე მეტია, მუშაობს და რეგიონში ორ სკოლას მართავს. 

„ეს არის ადგილი, რომელიც ძალიან მიყვარს; ადგილი, სადაც მინახავს, თუ როგორ იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები საკლასო ოთახებში და ძალიან მინდა, რომ ის აღდგეს.” მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ ის აპირებს, ადგილობრივი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აღდგენაშიც მიიღოს მონაწილეობა. 

ჩოკო კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და იზოლირებული რეგიონია. აქ დასახლებებს ერთმანეთთან უმეტესად მდინარეები და გაუკვალავი გზები აკავშირებს, რაც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას კიდევ უფრო ართულებს. შაკირას დაპირება ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომლებიც ლათინური წარმოშობის არტისტებმა კატასტროფის შემდეგ წამოიწყეს. გასულ უქმეებზე მარკ ენთონი და ჩაიენი ათობით არტისტს შეუერთდნენ მაიამიში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომლის მიზანიც კოლუმბიასა და ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება იყო. 

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლათინური წარმოშობის არტისტი შაკირა, დიდი ხანია, საკუთარ სამშობლოში ქველმოქმედებას ეწევა. 1997 წელს მან საქველმოქმედო ფონდი Fundación Pies Descalzos დააარსა, რათა კოლუმბიელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაეფართოებინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

YE-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომლის რეჟისორი ბიანკა სენსორია

შემდეგი სტატია

ფესტივალი „ღამის სერენადები” იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი